არის თუ არა პირდაპირი კავშირი აგრესიული ტესტირებასა და ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ მატებას შორის
ელზა პაპოშვილი
26.04.2020

ვიცით თუ არა რეალურად რამდენი ადამიანია ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებული და სტატისტიკის გაუარესების შიშით ხელისუფლება ხომ არ ცდილობს, რომ აგრესიული ტესტირები არ ჩაატაროს? „რეზონანსთან“ საუბრისას ჯანდაცვის ესპერტები ამბობენ, რომ ჩატარებული ტესტირებების სიმცირე გარკვეული სპეკულაციების საბაბს იძლევა და ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს იმისთვის განპირობებული, რომ ქვეყანაში ზუსტი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ ვიცოდეთ. თუმცა რატომ ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რომელსაც სტატიაში ექსპერტები ხსნიან. 

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 9 699 PCR ტესტია ჩატარებული, რაც საშუალოდ ერთ მილიონ მოსახლეზე 2 431-ია. შედარებისთვის, სომხეთში ეს რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე 5 852-ს შეადგენს და ამ დროისთვის სომხეთში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 1 766 შემთხვევა. 

შაბათს ბოლნისში აგრესიული ტესტირების შედეგად 24 საათში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ამაზე კი ორაზროვანი განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას ჰქონდა. მისი ინფორმაციით, 24 აპრილს ქვეყანაში დიდი რაოდენობით აგრესიული კვლევა ჩატარდა და როგორც ეზუგბაია ამბობს, დღე-ღამის განმავლობაში 25 დადასტურებული შემთხვევა სწორედ ამის შედეგია.

ეზუგბაია იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და ასეთი შედეგი არ იქნება. 

„გუშინდელი დღე იყო დღე, როცა ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად ჩატარდა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის კვლევა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა - ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია.

„ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება", - აღნიშნა ეზუგბაიამ. 

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებიდან მომდევნო დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ ნახტომისებურად - 29 ადამიანით გაიზარდა. ეზუგბაიას განცხადებას კი პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა. 

„არ იქნება ტესტირება - არ გვეყოლება ინფიცირებული. უფრო სწორად, არ გვექნება ინფორმაცია მათ შესახებ - ეს არის „ოცნების“ მთავრობის სტრატეგია“, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი წერს. 

მისივე თქმით, ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით საქართველო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

მარინა ეზუგბაიას განცხადების ახსნა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შეეცადა. მისი თქმით, დიდი ალბათობით, ეზუგბაიამ იგულისხმა, რომ საქართველო მოახერხებს ეპიდემიის შეჩერებას და მისი დაღმავალი გზით გაშვებას. ხოლო თუ ეპიდემია დაღმავალი გზით წავიდა, აგრესიული ტესტირების საჭიროება აღარ იქნება. თუმცა, თავად ცერცვაძის გამარტებით, ნაკლებ სავარაუდოა ეს ასე მარტივად მოხერხდეს.

ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მარინა ეზუგბაიას განცხადება საკმაოდ უცნაური იყო და წამოსცდა, თუ ეს განზრახ თქვა - ეს უკვე სხვა საკითხია. 

„ჯერ თქვეს, რომ ტესტები ქვეყანაში ჯერ არ არისო, მერე ვიყიდეთ და უხარისხობის გამო ხელშეკრულება გავაუქმეთო. მერე ამბობდნენ, რომ ტესტირების ხარისხიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ისეთი უნდა შევიძინოთ, რომ მაღალი მგრძნობელობის იყოსო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მართალია, ტესტირებების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ეს ზღვაში წვეთია. ეს არც რელურ სურათს გვაძლევს და სპეკულაციების საშუალებას ტოვებს, რომ ამას ხელისუფლება კონკრეტული პირადი მიზნებისთვის აკეთებს. 

„არ ვიცი, ასე ხელაღებით რამის დაბრალება რთულია. არის თუ არა ეს იმისთვის გაკეთებული, რომ რეალური სტატისტიკა დაიმალოს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ მიზანმიმართულად კეთდება“, - ამბობს სერგი ჩიხლაძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მანიპულაციის საშუალებას იძლევა და ხელისუფლება სწორედ ამიტომ ვერ ასახელებს ეპიდემიის პიკური მდგომარეობის სავარაუდო თარიღს, რომ ქვეყანაში არსებულ ეპიდ სიტუაციაზე სრული ინფორმაცია არ აქვს. 

„არასდანდარტული ტესტირება ხელისუფლებას მანიპულაციების საშუალებას აძლევს. როცა ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების რეალური სურათი არ ვიცით, ბრმად რატომ უნდა ვენდოთ? თავად მთავრობის მიერ მიღებული ალგორითმით, უკვე 10 ათასამდე ტესტი უნდა გვქონდეს ჩატარებული. ეს პროტოკოლი 1 აპრილს დამტკიცდა. ამის მიუხედავად ტესტირება არ ხდება და ეჭვები ჩნდება - რატომ.

„ამიტომ ვერ „გაარტყეს“ როდის არის პიკური პერიოდი. არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა. არ ვიცი ქვეყანაში დაინფიცირებული რამდენი ადამიანი გვყავს. ამისთვის არის ზუსტად ეს ტესტირება. თუ ეს არ გვეცოდინება და ხან 5 გვაქვს, ხან 10 და ხანაც 20, ვერ ვიგებთ ზუსტ სურათს და ვერც გავრცელების დინამიკას ვადგენთ. ამიტომ არის, რომ სულ გაიძახიან „2-3 კვირა...“ და აღარ მოვიდა ეს დრო. მაშინ, ასეთი ტემპით თუ წავედით, ივლისის თვეშიც ვიტყვით, რომ პიკური პერიოდამდე 2-3 კვირა დაგვრჩა. 

„შესაძლოა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ეს უსიმპტომოდ გადააქვს და ამაშია ზუსტად ყველაზე დიდი ბომბი ჩადებული. მაშინ ეჭვი ჩნდება, რომ ასე ოქტომბრადე მივალთ და ეს საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას არჩევნებისთვის პირადი მიზნებისთვის სჭირდება“, - ამბობს სერგი ჩიხლაძე „რეზონანსთან“.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აგრესიული ტესტების ჩატარების შედეგად სტატისტიკა შეგვეცვლება. ინფექციონისტის თქმით, ცნობილია, რომ ნებისმიერ და განსაკუთრებით კი ინფექციურ დაავადებებს, უსიპტომო ფორმები აქვს და ის ადამიანში ისე მიმდინარეობს, რომ მხოლოდ ძალიან გამწვავების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს. კორონავირუსის პირველი ვერაგულობა კი იმაშია, რომ ხშირ შემთხვევაში უსიპტომო ფორმები გააჩნია. 

„ხალხი, რომელიც უსიპტომოა, ყველაზე საშიშია. როცა ადამიანს ახველებს და ცუდად არის, მას ყველა მოერიდება. თუმცა, როცა დაავადებულმაც არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია, ეს რისკებს ბევრად ზრდის. ამიტომ პირველ რიგში უსიპტომოების გამოვლენა უნდა მოხდეს, ამისთვის კი ტესტირებაა საჭირო. 

„რა თქმა უნდა, ტესტირების შედეგად ვირუსის მატარებელთა რიცხვი მოიმატებს. რაც უფრო ცოტა ტესტირებას ჩავატარებთ, მით უფრო ცოტა დაავადებული გვეყოლება - ეს ელემენტარული ლოგიკაა. 

„თუ მოხდება იზოლაციის დაცვა და ყველა რეკომენდაციებს სწორად დავიცავთ, მაშინ ეს უსიპტომოებიც ნაკლები საფრთხის მატარებლები არიან. თუმცაღა, რა თქმა უნდა, სწრაფი ტესტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე, ვფიქრობ, რომ აუცილებელია. მაგრამ საბანი ისე უნდა დავიფაროთ, როგორც გაგვწვდება. ეს ყველაფერი ასეთი იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი არ არის. მერე ნუ დაგვავიწყდება, რომ ზოგი ტესტის ეფექტურობა დაბალია და ხშირ შემთხვევაში სწორ პასუხს არ იძლევა“, - ამბობს ინფექციონისტი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×