
„ხელისუფლების მხრიდან პოზიცია უნდა გამოთქმულიყო და ალბათ უნდა გამოითქვას კიდევაც, მაგრამ მიზანი უნდა იყოს ის, რომ როგორმე ჩვენი კეთილმეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს და უკვე მიღწეული ერთი ადამიანის გამო რაღაცნაირად არ დაზიანდეს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი პრლმენტის თავმჯდომარის არჩილ თალკვაძის მიერ უკრაინის ვერხოვნა რადას სპიკერ დმიტრო რაზუმკოვთან გაგზავნილ წერილს, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზეა საუბარი.
წერილში თალაკვაძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ჩრდილს მიაყენებს, რადგან, მისი თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი „ქართულმა სასამართლოებმა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის რიგი სერიოზული ბრალდებებით".
მენაღარიშვილის აზრით, უკრაინის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ამან ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე არ უნდა იმოქმედოს.
„ამ ამბების მერე რაც გავიგონე, ერთი განცდა მაქვს - ესაა ღრმა მწუხარება იმის გამო, რომ ორ ნამდვილად, ჭეშმარიტად მოძმე ხალხს შორის ურთიერთობა კვლავ იძაბება და იძაბება კონკრეტული პოლიტიკოსის გამო, რაც ვფიქრობ, რომ მიუღებელია. ამაზე უნდა იზრუნოს როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ.
„ჩემი აზრით, უკრაინამ სააკაშვილის თაობაზე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ამან ჩვენს ურთიერთობებზე არ უნდა იმოქმედოს, იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობა ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული საერთაშორისო წესის ან ურთიერთობის რაღაც ნორმის დარღვევა.
„წერილი უნდა გაეგზავნა თუ არა, ეს მისი ავტორის სინდისზეა მთლიანად. ხელისუფლების მხრიდან პოზიცია უნდა გამოთქმულიყო და ალბათ უნდა გამოითქვას კიდეც, მაგრამ მიზანი უნდა იყოს ის, რომ როგორმე ჩვენი კეთილმეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს და ერთი ადამიანის გამო უკვე მიღწეული რაღაცნაირად არ დაზიანდეს", -განაცხადა მენაღარიშვილმა.