
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისეთი გამოწვევა, როგორიც გლობალური პანდემიაა, შეუძლებელია გადალახული იყოს 1-2 თვეში, ერთ ან ორ წელიწადში. გიორგი გახარია თვლის, რომ მოგვიწევს ამ გლობალური პანდემიის შედეგებს წლების განმავლობაში გავუმკლავდეთ. როგორი იქნება მომავალი და რა შეზღუდვები გაგრძელდება წლების განმავლობაში, - ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" ექიმ-ინფექციონისტრ ვატო სურგულაძეს ესაუბრა.
მისი თქმით, გატარებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, თუმცა, რამდენიმე აკრძალვა შესაძლოა 2-3 თვე ისევ გაგრძელდეს, როგორიცაა სამედიცინო პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და სხვ. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩვეულ ცხოვრებას სექტემბრიდან უკვე დაუბრუნდება და პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ ეკონომიკურ დანაკარგებს გულისხმობს.
„გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს სოციალური დისტანცირება, შეზღუდვები ზოგიერთ ბიზნესზე, როდის რა გაიხსნება. ასევე შემოღებული იქნა ახალი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები; ჯანდაცვის სისტემა შეიცვლება, იმედია შეცვლიან, არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიო შეცვლის დამოკიდებულებას ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიური სისტემების მიმართ.
„შესაძლოა თვითონ ღირებულებები შეიცვალოს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ალბათ გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგებს, რომელიც ქვეყანამ მიიღო. ასევე ბიზნესის თავიდან აღორძინება. პრობლემაა ტურიზმთან დაკავშირებით, ქვეყნის შემოსავლის 20% სწორედ ტურიზმზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შევძლებთ აღდგენას.
„საკმაოდ დიდი სამუშაო მოუწევთ, მაგრამ რომ ვთქვა, საკომენდანტო საათი იქნება დიდხანს ასე არაა, იმედია მოხსნიან და აღარ იქნება საკომენდანტო საათი და საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ. გეგმა კარგია, მაგრამ არის ძალიან გაწელილი, რამაც შეიძლება მისცეს საშუალება, რომ გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა.
„რაღაც შეზღუდვები გვექნება სამი თვის განმავლობაში. შეიძლება უნივერსიტეტებმა და სკოლებმა არ დაიწყონ მუშაობა. კინოთეატრები და სპორტული ღონისძიებები იქნას აკრძალული, სადაც შესაძლოა ბევრი ხალხი ერთად შეგროვდეს და დისტანცია არ იყოს დაცული, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს 2-3 თვე. მაქსიმუმ სექტემბრიდან ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმს უნდა დავუბრუნდეთ, თუმცა, მუდმივად იქნება შემოწმებები, ეპიდემიოლოგიური სისტემა მუდმივად იქნება მზადყოფნაში, რამდენად მოყვება ამას მეორე ტალღა, ჯერჯერობით არ ვიცით.
„დიდად ვაქცინის იმედიც არ უნდა გვქონდეს, იანვრისთვის თუ იქნება გამოგინებული, მერე მისი გამოშვება, შეძენა და ა.შ. ეს დროში საკმაოდ გაწელილია," - აღნიშნა სურგულაძემ.