“ულუკმაპუროდ დარჩენილი მოსახლეობის 80%-ს საარსებო მარაგი და დანაზოგი ამოეწურა“ - ძაბირაძე
ელზა პაპოშვილი
23.04.2020

საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებამ და ჯერჯერობით არ მოხსნილმა შეზღუდვებმა, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში პროტესტი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.  მარნეულის ხუთი სოფლის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და ხელისუფლებისგან პასუხი მოითხოვა, თუ როგორ უნდა მოახერხონ მოყვანილი ბოსტნეულის რეალიზაცია, როდესაც დახურულია ბაზრები და ტრანსპორტით გადაადგილება კვლავ აკრძალულია. 

მსგავსი პრობლემები კახეთში ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბლის მოსახლეობასაც აწუხებს. ადგილობრივებს სათბურები აქვთ და მოკრეფილი ბოსტნეული ულპებათ. ისინიც დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. 

ყოფითი პრობლემების გასაპროტესტებლად ასევე,  სოფელ აღაიანში გამოვიდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტრანსპორტის  გადაადგილების აკრძალვის შემდეგ, ისინი ვერც პენსიას და ვერც სოციალურ დახმარებას ვერ იღებენ. შესაბამისად, ელემენტარული საკვების შეძენსი სახსრები არ გააჩნიათ. 

თბილისში კი „გირჩის“ წევრებთან ერთად, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 40-მდე ადამიანი იპოდრომზე აპროტესტებდა. მოძრაობის წევრები იაგო ხვიჩია და ზურაბ ჯაფარიძე აქციის მონაწილეებთან ერთად პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო დააკავა. 

„რეზონანსმა“ დაკავებამდე იაგო ხვიჩიას ჩაწერა მოასწრო, სადაც ის ამბობს, რომ ცოტა ხანში ქვეყანაში საპროტესტო მუხტი გაიზრდება და შიმშილისთვის განწირული მოსახლეობა აღარ გაჩუმდება. დაკავებული აქციის მონაწილეები ჯარიმის გამოწერის შემდეგ გაათავისუფლეს.        

მედიაში ადგილობრივების პრობლემების გაშუქების შემდეგ კი ხელისუფლებამ მარნეულში ადგილობრივების პროდუქტების ჩაბარება დაიწყო. თუმცა, მარნეულის მერის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, პროდუქციის  ჩაბარება სოციალური დისტანცირების და რეკომენდაციების დარღვევით მიდის, ამიტომ, კორონავირუსის გავრცელების  რისკი კიდევ უფრო იზრდება და კიტრი „უკან დარჩებათ“. თუმცა, ფაქტია, რომ შესაძლოა შიმშილის შიშმა საქართველოს  მოსახლეობაში უფრო სძლიოს, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების საფრთხემ.  

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით კი, მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ ფერმერების მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ეს ეტაპობრივად მოხდება.

"ჩვენთვის უპირველესია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაცვა. ასევე ეკონომიკური ინტერესები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში გვიწევს გარკვეული კომპრომისი ეკონომიკასთან მიმართებაში," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. 

„27 აპრილიდან ეტაპობრივად მოხდება გარკვეული მობილობის გაზრდა, ამაზე ხვალ პრემიერს პრეზენტაცია ექნება. რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები დაკავშირებულია მობილობასთან, რომელიც ნელ-ნელა გაიხსნება. 27 აპრილიდან მეტი საშუალება იქნება გადაადგილებების. რეალიზაციის პრობლემები კიდევ უფრო მეტად მოგვარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებს ჰქონდეთ სარეალიზაციო არხები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელზეც ადრეც გვქონდა საუბარი“,-ამბობს მინისტრი. 

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ცოტა ხანში ბევრი ადამიანი მიხვდება, რომ ის პრევენციული ღონისძიება, რასაც სახლში გამოკეტვა ჰქვია, კორონავირუსის გავრცელებაზე მეტ ზიანს გვაყენებს. ხვიჩია ამბობს, რომ შიმშილთან ერთად ჩვენს მოსახლეობას ის შეურაცხყოფა აღიზიანებს, რომელიც შერჩევითი საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ხდება. „გირჩის“ წევრი ამბობს, რომ პროტესტი იქნება და თანადათან მოსახლეობა მიხვდება, რომ ფუჭი პანიკის ტყვეები ვართ. 

„შიმშილი მყარი გარანტია იმისა, რომ პროტესტი იქნება. თუმცა, სხვა ბევრი ფაქტორებია იმისთვის, რომ მოსახლეობას უკვე საპროტესტო მუხტი გაუჩნდეს. შერჩევითობასთან ერთად ასევე, უაზრო შეზღუდვები გვაქვს, რომელიც არაფერს არ ემსახურება.  

“მაგალითად, ავტომობილებით გადაადგილება რატომ არ შეიძლება, კორონა ავტომობილებს დაჰყვება? სამ კაცზე მეტის ჩაჯდომა მაინც აკრძალული იყო. რატომ გვაქვს კომენდატის საათი? 90-იანებში ვცხოვრობთ?  კორონა ავტომატით დაგვდევს თუ რა ხდება? თუ კორონა კომენდატის საათის დროს გადაადგილდება? ესაა კითხვები, რომელიც მოსახლეობას უკვე უჩნდება და ასე ყურმოჭრილი მონებივით ვეღარ იქნებიან“, - ამბობს ხვიჩია „რეზონანსთან“.   

მისივე თქმით, ექიმების ნაწილი, რომელიც პანდემიას სათავეში უდგანან და ტელევიზიით თვალს ვადევნებთ, მათ გარდა არიან სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც დასკვნებს სამედიცინო განათლებიდან და პრაქტიკიდან კი არა გამოთქვამენ, არამედ საკუთარ მოსაზრებებს ხელისუფლებას თავზე ახვევენ. ზაფრავენ ადამიანებს დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციით, რომელიც ჯერ ვერ გამართლდა. რაღაცას  წინასწარმეტყველებენ და ჯერ ვერცერთი პროგნოზი ვერ გარტყეს. 

ესაა რეალობა და ამის შედეგებს ვიმკით. მისი აზრით,  ექიმებმა მკითხაობით გამოწერეს რეცეპტი, რომელიც სახლში მოსახლეობის ჩაკეტვას გულისხმობს. ხოლო ამ ყველაფერს რომ ადამიანების დიდ ნაწილის შიმშილი მოჰყვება, არავინ არ ფიქრობს. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მოსახლეობა ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ შიმშილი უფრო დიდი საფრთხეა მათთვის, ვიდრე  კორონავირუსი.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ როდესაც ერთი თვის წინ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა, მაშინ მოსახლეობა გრძნობდა იმ საფრთხეს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში ქვეყანას ემუქრებოდა. ამიტომაც ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ. 

თუმცა, ერთი თვის შემდეგ ზომების თანდათან გამკაცრებამ, ასევე დანაზოგის და ყველანაირი სახსრების ამოწურვამ, მოსახლეობაში უკვე პროტესტის ტალღა წარმოქმნა. ადრე თუ ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას უპირობოდ იღებდნენ, ახლა დამატებით კითხვები გაუჩნდათ, რომელზეც ხელისუფლება პასუხს ვერ სცემს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ განსაკუთრებული გაღიზიანება კი აღდგომისთვის კონკრეტული რელიგიური ჯგუფისთვის პრივილეგიების მინიჭებამ გამოიწვია. 

„მოსახლეობა თავდაპირველად ამ საგანებო მდგომარეობას მისი ცხოვრების მიღმა ხედავდა, თუმცა როდესაც აკრძალვები გამკაცრდა და ეს უკვე ყველას შეეხო, პროტესტი გაიზარდა. 

“ასევე, ჩამოუყალიბებელმა პოზიციამ საპატრიარქოსთან და შერჩევითმა საგანგებო მდგომარეობამ, საზოგადოება კიდევ უფრო გააღიზიანა. მოხდა ბაზრების დაკეტვა და პროდუქტების გაძვირება. გაუგაბარია,  თუ კი პროდუქტის მაღაზიის რიგში დგომა შეიძლება, მაგალითად სხვა სამრეწველო ნივთების გაყიდვა რატომ არ შეიძლება. ტრანსპორტით გადაადგილების სრულიად გაუგებარი აკრძალვა, რამაც მოსახლეობას დამატებით პრობლემები გაუჩინა. 

“ასევე, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ულუკმაპუროდ დარჩენილი მოსახლეობის 80%, რომელსაც უკვე ყველანაირი საარსებო მარაგი და დანაზოგი ამოეწურა“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×