
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებაა. ბოლო 24 საათში შემთხვევების რაოდენობა 15-ით გაიზარდა და სულ ჯამში, 511 კოვიდინფიცირებულია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტრადიციულ ბფირინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის ინფექციით მოთავსებული პაციენტებიდან ორის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის.
„ამჟამად, ვირუსით ინფიცირებულთა 511 დადასტურებული შემთხვევაა. ამ 15 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან წყარო ძირითადად ცნობილია. ეს არის ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. მხოლოდ 2 პაციენტია, რომელთა წყაროც ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, დაუდგენელია და გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, კლინიკას კოვიდ-19-ის დიაგნოზის მქონე 7 პაციენტი დაემატა, რომელიც კლინიკაში ბოლნისიდან და შინდისიდან გადაიყვანეს.
როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნა კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 11 პაციენტის კი საყურადღებო რჩება.
„ბოქსირებულ სექტორში არის 65 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 54. დაემატა 7 პაციენტი, აქედან 4 არის გადმოყვანილი ბოლნისიდან და შინდისიდან, 3 პაციენტის დიაგნოზი კი დადასტურდა ჩვენს კლინიკაში. გუშინ ორი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. 18 წლამდე ასაკის პირი არის 11. ერთი პაციენტი არის მძიმე და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ სტაბილურად მძიმეა. 11 პაციენტი არის საყურადღებო, აქედან 3 არის ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფით. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა სოლოღაშვილმა.