რეზონანსი
27.04.2020

საქართველოში კორონავირუსისგან ამ დრომდე 139 ადამინია გამოჯანმრთელებული. მათ შორის არის ლილე აბსანძე, რომელიც თავის ისტორიას სოციალურ ქსელში, წერს:

“მგონი უკვე ყველამ იცით, მაგრამ იმ 139 ადამიანიდან, რომელიც covid19-ისგან გამოჯანმრთელდა, ერთ-ერთი მე ვარ. 28 დღე ვმკურნალობდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და იქედან საერთოდ სხვანაირ ქვეყანაში გამოვედი. მოგიყვებით, რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს უკვე პალატიდან კითხულობ. 

მე მარტის ბოლოს ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობდი ფილტვების ბაქტერიული ანთებით. საერთო პალატაში შემოიყვანეს პაციენტი, რომელმაც კონტაქტები დამალა (მე ასე ვიცი) და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, კორონავირუსით იყო ავად. 2 დღე ამ ადამიანთან ერთად ვმკურნალობდი პალატაში და შემდეგ სახლში გამწერეს. კიდევ ორი დღის მერე, დამირეკა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და გადამიყვანეს კლინიკაში. მეორე დღეს ლუგარის ლაბორატორიამ ამიღო ნაცხი ცხვირიდან და ხახიდან და 6 საათში დამიდასტურდა კოვიდ-19. მოსაყოლად ხომ ძალიან მარტივია, მაგრამ მგონი ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ სასწრაფო მოვიდა, 20 წუთი ყვველაფერს განურჩევლად ვჩურთავდი ჩანთებში, თან მეტირებოდა, თან ვიგინებოდი, თან ჩემებს ვუყვიროდი ახლოს არ მოსულიყვნენ და არაფერში დამხმარებოდნენ და თან მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ რა აზრი აქვს, უკვე ყველას გვჭირს. არ გვჭირდა ყველას, არავის ჭირდა ჩემ გარდა, მაგრამ ეს არც მაშინ ვიცოდი, არც მომდევნო 14 დღე ვიყავი დარწმუნებული და ბოლომდე ახლაც არ მჯერა. დღესაც, დედაჩემს რომ ველაპარაკები მარტო იმას ვუსმენ როგორ სუნთქავს და ხომ არ ახველებს. როგორც მე ვიკონტროლებდი ტემპერატურას ბოქსირებულ პალატაში, ისე ვაკონტოლებდი ოჯახის წევრების ტემპერატურას დისტანციურად და ობსესიურად.

მე საშუალოზე ოდნავ მძიმე პნევმონია მქონდა, "პლაქვენილიც" ვსვი (კანფეტი ნამდვილად არ არის) და ხანდახან ჟანგბადსაც ვიშველიებდი სუნთქვისას. ჩემს შემთხვევაში, ხველა გვიან დაიწყო და არც ისე ძლიერი იყო, არც ტემპერატურა მქონია ძალიან მაღალი. ძირითადი სიმპტომები იყო ვერტიგო, გულის ტკივილი, გულმკერდის არეში ზეწოლა, თავის ტკივილი, დაბალი წნევა, დაბალი სიცხე და იშვიათად სუნთქვის გაძნელება. აქვე კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ვირუსი ძალიან ინდივიდუალურად უდგება ყველას და თუ თავბრუსხვევა იგრძენით, არ არის აუცილებელი კორონა გჭირდეთ მაინცდამაინც.

პალატებს აქვს ძალიან თხელი კედლები და პაციენტების ხველება თავისუფლად გესმის, როგორ ელაპარაკებიან ახლობლებს ეგეც გესმის, როგორ ხდებიან უარესად, როგორ გადაყავთ რეანიმაციაში ან როგორ წერენ სახლში. ამიტომ მარტოობის შეგრძნება არ გაქვს, მარტო არ ხარ შარში. 

მიუხედავად იმისა, რომ ვინც მივლიდა თითქმის ვერავის ვცნობ სახეზე, დიდი, სულისშემხუთავი ეკიპირების გამო, უუუღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დამხმარეებს, სანიტრებს და მარინა ექიმს. მთელი ეს პანდემია ყველაზე მეტად მათ აწვება. ჩემხელა და ჩემზე პატარა სტუდენტები ყოველდღე მორიგეობენ და ეკიპირებაში იოფლებიან, არც ძინავთ წესიერად და ისინიც იზოლირებულები არიან ოჯახებისგან.

თუ ვინმეს დაგიდასტურდათ ვირუსი, შეგიძლიათ მომწეროთ, დამირეკოთ და 24/7-ზე მომიყვეთ რა ხდება თქვენს თავს, რისი გეშინიათ, რა გაიმედებთ, რომელი ანალიზი რამხელა დისკომფოტს იწვევს და ა.შ. ძალიან გამეხარდება ვინმესთვის პატარ-პატარა სასარგებლო გამოცდილებების გაზიარებების საშუალება თუ მექნება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×