რეზონანსი
27.04.2020

 მოკლული სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი „პრაიმტაიმთან" საუბრისას ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილს, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, ნამდვილად სურდა თანამდებობის დატოვება, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.

“ცნობილი ამბავი იყო, რომ მართლა უნდოდა მერაბიშვილს თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა დიდი როლი ითამაშეს ადეიშვილმა და ბოკერიამ, არაფრით არ დაატოვებინეს თანამდებობა. ამდენი ხნის განმავლობაში რაც გვიკეთებია, ყველაფერი დაიმსხვრევაო, გადააფიქრებინეს. სააკაშვილი, ბურჯანაძეც იყო ჩართული, ბურჯანაძე ამბობდა აუცილებლად გადააყენეთო, თორემ ცუდი ამბავი მოყვებაო" - აცხადებს გურამ გირგვლიანი.

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აეღო და გადამდგარიყო.

სასტიკად მოკლული გირგვლიანის მამა მიიჩნევს, რომ მერაბიშვილმა მეუღლის დანაშაული აღიარა.

"პირდაპირ დაადო ხელი, ჩემი ცოლი იყო დამნაშავეო. ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს, აღიარებული ამბავია. ყველამ იცის რომ მერაბიშვილის ცოლისგან მოდიოდა ყველაფერი აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე. მაგრამ დააფარა ხელი თავის მეუღლეს, არ გაწირა და დღეს ფაქტიურად თქვა, ჩემი მეუღლის გამო მოხდა ყველაფერიო. ხომ ასე იყო, მაშინ დაეჭირა თავისი ცოლი, ყველაფერი გაირკვეოდა თავიდან ბოლომდე.

იმიტომ დაერღვა ოჯახს კომფორტი, რომ კარგად იყო თავისი ცოლი. კარგად დადიოდა, კარგად გულაობდა, კაი დროს ატარებდა, ყველამ იცის. რადგან თვითონ აღიარა თავისი ცოლის ამბავი, ეს მთავარი მომენტია ჩემთვის. მაშინ დაეჭირა ან დაიჭირონ ახლა და მორჩება ამით ყველაფერი"- განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

გურამ გირგვლიანი აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში, მთავარი დამნაშავე, ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაიაა.

"სანდროსთან დაკავშირებით მერაბიშვილი, ახალაია დასჯილები არიან, ეს თუ დასჯად ითვლება საერთოდ. მაგრამ ჩემთვის მთავარი დამნაშავე არის მერაბიშვილის მეუღლე, სალაყაია" - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

ცნობისთვის, 2006 წლის 27 იანვარს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ოქროყანის სასაფლაოზე გაიტაცეს.

გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. გირგვლიანის მკვლელობის საქმე უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია.

“პრაიმტაიმი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×