
„პოროშენკომ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გადაწყვეტილება პიარის გამო მიიღო და დღესაც მგონია, რომ ესაც პიარია ზელენსკის მხრიდან,"-ამის შესახებ „რეზონანსთან" ნალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა.
ვახტანგ ძაბირაძე: ეს თემა განგებ აჟიტირებულია, რა მნიშვნელობა აქვს სააკაშვილი ვიცეპრემიერად იქნება თუ ოდესის გუბერნატორად, მაშინ რატომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება?! უკრაინასთან ურთიერთობის თუნდაც დაძაბვის საბაბი ჩემი აზრით ეს არაა, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი კაცის გააადგილებაზე თუ თანამდებობაზე დანიშვნით ასეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ.
უკრაინასთან ურთიერთობა ჯერ ერთი ეკონომიკურ ჭრილში განსასაზღვრია და მერე პოლიტიკური ჭრილიც აქვს, ჩვენ ხომ ევროპასთან ფაქტიურად ერთ კონტექსტში ვთანამშრომლობთ.
მე ადრეც ვთვლიდი, რომ პოროშენკომ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გადაწყვეტილება პიარის გამო მიიღო და დღესაც მგონია, რომ ესაც პიარია ზელენსკის მხრიდან.
რომც სერიოზული რეფორმები გაატაროს, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს? ამის გამო რატომ უნდა გავაფუჭოთ უკრაინასთან ურთიერთობა? მაგრამ მგონია,რომ აქაც პიარია, არჩევნების წელი გვაქვს და ხელისუფლების მხრიდან ოპოზიცია რაც უფრო „განაციონალდება", მით უფრო აწყობს ხელისუფლებას, ყოველ შემთხვევაში მას ასე ჰგონია.
„რეზონანსი": ოპოზიცია მბობს, რომ ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა დაგვიანა, რამდენად იზიარებთ ოპოზიციის მოსაზრებას?
ვ.ძ: გვესმის რომ სხვადასხვა ქვეყანამ კაი ხანია ანტიკრიზისული გეგმის, სოციალური უზრუნველყოფის და ა.შ. შესახებ გააკეთa განცხადებები, მაგრამ ეს იქ ქვეყნებია, რომელთა ეკონომიკური და ფინანსურ-ბიუჯეტური შესაძლებლობები ასჯერ და მეტად აღემატება საქართველოს ბიუჯეტს. ჩვენს ქვეყანაში როდესაც ასეთი ვითარებაა, არა მგონია,რომ ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა დააგვიანა.
ხელისუფლებას რაღაც რესურსი უნდა მოეძებნა, თუმცა გაუგებარია თუ დღეს ამ გეგმას აცხადებს, რატომ არ შეიძლებოდა ეს გამოეცხადებინა პარლამებტის პლენარულ სხდომაზე ორი დღის წინ, სადაც ამაში ოპოზიციაც ჩაერთვებოდა და ამისი განხილვა მიხდებოდა.
მას შემდეგ, რაც სიტყვიერი გარანტიები მიიღეს, რომ ქვეყანას სადღაც სამი მილიარდის ფარგლებში დახმარებას გაუწევენ, დღეს ხელისუფლებას უკვე შეუძლია უფრო თამამი და გაბედულიც იყოს და არ შეეშინდეს იმის თუ რა იქნება ქვეყანაში.
თუ ყველაფერი გაჩერებულია, ბიუჯეტი როგორ უნდა შეივსოს?! ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს კატასტროფაა, პირველი ინექცია რაც მოხდა კომუნალურების გადახდით რომ ხალხი დააკმაყოფილეს, ჩემი აზრით სწორი ნაბიჯი იყო და ამჯერად ანტიკრიზისული გეგმის წარდენა ყოველ შემთხვევაში უკვე აუცილებელი იყო იმიტომ რომ მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც გაჩერებულია უკვე ფინანსების საშინელ დეფიციტს განიცდის, ამას ემატება ის შეცდომები, რაც ხელისუფლებამ სხვა მიმართულებით დაუშვა.