
„უკვე მესამე თვეა ჩვენი ქვეყანა უმკლავდება კორონავირუსის ეპიდემიას. ეს გახლავთ გლობალური ეპიდემია, რომელმაც ასე მოულოდნელად, ერთ დღეში შეცვლავა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ეს არის გლობაური გამოწვევა, რომლის საპასუხოდაც საქართველოს მთავრობა ვეყრდნობით პირველ რიგში პროფესიონალების რჩევებს," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების გეგმა უნდა წარადგინონ.
„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით, ხვდება თითოეული მოქალაქე, მიუხედავად იმ დიდი დისკომფორტისა, რომელიც შეექმნა თითოეულ მოქალაქეს, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. შეუძლებელია, რადგან დღეს არ არსებობს არანაირი დასაბუთებული, მეცნიერულად, აკადემიურად, რეცეფტი, წამალი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, გარდა სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადეების ტარების, მობილობის შემცირების და ა.შ.
„ჩვენ ვართ და ვიყავით იძულებული მიგვეღო ბევრი ისეთი საკმაოდ დისკომფორტული ნაბიჯი, რომელიც ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ამიტომ, პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო და დავიწყო მადლობით იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც წინა ხაზზე არიან და იბრძვიან ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ასევე, მინდა ხაზგასმით მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სახლში და იცავენ იმ აუცილებელ პირობებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ამ ვირუსს.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე. ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ასევე ეკონომიკა და სოციალური უზრუნველყოფა ჩვენივე მოქალაქეების. ამიტომ, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც დღეს მთავრობა დგამს, პირველ რიგში გამოწვეულია ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის მოტივაციით და შემდგომ ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით.
„ამ ნაწილში ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, კერძო სექტორის წარმომადგენელს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომლებმაც ფინანსური დახმარება გაუწია სპეციალურ ფონდს, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდს, რომელშიც უკვე საკმაოდ სოლიდური თანხმა მოგროვდა. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ქართუ ფონდს იმ წვლილისთვის," - განაცხადა გახარიამ.