თამარ შუკვანი
23.04.2020

იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდემიის თვალსაზრისით, გაცილებით რთული ვითარებაა, საგანგებო მდგომარეობა უფრო მცირე ვადით გაგრძელდა, ვიდრე საქართველოში, - ჩვენთან საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდა, რასაც მედიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმით ხსნიან, რომ ქვეყანა ისევ პიკურ ფაზაშია. თუმცა, გამოითქვა მოსაზრება, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკური კუთხით, დროს წელავს, რადგან საარჩევნო კოდექსში ცვლილებებია შესატანი, რაც ხელისუფლების ინტერესებში ნამდვილად არ ჯდება.

ფაქტია, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნას სულ მცირე რამდენიმე თვე, შეიძლება სრული წელიც კი დასჭირდეს. შესაბამისად, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები თანმიმდევრულად უნდა მოიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კოვიდ-19-ის ეპიდემიის „აფეთქებას" სოციალური და ეკონომიკური კატასტოფა მოყვება, რაც საქართველოში, ხელისუფლების იმიჯს და რეიტინგს, რაც მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით მოიპოვა, გაანადგურებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული აკრძალვები თანდათან უნდა მოიხსნას. საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს უკვე სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რაც საბოლოოდ იმავე საპროტესტო აქციებით გაგრძელდება, რასაც ადგილი ჰქონდა მარნეულში.

„როგორც ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები ამბობენ, იმ ქვეყნებში, სადაც გაცილებით მძიმე ვითარებაა ვირუსის თვალსაზრისით, პირველმა ეტაპმა გაიარა, კრიზისი გადალახეს და ახლა შეიძლება დაიწყოს სხვა პროცესი. მივაღწიეთ თუ არა პანდემიის განვითარების ეტაპს, ვერ გეტყვით.

"იმაში, რომ ერთი თვით გაგრძელდა საგანგეგო მდგომარეობა, დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა, პრობლემა ისაა, ხელისუფლება ხომ არ ცდილობს საგანგებო მდგომარეობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და განგებ ხომ არ აჭიანურებს პროცესს?

„კონსტიტუციაში ცვლილებებია შესატანი, რაც უფრო გვიან მიიღებს შესწორებებს, მით უკეთესია ხელისფულებისთვის, რადგან თავად ამ თემისთვის მოემზადება, ოპოზიცია დარჩება მოუმზადებელი. ბოლო მომენტამდე შეუძლია გაწელოს ეს პროცესი და ორი-სამი თვე რომ დარჩება, მხოლოდ მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებებს საარჩევნო კოდექსთან დაკავშრებით. ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიისთვის მხოლოდ ორი თვე დარჩება.

„ჩვენ პოსტპანდემიურ პროცესში შეილება მივიღოთ გაცილებით დიფერენცირებული ქართული საზოგადოება, ვიდრე პანდემიამდე იყო. სოციალური უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს მდიდრების სასარგებლოდ.

"შეიქმნება უმუშევრობის პრობლემა და ა.შ. შესაძლოა გახანგრძლივება სჭირდებოდეს, როგორც პოლიტიკური მიზნით, ისე იმისათვის, რომ მოხდეს ბიზნესის კიდევ ერთი გადანაწილება ქვეყანაში. შემოდის დამხარება 3 მილიარდ ნახევარი და არავინ იცის, როგორ განიკარგება, ან რამდენად სწორად განიკარგება. საგანგებო მდომარეობა ყველაფერს ამას გარკვეულწილად მაინც ანელებს, მალავს.

„პრობლემები არის სხვა მიმართულებითაც: ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლის დროს ღებულობს ისეთ ალოგიკურ შეზღუდვებს, როგორიც არის მანქანაში ცოლ-ქმარი გვერდი-გვერდ არ უნდა ისხდნენ და ოჯახის წევრებმაც უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მიღწეულ წარმატებებს და მოსახლეობაში მოპოვებულ მხარდაჭერას, არაგონივრული შეზღუდვებით ფლანგავს.

„ამას დავუმატოთ ის პროცესი, რაც მარნეულში დაიწყო, რომელიც მაისის თვეში, კახეთში აუცილებლად გაგრძელდება. მოსავალს რეალიზება სჭირდება და ეს პრობლემა მთელ საქართველოს მოედება. ამისთვის კი ხელისუფლება მზად არ არის.

"მთავრობამ პირველი ეტაპი კარგად გაიარა, მაგრამ ძირითადი წინააღმდეგობა და პრობლემა ახლა ელოდება. ის ქვეყნებშიც კი, სადაც პანდემიის კუთხით, რთული ვითარებაა და ეკონომიკა ჩვენთან შეუდარებლად დიდია, უკვე ფიქრობენ იმაზე, რომ ნელ-ნელა პროცესი გახსნან. ასეთ ვითარებაში მანქანით გადაადგილების შეზღუდვით გაცილებით უარეს ვითარებას მივიღებთ.

„ხალხს სოციალური და ეკონომიკური რესურსები ეწურა. თუ ამას დაემატა ისიც, რომ ხელისუფლებამ ამ პრობლემების მოგვარება პოლიტიკური ნიშნით დაიწყო, კატასტროფას მივიღებთ. არავინ იცის ვაქცინა როდის შეიქმნება. თუნდაც, ეს რომ რამდენიმე თვე გაგრძელდეს, მხოლოდ ჩვენთან ვერ გაგრძელდება. როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც დაიწყება საპროტესტო მოძრაობა.

„ამიტომ, საჭიროა მოვემზადოთ და მოვერგოთ არსებულ ვითარებას. მუდმივად იქნება მორიგი აფეთქების შიში. უნდა დაიწყოს ნელ-ნელა ბიზნესის შემსუბუქება. კორონავირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება და არსებობა. სხვაგვარად შეუძლებელია. დიდხანს ეს ვერ გაგრძელდება, რადგან მოსახლეობას დანაზოგი აღარ აქვს," - აღნიშნა ძაბირაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×