ელზა პაპოშვილი
27.04.2020

მიუხედავად პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებისა, რომ 27 აპრილიდან ყველა აგრარული ბაზარი ჯანდაცვის  სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით უნდა გახსნილიყო, ნაწილი მათგანი მაინც ვერ  გაიხსნა. ზოგი  გაიხსნა, თუმცა, ისევ დაიხურა, რადგანაც სურსათის უვნებლობის  ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ბაზრის  შემოწმების შემდეგ ნორმების დარღვევები გამოვლინდა  და მისი ისევ დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ზოგ ბაზარში კი, რომელიც გაიხსნა, დახლები ცარიელი იყო, არც მოვაჭრეები ჩანდნენ და არც მყიდველები. ამის მიზეზად კი ავტომობილების არქონდა და გადაადგილების პრობლემა დასახელდა. თბილისის ვაგზლის ბაზარში კი საცალო ვაჭრობაზე დასაქმებული ადამიანები მუშაობის უფლებას ითხოვდნენ, თუმცა, ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლებისგან მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება მიიღეს. 

როდიდან აღსდგება სრულად აგრარულ ბაზრებში მუშაობა ქვეყნის  მასშტაბით, ისიც გაუკვეველია, რადგანაც ბაზრის ადმინისტრაციებში აცხადებენ, რომ ბაზრების  უმრავლეოსბაში დისტანციის დაცვა და ამის კონტროლი შეუძლებელია, ამიტომაც მათ დაჯარიმების ეშინიათ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით კი  საქართველოში დაახლოებით 80 აგრარული ბაზარია რეგისტრირებული, თუმცა, სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის გამო, მათმა ნაწილმა დღეს მუშაობა ვერ განაახლა. როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ბაზრებმა დადგენილი წესები და რეკომენდაციები დაიცვან.

"ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა საუბარი, რომ ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი იყო მობილობა, იმისთვის, რომ მათ მოახდინონ წარმოებული აგრო-სასურსათო პროდუქტის რეალიზება შეფერხებების გარეშე. 

“ასევე, ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ რამდენიმე დღე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის უკეთესად გასაკონტროლებლად, საჭირო იყო ეს შეზღუდვები ყოფილიყო ძალაში. ამავე დროს, ჩვენ ვთქვით, რომ ეტაპობრივად შეგვეძლო, მეტი აგრარული ბაზრის ფუნქციონირებისთვის შეგვეწყო ხელი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით შეიმუშავეს გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრებში სანიტარული სტანდარტების დაცვას და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას. პირობები ყველა აგრარულმა ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს.

ამ მომენტისთვის, საქართველოში რეგისტრირებულია, დაახლოებით, 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს  მოთხოვნებს და შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც არის რეგისტირებული," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეტაპობრივად აღდგება ყველა ბაზრის მუშაობა, რომელიც ახლა დახურულია. 

რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ კი თელავის ცენტრალური ბაზარი დაიკეტა. მიზეზი მუშაობის თვითნებურად განახლება და ტერიტორიაზე მოვაჭრეების მიერ დადგენილი რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა გახდა. 

სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის ადმინისტრაცია 3 000 ლარით დააჯარიმა და მუშაობა შეაჩერებინა. მოვაჭრეების პროტესტის და ხმაურის შემდეგ კი მათ  მუშაობის  უფლება დღის ბოლომდე მისცათ.

 „რეზონანსთან“ მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზრის ადმინისტრაცია ყველანაირ რეკომენდაციას იცავდა და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ბაზრის გახსნამდეც კომუნიკაცია ჰქონდა. თუმცა, საამინისტროს თანამშრომლები ბაზარში მივიდნენ და დაინახეს, რომ ზოგ მოვაჭრეს პირბადე ჰაერის მისვლის მიზნით ცოტათი ჩამოწეული ჰქონდა. ამის გამო კი ბაზრის ადმინისტრაცია 3 ათასი ლარით დააჯარიმეს და მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ბაზრის მოვაჭრე გიორგი ამონაშვილი, რომელიც თელავის აგრარულ ბაზარში ხორცს ჰყიდის, „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის ბაზრის გახსნისთვის სპეციალურად მოემზადა და ხორცის დიდი მარაგი შეიძინა. თუმცა, ბაზრის დახურვის  შემდეგ, არ იცის შეძენილი ხორცი სად გაყიდოს. მისი თქმით, ისედაც ორკვირიანი პაუზის შემდეგ, ყველანაირი მარაგი ამოეწურა, ახალ კი ვალების დადების საფრთხის წინაშე დგას. 

"ამდენი ხორცი ვიყიდე, ასევე  ზოგმა ბევრი ბოსტნეული და ხილი მოიმარაგა, რომ ერთი ორი კაპიკი გვეშოვა და მშივრები არ დავიხოცოთ.  ვიცოდით, რომ დღეიდან მუშაობა შეგვეძლო. 3 000 ლარის ხორცი ვიყიდე და მაცივარში შევიტანე. რა ვქნა ახლა, არ ვიცი. როდემდე დაიკეტა თელავის ბაზარი გაუგებრად ვართ. ამ გაუბედურებულ ხალხს რას გვეთამაშებიან და კიდევ უფრო ნერვებს რატომ  გვაწყვეტავენ? 

“მოვიდნენ სამინისტროს თანამშრომლები და დაუნახიათ, რომ ერთ-ორ კაცს პირბადე ჰქონია ცოტათი ჩამოწეული, რომ ჰაერი მოგვივიდესო. ამათ კიდევ ამის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს.  ვიცავდით წესებს და რეკომენდაციებს. დაგვცინიან ხალხს? ადმინისტრაცია ყველანაირად ემზადებოდა დღევანდელი დღისთვის, თუ შიმშილით გინდათ, რომ ამოგვწვიტოთ გვითხრით მაშინ," - აცხადებს „რეზონანსთან“  მოვაჭრე ამონაშვილი. 

თავისი არგუმენტები აქვს ბაზრის ადმინისტრაციას და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მოულოდნელია და ისინი ყველა წესს იცავდნენ.

"რამდენიმე მოვაჭრეს პირბადე ნახევრად ეკეთა, ერთ მოვაჭრეს ხელთათმანი დაავიწყდა გაეკეთებინა, ამიტომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 000 ლარიანი ჯარიმა დაგვიწერა. ვიცავდით წესებს, უტარდებოდათ თერმოსკრინინგი და იყო დაცული ყველა წესი,"- აცხადებენ თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაში. 

თელავის მერი კი განმარტავს, რომ მოვაჭრეებს დღის ბოლომდე ექნებათ საშუალება პროდუქციის გაყიდვის, რის შემდეგაც ბაზარი დაიკეტება, თუმცა, როდემდე, ბაზარის დირექტორი შოთა ნარეკლიშვილი ვერ აკონკრეტებს. 

მსგავსი სიტუაციაა ოზურგეთის ბაზარში. ის  კვლავ დაკეტილია. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ყოველგვარი რესურსი ამოეწურათ და ბაზარში მუშაობის გაგრძელების იმედი დღეიდან ჰქონდათ.  

ოზურგეთის აგრარული ბაზრის დირექტორი ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მოცემული რეკომენდაციების შესრულება ვერ შეძლო და ბაზარი სწორედ ამიტომ ვერ გაიხსნა.  

ფოთის  აგრარულმა  ბაზარმა კი  ფუნქციონირების გაგრძელება შეძლო. ტერიტორიაზე  დილიდან ხალხმრავლობა იყო. ბაზრის ადმინისტრაციამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დანერგა საპროფილაქტიკო ღონისძიებები, მათ შორის, მომხმარებლების ერთჯერადი ხელთათმანებით უზრუნველყოფა, დეზინფექცია, მკაცრი კონტროლი პირბადის ტარებაზე, ქაღალდის ფულის თერმული დამუშავება და ა.შ. ამის შედეგად ბაზარმა თითქმის უწყვეტად შეძლო მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა.

ქუთაისშიც  თითქმის ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ აგრარული ბაზარი გაიხსნა.  კორონავირუსის საფრთხის შემცირების მიზნით, ბაზარში მოვაჭრეებისა და მყიდველებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

ბაზარში შესვლის მსურველებს ხელთათმანებს და პირბადეებს ურიგებენ და მათ დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ბაზარში განთავსებულია დეზობარიერები. 

მოვაჭრეების თქმით, რეკომენდაციებს სრულად იცავენ და ამ ეტაპზე, ბაზარში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

მათივე ინფორმაციით, დაკეტილი ბაზრების გამო მათ ფინანსური პრობლემა შეექმნათ.  ამასთან, აცხადებენ, რომ პრობლემაა ტრანსპორტის მხრივ და ბაზარში მისვლა ტაქსით მოუხდათ. მათი ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, სრულად გაიხსნა ბაზარი თუ მხოლოდ გარკვეული დროით. 

აგრარული ბაზარი ბათუმშიც გაიხსნა. ფუნქციონირებს მხოლოდ ღია სავაჭრო სივრცეები. ტერიტორიაზე  რეკომენდაციების დაცვას, ერთდროულად, რამდენიმე სამსახური აკონტროლებს. მოვაჭრეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი.

ბაზრის ტერიტორიაზე პირბადეებითა და ხელთათმანების გარეშე გადაადგილება აკრძალულია. დეზინფექცია უტარდება ბაზრის ეზოში შესულ ყველა ავტომობილს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×