თამარ შუკვანი
26.04.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტი 95 წლის ქალია, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა. მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ ოპერატიული შტაბი ადასტურებს.

როგორც სააგანტო „სპუტნიკი" იუწყება 95 წლის პაციენტს ვირუსი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა კვირაზე მეტ ხანს ის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობდა და სერიოზული გართულებებით გუდაუთის საავადმყოფოში ის მხოლოდ 20 აპრილს მოათავსეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 აპრილის მდგომარეობით, კოვიდ-19 ვირუსი სულ 3 პაციენტს დაუდასტურდა. სამივე გაგრაში, ერთი სახლის მცხოვრები იყო. გარდაცვლილის გარდა, ერთი პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და მის მალე გამოჯანმრთელებას ვარაუდობენ, მეორე პაციენტი კი უკვე განიკურნა და სახლში იმყოფება.

ანალიტიკოს მამუკა არეშიძის ინფორმაციით, აფხაზეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული სამზე მეტია პაციენტია და მათი რაოდენობა სულ მცირე 20-ს აღემატება. იგი „რეზონანსთან" ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრობს:

„აფხაზეთში ისეთივე განწყობებია, როგორიც დანარჩენ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში. განსაკუთრებული პანიკა არ არის, ისინი მარტივად უმკლავდებიან ყველაფერს. სამედიცინო ინფრასტრუქტურა ისეთ დონეზე ვერ არის, როგორიც საჭიროა ასეთი ტიპის ეპიდემიასთან ბრძოლაში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს მიიღეს გარკვეული მითითებები, ქართველი ექიმებისგანაც ჰქონდათ ვიდეო ზარი. რაღაც მეთოდოლოგია შეიმუშავეს და მოიზიდეს ექიმების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ამ საქმისთვის საჭიროა. თუმცა, ინფექციონისტების სერიოზული დეფიციტი აქვთ.

„ინფიცირებულთა შემთხვევებმა მოიმატა, როგორც ვიცი, 20-მდე ასეთი შემთხვევაა, მაგრამ დადასტურება არის ძალიან რთული - ბიოლოგიური მასალა უნდა გააგზავნო სტავროპოლში. რეალურად, მხოლოდ ვარაუდია, რომ 20-მდე ინფიცირებულია, შეიძლება უფრო მეტი იყოს," - აღნიშნა არეშიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×