
„თუ ისეთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ჯანმრთელობის თვალსაზრისით მძიმე შედეგს გამოიწვევს, მაშინ ძნელი იქნება დააბრალო „ქართულ ოცნებას" ის, რომ ხელოვნურად არ გააუქმა საგანგებო მდგომარეობა, რათა საარჩევნო სისტემა არ შეეცვალა", - ამის შესახებ „რეზონანსს" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა.
მარტის დასაწყისში მმართველი პარტია და ოპოზიცია, დასავლელი შუამავლების ხელშეწყობით, შეთანმხდნენ, რომ 2020 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ახალი წესით ჩატარდება - 150 ადგილიან პარლამენტში 120 დეპუტატს პროპორციული სისტემით აირჩევენ და 30-ს - მაჟორიტარულით. ამ შეთანხმების კონსტიტუციაში ასახვა კორონავირუსის ეპიდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო ყოვნდება, რადგანაც საგანგებო მდგომარეობის დროს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა აკრძალულია.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 22 მაისამდეა გამოცხადებული, თუმცა გამორიცხული არაა მისი გაგრძელებაც. მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმით, თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი გართულებები არ წარმოიქმნა, ყველა შეზღუდვის გაუქმება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება დაახლოებით 6 ივლისთვის მოხდება.
ხმალაძისვე თქმით, თუ საგანგებო მდგომარეობა ივლისში გაუქმდა, მაშინ საარჩევნო სისტემასან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოესწრება და საპარლამენტო არჩევნები ხალი სისტემით ჩატარდება.
„თუ საგანგებო მდგომარეობა ივლისში გაუქმდა, მოესწრება; ხოლო თუ საგანგებო მდგომარეობა აგვისტოს შუა რიცხვებამდე არ გაუქმდა, მაშინ საპარლამენტო არჩევნები ამჟამად მოქმედი სისტემით ჩატარდება; ან თუ საგანგებო მგომარეობა სექტემბერში ან უფრო გვიან გაუქმდა, მაშინ არჩევნები გადაიწევს, 31 ოქტომბერს ვეღარ გაიმართება და ის გაიმართება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს მესამოცე დღისა.
„თუ ისეთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ჯანმრთელობის თვალსაზრისით მძიმე შედეგს გამოიწვევს, მაშინ ძნელი იქნება დააბრალო „ქართულ ოცნებას" ის რომ ხელოვნურად არ გააუქმა საგანგებო მდგომარეობა, რათა საარჩევნო სისტემა არ შეეცვალა", - განაცხდა ხმალაძემ.
თუმცა, მისივე თქმით, შესაძლებელია კონსტიტუციის ცვლილება, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის დროსაც მოხდეს.
„საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაშიც კი, ქვეყნისთვის ამ ცვლილებათა ძალიან დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცვლილებები მაინც გატარდეს, ოღონდ ამისათვის საჭირო იქნება ან დაახლოებით ორი კვირით საგანგებო მდგომარეობის გაუქმება და მერე ისევ ხელახლა შემოღება, ან კონსტიტუციის დარღვევაზე პირდაპირ წასვლა, რომელიც კრძალავს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას საგანგებო მდგომარეობის დროს.
„ასეთი დარღვევა მიზანშეწონილად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის სრული კონსენსუსი არსებობს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ სასწორის პინაზე იდება ორი საკითხი.
„საერთოდ, ნებისმიერი მოქმედება განპირობებული უნდა იყოს იმ სიკეთის დაცვით, რაც საზოგადოებას სჭირდება. საგანგებო მდგომარეობის დროს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას აკრძალულია იმიტომ, რომ დაიცვას სიკეთე საგანგებო მდგომარეობის დროს - ამ დროს ადამიანებს შეიძლება სწორი გადაწყვეტილების მიღება უფრო გაუჭირდეთ, რადგან სტრესული ვითარებაა.
„მეორე სიკეთე ისაა, რომ საარჩევნო სისტემის შეუცვლელად ჩვენ კვლავ ის მანკიერი საარჩევნო სისტემა დაგვრჩება,რომელიც სამი ათეული წელია არის და რაც რეალურად იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, რისი ყველაზე მეტი შანსი სახელისუფლებო პარტიას აქვს, მიიღოს ბევრად მეტი მანდატი, ვიდრე მას ხალხის მხარდაჭერა აქვს. აქედან გამომდინარე, მეორე სიკეთე ამ სისტემის შეცვლაა.
„როდესაც არჩევანი დგება რომელი სიკეთე უფრო მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, რომ ჩვენს შემთხვევაში გაცილებით მნიშვნელოვანი ნორმალური საარჩევნო სისტემის მიღებაა. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია კანონის დარღვევაზე წასვლა, რადგან ამ დარღვევის გარეშე ვერ მოხდება უფრო დიდი სიკეთის დაცვა.
„ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ამ კონსტიტუციური ცვლილების მიღებაა საჭირო. რასაკვირველია, უკეთესია, თუ ეს ცვლილება კონსტიტუციის სრული დაცვით მიიღება და თუ არაფრის დარღვევა არ დაგვჭირდება. ჯერჯერობით ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა როგორც ვითარდება, მოსალოდნელია რომ ზაფხულში უკვე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ობიექტური საჭიროება აღარ იყოს", - განაცხადა ხმალაძემ.