ელზა პაპოშვილი
24.04.2020

 ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა ცნობილია და ასევე ის სოციალური პაკეტიც, რომლითაც ის უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას დაეხმარება. თუმცა ეკონომიკურმა გეგმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ეკონომიკური პაკეტი არ არის და მას წინასაარჩევნო დატვირთვა აქვს, რომელიც  მოსახლეობის სოციალურ დახმარებას უფრო ჰგავს.  

თუმცა ყველა იმაზე თანხმდება, რომ გახარიამ მოსახლეობას ის შესთავაზა, რის საშუალებასაც ბიუჯეტი აძლევდა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეკონომიკის გახსნა სწრაფად უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ თვიურად დარიგებული 200-ლარით მოსახლეობის დიდ ნაწილს შიმშილისგან  ვერ ვიხსნით. 

პრემიერის განცხადებით კი დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებენ 1 200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში - 200 ლარის ოდენობით.

ამის შესახებ პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას ისაუბრა.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ არაფორმალურად დასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებმაც 2020 წლის პირველი კვარტალში სამსახური დაკარგეს, სოციალური დახმარება გადაეცემათ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამისთვის სპეციალური სოციალური პროტოკოლი არსებობს, რომელიც სოციალურ სააგენტოს ეკუთვნის. 

გარდა ამისა, პრემიერი ამბობს, რომ დახმარებები გადაეცემა იმ ადამიანებსაც, რომლებიც კომპანიებმა უხელფასო შვებულებაში გაუშვეს და 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

რაც შეეხება ეკონომიკის გახსნას, გახარია ამბობს, რომ იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა აუცილებელი მაინც იქნება. 

მისი თქმით, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები იმისთვის, რომ ერთმანეთთან კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ.  

შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის გახსნის ეტაპები  კი 2–კვირიანი შუალედებით განხორციელდება. პირველ ეტაპზე მსუბუქი ავტომობილებით გადადგილება მოხდება 27 აპრილიდან. 

პრემიერის თქმით, მეორე ეტაპი მოიცავს ისეთი საქმიანობების დაშვებას, როგორიცაა მშენებლობა, სამშენებლო ზედამხედველობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისები, კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი, სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება. 

მესამე ეტაპზე გაიხსნება ის საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა) რომელთაც აქვთ ქუჩიდან დამოუკიდებელი შესასვლელი. ამასთან, გაიხსნება ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.  

„მეოთხე ეტაპი - უკვე სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქ საუბარია რესტორნების ღია სივრცეებზე და არა დახურულ სივრცეზე, ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპი - დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. 

მეექვსე ეტაპი - ყველაზე რთული და აქ უკვე დიდი მნიშვნელობა იქნება, როგორი იქნება ეპიდემიის გავრცელების დინამიკა, მეექვსე ეტაპი გახლავთ გასართობი სპორტული შემოქმედებითი საქმიანობა, აზარტული თამაშები, სასტუმროები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ყველა სხვა საქმიანობ,"-განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა თუ გეგმიური სამედიცინო მომსახურების აღდგენის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და ის ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება.  

ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე  „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გახარიას მიერ წარმოდგენილი გეგმა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რა თქმა უნდა, მოსაწონი ვერ იქნება, რადგანაც მოსახლეობას რაც უფრო მეტს გადაუხდი ის უნდა. თუმცა ხელისუფლებას ამის სახსრები რამდენად აქვს ეს მეორე ამბავია. 

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლებას ოპოზიცია აკრიტიკებდა ამდენი ხანი გეგმა რატომ არ იყო, ყველამ უნდა გაიგოს ხესლისუფლებას ასე ადვილად თუ კი რაიმე მყარი გარანტიები არ ექნებოდა გადაწყვეტილებას ვერ  მიიღებდა. ძაბირაძე ამბობს, რომ პირველი რიგის დახმარება რაც კომუნალური გადასახადების სახით გაკეთდა საკამოდ კარგია, თუმცა ხელისუფლებას შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის კონკრეტული ფინანსური გარანტიები უნდა ჰქონოდა. მანამდე რაიმე სახის დაპირებების გაცემა ზედმეტი იქნებოდა. 

„საუბარი იმაზე, რომ ბიუჯეტში მილიარი ლარის მოძებნა შეიძლება, ვერ გეტყვით, არ შემიმოწმებია, რაზე შეიძლება შემცირება და შეკვეცა. თუმცა მილიარდი ლარიც არაფერს არ წარმოადგენს. დღევანდელი ვითარება საკმაოდ რთულია და თანხების გადანაწილებასაც ცოტა გონიერება სჭირდება. არავინ იცის ხვალ და ზეგ რამოხდება და რა კრიზისი შეიძლება დაიწყოს. 

ამიტომაც ხელისუფლების  მხრიდან გადადგმული ნაბიჯი გონივრულია. როდესაც რაღაც გარანტიები მიიღო, რომ რაღაც ფინანსური რესურსი ექნებოდა, შემდეგ გამოიტანა ის, რაც გამოიტანა. საკმარისია ეს?-რა თქმა უნდა,  არ არის. მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ხომ არც გერმანიის, არც იტალიის და  არც ჩინეთის მსგავსია. ამიტომაც რაზეც გაწვდა ხელისუფლება ის გამოაცხადა. ანუ რეალურად რისი გადახდაც შეუძლია ის გვითხრა“,-ამბობს  ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, მსოფლიო რომ ამ პანდემიიდან  გამოსული იყოს და ვიცოდეთ, რომ ყველაფერი დასრულდა, მაშინ შეგვიძლია, რომ უფრო მკაცრები და მომთხოვნები ვიყოთ.  ძაბირაძე ამბობს, რომ ხელისუფლება საკამოდ მომჭირნე უნდა იყოს, რადგანაც წინ რა გველის ჯერ არ ვიცით. თუ კი ვნახავთ, რომ ამ კრიზისიდან გავედით, ხელგაშრილი შემდეგ იყოს. არავინ იცის ჯანდაცვის სისტემისთვის  რამდენი ან რა შეიძლება დაგვჭირდეს.  

„როდესაც ეკონომიკის გახსნაზე საქმე დგება, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ მგონია, რომ უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას. ვიდრე ეს გახარიამ  გაახმაურა. კი დააბრალეს ოპოზიციას მარნეულში რაც მოხდა, მაგრამ ეს ხომ ყველამ ვიცით, რომ მათ ამის საშუალებას თუ მივცემთ, გამოიყენებენ. ამიტომაც ამის მიზეზს თუ არ მივცემთ, ამას ვერ მოახერხებს. რაც დღეს მარნეულში ხედბა, იგივე პრობლემა კახეთში და სხვა რეგიონებში გაჩნდება. ამიტომ საქმე თუ ასე წავიდა, ერთი დახმარებები, მაგრამ მეორეა ქვეყანაში რა განწყობები იქნება. ამიტომ ბაზრების დროზე გახსნაა საჭირო და მოსახლეობას პროდუქტის რეალიზების საშუალება  უნდა მიეცეს. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ კორონავირუსთან წარმატებით ბრძოლას ვინმე დაუფასებს იმ ფონზე თუ ხალხმა იშიმშილა ძალიან შემცდარა“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.    

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ პრემიერის მიერ წარმოდგენილი გეგმა წინასაარჩევნო პროგრამას უფრო ჰგავს. მართალია ცოტაა თანხა, თუმცა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ფული პირდაპირ ხალხისთვის ხელში მიეცა. მისი აზრით, ამ თანხების ეკონომიკაში გამოყენება და აკუმილირება უკეთესად შეიძლებოდა. ფიქრობს, რომ  წარდგენილი პროგრამა მხოლოდ სოციალური  სახისაა და ეკონომიკის სტიმულირებას ვერ მოახდენს. ეკონომიკის სტიმულირებად მხოლოდ დღგ-ს დაბრუნების და საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების ნაწილი შეიძლება მივიჩნიოთ. 

„ყველაფერი ეს  მხოლო  წმინდა წყლის სოციალური მოქმედებები, ამ თანხების ეკონომიკასთან მიბმა ბევრად უკეთესად შეიძლებოდა და ეს ხელისუფლებამ არ გააკეთა. ამის მიზეზი კი არჩევნები მგონია. ის თანხა, რაც ყოველთვიურად უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის გამოიყო, ბიზნესთან ერთად მისი აზრიანად დახარჯვა შეეძლო. თუმცა ამის გაკეთება ხელისუფლებამ არ ისურვა, რადგანაც არჩევნების წინ ხალხსფული პირდაპირ ხელში მისცა. მართალია ბევრი არაა, მაგრამ რა შესაძლებლობაც ბიუჯეტმა მისცა იმას გასცემენ. 

ყველაზე ტრაგიკომიკური პენსიების 20-25 ლარით გაზრადაა. კარგდ ვიცით, რომ ინფლაციის ფონზე  სამომხმარებლო კალათა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, ამ დროს კი ასეთ მატება საკმაოდ ცინიკურად ჟღერს, თანაც მომავალი წლიდან. ხელისუფლებაში ისეთი ხალხი გვაყვს, სოციალურ და ეკონომიკურ პაკეტებს შორის განსხვავებას ვერ არჩევენ“, - ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან“. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×