თამარ შუკვანი
24.04.2020

„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ სამსახური დაკარგა და შემოსავალი აღარ აქვს, სახელმწიფოს მხრიდან 1 200 ლარის ოდენობით მიიღებს დახმარებას 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს დახმარება 350 ათას მოქალაქეს შეეხება და ამისთვის სახელმწიფო 460 მლნ ლარს დახარჯავს.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას, დღეს იმ ფონდებით, რომელიც გაგვაჩნია, შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მლნ ლარის ხარჯს. ამ ღონსძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ,"- თქვა პრემიერ-მინისტრმა.

გახარიას განცხადებით, იგეგმება პენსიონერებისთვის პენსიის მომატება 20-25 ლარით:

„ისეთი გამოწვევები, როგორიცაა გლობალური პანდემია, შეუძლებელია გადალახული იყოს 1-2 თვეში, ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში, ამ გლობალური პანდემიის შედეგებს მოგვიწევს გავუმკლავდეთ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ თვალსაზრისით დღესვე გვეზრუნა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვეფიქრა და შეგვეთანხმებინა მათთან ჩვენს ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, ჩვენს პენსიონერებზე ზრუნვის გარკვეული მექანიზმები, რომლებიც იქნება გამყარებული საკანონმდებლო დონეზე.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამასთან ერთად, 70 წელს ზემოთ პენსიონერები, გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიების ზრდის შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს 25 ლარით.

„ეს არის ის მინიმუმი, რაც თითოეულ ჩვენს პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ჩვენ პენსიონერების საკმაოდ დიდი ჯგუფი გვყავს და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სოციალური მდგრადობის თვალსაზრისით. ამ შეღავათებით ისარგებლებს საქართველოს 410 000 პენსიონერი," - აღნიშნა გახარიამ.

ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს. როგორც გახარიამ აღნიშნა, ამ თანხაში არ იგულისხმება ეკონომიკის პოსტკრიზისული აღდგენა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო 600 ლარით დაეხმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ასევე ხელისუფლება 600 ლარით დაეხმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდეა და 3 და მეტი, 16 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ. ამასთან, მისივე თქმით, 6 თვით 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ასეთი 40 ათასი მოქალაქეა და ამ ღონისძიების მოცულობა 25 მილიონი ლარი იქნება.

გახარიამ მეწარმეთა დამხარების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მეწარმეების დახმარების მიზნით, ამოქმედდება დღგ-ს ავომატური დაბრუნების მექანიზმი. როგორც პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, გარდა ამისა, წელს ბიზნესი დამატებით 600 მილიონ ლარს მიიღებს. მისივე განცხადებით, ეს ეხება კრიზიულ პერიოდს, არის კრიზისში მეწარმეების დახმარების გეგმა და ეს არ წარმოადგენს ეკონომიკის აღდგენის პოსტკრიზიული გეგმას.

გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში კომპანიებისთვის, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ, სუბსიდირება განხორციელდება.

ამასთან, 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება. შეზღუდვები მოეხსნება ყველა კომპანიას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროტოკოლს აკმაყოფილებს.

მეორე ეტაპი, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყება და ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

შემდეგ გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

შემდეგ ეტაპზე გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

ამათან გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი /კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.

ბოლოს, გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×