
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება აღდგომის დღეებში რეკომენდაციების დაუცველობას უკავშირდება. მეუფე სტეფანემ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ დაინფიცირება არა ეკლესიაში ლიტურგიის ჩატარებას, არამედ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მეზობლების ერთმანეთში მიმოსვლამ გამოიწვია.
„(იმნაძემ) თქვა, რომ ერთამენთთან გადადიოდნენ მეზობლები, ჭამდნენ, სვამდნენ ვიღაცები. არ არის სწორი, როდესაც ასეთი სიტუაციაა და მეზობლები გადადიან ერთმანეთში, სვამენ.
„ეკლესიიდან კი არ დაინფიცირდნენ ადამიანები, არამედ ასეთი გახსნილი ურთიერთობებით, რომელიც არის მიუღებელი. როდესაც ასეთი ვითარებაა, ერთმანეთთან ქეიფის და ჭამა-სმის დრო არ არის," - აღნიშნა მიტროპოლიტმა „რეზონანსთან" საუბრისას.
პაატა იმნაძის განცხადებით, ინფიცირებულთა ზრდა, შემოღებული აკრძალვების მიუხედავად, სასაფლაოებზე გასვლამ და დღესასწაულების ქეიფით აღნიშვნამ გამოიწვია.
„სამწუხაროდ, ის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევების მატება და გვაქვს იქ, სადაც ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, 10 დღის წინ დაცული ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გვქონდა გაცემული. ჩემი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლას და დღესასწაულების აღნიშვნას სუფრებზე, ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს" - თქვა იმნაძემ.