თამთა ჩაჩანიძე
26.04.2020

„ის ექიმები, ვინც უცხოეთში ცხოვრობენ, ისინი თავიანთ ქვეყანაში ადამიანებს იქაური პროტოკოლებით მკურნალობენ. ქართველ მეცნიერებს თუ მათთან კონსულტაცია დასჭირდებათ და თუ მათი აზრი იმდენად წონადი იქნება, რომ ჩათვლიან, რომ უნდა დაუკავშირდნენ, ამას უჩვენოდ გააკეთებენ. ჟურნალისტების შუამავლობა აქ საჭირო არაა“, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. 

მისივე თქმით, როდესაც ინფექცია ახალია და მისი სამკურნალო პრეპარატები რეალურად არ არსებობს, ამაზე მედიაში ღიად საუბარი დაუშვებელია, რადგან ეს ზოგჯერ მოსახლეობაში პანიკას იწვევს.

„რეზონანსი“: თქვენ განაცხადეთ, რომ დაუშვებლად მიიჩნევთ მედიაში პანდემიასთან დაკავშირებით ღიად საუბრებს...

მ.ნ.: სამედიცინო ენა რთული ენაა და პირდაპირ ეთერში ამ რთულ თემებზე და მოსაზრებებზე საუბარი დაუშვებელია, ეს უბრალოდ ადამიანებში პანიკას იწვევს. ერთ-ერთ ექიმს მე, როგორც ექიმმა, ძალიან სიამოვნებით ვუსმინე, მაგრამ არამედიკებისთვის ეს შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. იცით, რამდენმა ადამიანმა დამირეკა? მერე რა, რომ მე არც ინფექციონისტი და არც ეპიდემიოლოგი არ ვარ. უბრალოდ მორფოლოგიურ სურათზე იყო საუბარი. ექიმი სისხლძარღვის კედლის შიდა შრეზე საუბრობდა. 

ამაზე ტელევიზიით არ საუბრობენ. აი, ზუსტად ეს მოვუწოდე. არც ჟურნალისტმა იცის ამისი მნიშვნელობა, თუ რას ამბობს ექიმი. მით უმეტეს ფართო საზოგადოებაში, სადაც მედიკოსები არ არიან, ძალიან ბევრ ადამიანში სერიოზული პანიკა გამოიწვია.

არსებობს სამეცნიერო კონფერენცია, არსებობს სამეცნიერო წრე, სადაც დაუზუსტებელი მკურნალობის მეთოდებზე და პრეპარატებზე მიმდინარეობს საუბარი. ზოგადად, ყოველი ახალი მიგნება მოსაზრების დონეზე ტელევიზიით რომ გადმოვცეთ, ხალხის პანიკას გამოიწვევს. ამის ტირაჟირება არ უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ დღეს, როდესაც ეს სრულიდ ახალი ვირუსია,რამდენი ექიმიც არსებობს, იმდენი მოსაზრებაა და ახლა, როდესაც ამ ახალ ვირუსთან დაკავშირებით ასეთი დუღილი მიდის, არ შეიძლება ამ ყველაფრის ასე ღიად საუბარი. ეს ვიწრო წრეშია სასაუბრო. 

სხვა დროს კი, რა თქმა უნდა, ექიმები მედიით უნდა აჩვენონ და მათი პოპულარიზაცია უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ისინი დიდ საქმეს აკეთებენ.  

„რ“: რას იტყვით საქართველოში მყოფი და უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმების დაპირისპირებაზე?

მ.ნ.:  ეს დაპირისპირება არაა. მე ზუსტად ეს ვთქვი, რომ კოლეგებს ნუ უპირისპირებთ ერთმანეთს-მეთქი. ის ექიმები, ვინც უცხოეთში ცხოვრობენ, ისინი თავიანთ ქვეყანაში ადამიანებს იქაური პროტოკოლებით მკურნალობენ, ქართველ მეცნიერებს თუ მათთან კონსულტაცია დასჭირდებათ და თუ მათი აზრი იმდენად წონადი იქნება და ჩათვლიან, რომ უნდა დაუკავშირდნენ, ამას უჩვენოდ გააკეთებენ. ჟურნალისტების შუამავლობა აქ საჭირო არაა.

ექიმი თავისთავად დიდ ექიმს არ ნიშნავს. ამ სიტუციაში საჭესთან დიდი სპეციალისტები და მეცნიერები  დგანან. ყველა ექიმი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ყველას მოსაზრება რომ ასე მოვისმინოთ, ეს უკვე ფაქტიურად დაპირისპირებაა. ყველამ თავიანთი საქმე აკეთოს, თავიანთი წესით და თავიანთი ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე მიხედონ თავიანთ ავადმყოფებს. საბედნიეროდ, ჩვენ ბევრი კორიფე გვყავს, ამას თამამად ვამბობ.

არ ჩათვალოთ, რომ მე ექიმებს ხელს ვაფარებ, არა - პირიქით. სამედიცინო შეცდომები ჩემს ხელში რომ გადის, როგორც სასამართლო მედიკის ხელში, სისხლის სამართლის ან სამოქალაქო საქმეებში, სადაც ობიექტურად ვნახავ, რომ ხარვეზი და მინუსია, მე პირადად არ ვჩუმდები ხოლმე.  

კოლეგიალობა აქ არაფერ შუაშია. მე ობიექტურ ჭეშმარიტებაზე ვსაუბრობ. მაშინ, როცა არცერთ პრეპარატზე მტკიცებულებები არ არსებობს, თითოეული გამოთქმული მოსაზრება მხოლოდ მოსაზრებაა. აქ სამედიცინო ეთიკის დაღვევისა და ხალხის დაპანიკების პრობლემას ვხედავ. შუამავალი ამ შემთხვევში ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ ისინი სპეციალისტები არ არიან და არ იციან რა მიმართულებით წავიდნენ. რომ ვუყურებ, არ ესმით ის ექიმი რას ამბობს და ბუნებრივია, არც უნდა ესმოდეთ, იმიტომ, რომ მათ შესაბამისი ცოდნა არ აქვთ.

მაგრამ ეს ყველაფერი ქართველ და უცხოეთში მოღვაწე ექიმებს შორის დაპირისპირებას იწვევს. ასე ხელოვნურად არ შეიძლება ამ დაპირისპირების შექმნა, ეს არასწორია.

ბატონი გურულის მოსაზრებებზე ნაკლებად  ვსაუბრობ, იქ საკმაოდ პოლიტიზებულია ყველაფერი. ამ შემთხვევაში გერმანიიდან ერთ-ერთ ძალიან სიმპატიურ და ძალიან ჭკვიან ქალბატონზე ვსაუბრობ. არ ვიცი ვინაა, მაგრამ  მე პირადად მისი საუბარი ძალიან მომეწონა, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს ძალიან მატრამვირებელი იყო. საზოგადოება უბრალოდ დაშინდა და ასეთი რამ სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე დაუშვებელია. ასეთ თემებზე სამეცნიერო ან სამედიცინო კონფერენციებზე საუბრობენ ხოლმე.

ნუ ჰგონია ვინმეს, რომ თუ საქართველოს ფარგლებს გარეთაა, აუცილებლად მეტი იცის. მეც მიცხოვრია და მისწავლია სხვაგან და ვიცი. შეიძლება ქართველმა მეცნიერმა ყველასგან განსხვავებით რაიმე პრეპარატით შედეგი მიიღო. ამაში ხელი კი რ უნდა შევუშალოთ, პირიქით, ვცადოთ - იქნებ გენიალური მიგნებაა. გენიალური აზრი აუცილებლად ამერიკელს უნდა მოუვიდეს და ქართველს არა? უამრავი ქართველი გენიალური მეცნიერი გვყოლია, მათ შორის მედიცინაში, რომლებიც სხვებს ასწავლიდნენ და რატომ გვაქვს ის აზრი, რომ პრაქტიკოსმა ექიმმა თუ თქვა, ცერცვაძემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. იქნებ სწორედ თენგიზ ცერცვაძის ნათქვამი უნდა გაითვალისწინოს სხვამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×