
„ამ ეტაპზე ეს ანტიკრიზისული გეგმა, ვფიქრობ, იმის მაქსიმუმია, რაც ხელისუფლებას შეეძლო იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც რეალურად მათ გააჩნიათ,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ კორონავირუსთნ დაკავშირებით ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას.
24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების ეკონომიკური გეგმა გააცნო. გახარიას თქმით, ჯამში, მთავრობა ამ მიმართულებით 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს, ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიან გეგმას.
ანტიკრიზისულ გეგმამ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია, რაზედაც ანჯაფარიძე ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პაექრობის ტოლფასია, რაშიც გასაკვირი არაფერია.
„გასაგებია, რომ ოპოზიცია ამას დადებითად არც შეაფასებდა, როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიცია "ქართული ოცნების" ანტიკრიზისულ გეგმას მოიწონებდა? რა თქმა უნდა ეს კრიტიკული იქნებოდა და ამაში მე მგონი გასაკვირი არაფერია იმ დროს, როდესაც საკუთარი ალტერნატიული გეგმა ჰქონდათ წარმოდგენილი. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პაექრობის გამოვლინებაა, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ამაში განსაკუთრებული არაფერია.
„ეკონიმისტი არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში რაც მოვისმინე, შედარებითი ანალიზი რომ გავაკეთოთ, სხვა სახელმწიფოებში როგორი ანტიკრიზისული გეგმაა წარმოდგენილი, იგივე ჩვენზე გაცილებით ძლიერ აშშ-ში, სადაც დახმარება 1200 დოლარს შეადგენს, ესაა გეგმა იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რა შესაძლებლობებიც ამ ეტაპზე სახელმწიფოს აქვს და რა საშუალებებიც მას შეიძლება გაუჩნდეს საერთაშორისო დახმარებებიდან გამომდინარე.
„ვვარაუდობ, რომ თუ საერთაშორისო დონორებისგან ხელისუფლება დამატებით ფინანსურ რესურსებს მიიღებს, შეიძლება ანტიკრიზისული გეგმა და მისი ფინანსური პარამეტრები გადაიხედოს და დახმარება უფრო გაიზარდოს იმიტომ რომ, როგორც ვიცით, არჩევნები ახლოვდება და ხელისუფლება სასიცოცხლოდაა დაინტერესებული ანტიკრიზისული გეგმა ისე შესრულდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ამითი უკმაყოფილო და მაქსიმალურად მეტი ადამიანი დააკმაყოფილოს, ვინც კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის შედეგად დაზარალდა. ამ ეტაპზე ეს ანტიკრიზისული გეგმა ვფიქრობ რომ იმის მაქსიმუმია, რაც ხელისუფლებას შეეძლო იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც რეალურად მათ გააჩნიათ," - განაცხადა ანჯაფარიძემ.