ელზა პაპოშვილი
23.04.2020

მას შემდეგ რაც მარნეულის  5 სოფლის მცხოვრებლები 22 აპრილს ქუჩაში გამოვიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, ხელისუფლებამ კონკრეტულ სადისტრიბუციო კომპანიას უფლება მისცა, რომ რაიონში შესულიყო და ადგილობრივებისგან ბოსტნეული ჩაებარებინა. 

თუმცა, 23 აპრილს დილიდან მარნეულში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. სოფელ აღმამედლოში შეკრებილი მოსახლეობა სადისტრიბუციო მანქანებს დილიდან ელოდა, რათა მათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზება შეძლონ. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოქალაქეებს უსაფთხოების მიზნით პირბადეები დაურიგეს. გარდა ამისა, ადგილზე სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებული. 

ადგილობრივების უკმაყოფილება პროდუქტის ჩასაბარებელმა ფასმა გამოიწვია. ფერმერები აცხადებენ, რომ  მუნიციპალიტეტში შემოსული სადისტრიბუციო კომპანია მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. სხვა ალტერნატივის არქონის გამო კი, იძულებულები არიან საკუთარი პროდუქტი დაბალ ფასში გაყიდონ. 

მათ კიტრის ჩაბარება 80 თეთრად მოუწიათ. ხოლო მაღაზიებში მისი ფასი 7 და 8 ლარი იქნება. ამიტომაც, ჩაბარებულ პროდუქტიდან აღებული თანხით ბანკის ვალებსაც ვერ დაფარავენ. 

ადგილობრივი აჰმედ მამედოვი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მას ბანკის ვალები აქვს  და 80 თეთრად კიტრის ჩაბარება მიუღებელი თანხაა, თუმცა სხვა ალტერნატივის არქონის გამო, იძულებულია, რომ ამ ფასად ჩააბაროს. 

„გუშინ ქუჩაში რომ არ გამოვსულიყავით, ჩვენი პრობლემები არავისაც არ ადარდებდა. ასე გვილპებოდა ტონობით კიტრი და მწვანილი. სათბურები აქვს ხალხს და ზოგს დასაკრეფი ასე აქვს დარჩენილი. 

“მოიყვანეს დისტრიბუტორები და 80 თეთრს გვთავაზობენ კილოში. ეს ხომ წარმოუდგენელი ფასია? ახლა მოგება ამათ რამდენი ექნებათ. ასე ყველა ჩვენს კისერზე ფულის შოვნას როგორ ცდილობს? კიდევ გვაყვედრიან მადლობა მოიხადეთ, რომ არ დაგილპათო“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

მარნეულის მერის ზაურ დარგალი კი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობას პროდუქტი არ გაუფუჭდეს და რეალიზების საშუალება ჰქონდეთ. 

"10 სოფელში მივა სატვირთოები. სხვა სავაჭრო ქსელებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მოსავალი გაიტანონ მარნეულიდან. დღეს ადგილობრივი ხელისუფლება და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ერთობლივად, რომ მოსახლეობას დაეხმარონ პროდუქტის გადყიდვაში. 

“დიდი მაღზიები, რესტორნები, კაფეები, სასტუმროები დაკეტილია და მოსავალი იმოტმაა ბევრი. არ დავუშვებთ რომ გლეხის მოსავალი გაფუჭდეს. მოსახლეობაში უკვე სია გამზადდა და რიგითობის მიხედვით ჩააბარებენ მოსავალს,"- ამბობს მარნეულის მერი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ხმაური და დაპირისპირება ადგილზე მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის  თამაზ ნავერიანის ადგილზე გაამოჩენას მოჰყვა. ის მოსახლეობას შეხვდა და პრობლემის გარკვევას შეეცადა, რასაც მასსა და ერთ-ერთ ადგილობრივს შორის კამათი მოჰყვა. ამ ამის შესახებ  კომენტარი რადიო „მარნეულთან“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ადგილზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.

„ასეთია სიტუაციაა, ჩამოვიდა კომპანია “ ჯიბე“, მოვიდა ეს პროვოკატორი და რას აკეთებს ახლა აქ. ამაზე მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მოსახლეობა კომპანია „ჯიბე“-ს წარმომადგენლებს თავად ესაუბრება. არ ვიცი კიტრის ფასი რატომ გაიაფდა და ახლა რა ფასშია, აქ კომპანიის წარმომადგენლები არიან“,-განაცხადა ნავერიანმა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა კი  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში შეკრებილებს მიმართა, სადაც პროდუქციის ჩაბარებისას მოსახლეობა სოციალური დისტანციას არ იცავდა.

„აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. მისი თქმით, ხვალიდან პროცესი უფრო ორგანიზებული იქნება, რადგან დაიწერება სია, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა პროდუქციას ჩააბარებს.

„უბრალოდ ვხედავთ აქ სხვა ძალიან ბევრ დარღვევას, რაც დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით და პრევენციასთან მიმართებით არის დაუშვებელი. უნდა გავწეროთ ჩვენ ამ ოჯახების სია, ვისაც ეცოდინებათ დღეს, ხვალ, ზეგ, რა რიგითობით იქნებიან, რომ აქ მთელმა სოფელმა არ იაროს და დისტანცირება არ დაგვრჩეს დაუცველი. ეს არის მთავარი გამოწვევა და მე მაქსიმუმს გავაკეთებ დღეიდან, რომ ეს პროცესები უფრო მეტად გამართული იყოს. დღეს რაც ხდება, იგივე რაც ხდებოდა გუშინ, არის ძალიან საგანგაშო, პროდუქცია კი გადის, მაგრამ ეპიდემიასთან ბრძოლის მიმართულებით ყველაფერი დარღვეულია“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კი აცხადებს, რომ ის, რაც ქვემო ქართლში მოხდა, პოლიტიკური ოპონენტების მიერ ქულების დაწერის მცდელობაა. 

"ბუნებრივია, რომ ეს მორიგი მცდარი ინფორმაციაა, რომლის გავრცელებასაც ოპონენტები ცდილობენ. სამწუხაროა, რომ მოვლენები, რომელიც გუშინ ქვემო ქართლში განვითარდა, ოპონენტებმა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენეს, თუმცა ეს მათ არ გაუვათ, რადგან მათი მცდელობა მინიმუმ არამორალურია და პოლიტიკურ ეთიკას სცილდება,"- განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×