
„რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს პანდემია მოუღებს ბოლოს თუ შიმშილი, ამან შეიძლება სერიოზული მღელვარება და იმ დადებითი შედეგების იგნორირება გამოიწვიოს, რაც პანდემიასთან ბრძოლაში გვქონდა აქამდე," - აცხადებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასა და მიზნობრივი სოციალური დახმარების პაკეტს.
ამბობს, რომ გასაგებია, მთავრობას შეზღუდული რესურსები აქვს, მაგრამ ამ შეზღუდული რესურსების პირობებში რესურსების რაციონალურად გადანაწილება უნდა შეძლოს, თუნდაც იგივე ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების კუთხით.
ამასთან, მიიჩნევს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ქართულმა საზოგადოებამ მაღალი დონის სამოქლაქო პატრიოტობა გამოიჩინა და სახელმწიფოც შესაბამისად უნდა დაუდგეს გვერდში.
„ვთქვი, რომ სოციალური უსაფრთხოების თემა მწვავე ფაზაში გადავიდოდა, იმიტომ რომ ხალხს დაგროვებული მარაგი გარკვეულწილად ამოეწურა და უკვე სააჭირო იყო, რომ მთავრობას ეფექტური სოციალური პოლიტიკა უნდა გაეტარებინა.
„ყიველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე რა თქმა უნდა ესაა აბსოლუტურად გაუთვლელი და საკმაოდ ხისტი მიდგომა, ასეთი საკითხებით მანიპულირება არ შეიძლება, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ არის პრობლემები მართვაში და პროფესიონალების მოზიდვაში.
„რეალურად ამ კრიზისის გადატამა ჩვენი პროფესიონალი ექიმების ხარჯზე ხდება, რომლებიც სხვათა შორის მათ ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვთ, საქართველოსადმი საერთაშორისო დახმარების 50%-ს ამ მიმართულბით გავუშვებდი.
„მესმის, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, მესმის რომ მთავრობას ძალიან მწირი რესურსები გააჩნია, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს გამამართლებელი ფაქტორი არაა იმ ადამიანების ფონზე, რომლებიც მართლაც შიშილის ზღვარზე არიან.
„ყველაზე მეტად პანდემიასთან ბრძოლის რეკომენდაციები და ლოზუნგი „დარჩი სახლში" სწორად ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, მათ მაღალი დონის სამოქალაქო პატრიოტობა გამოიჩინეს, მაგრამ სახელმწიფოსაც მათდამი ვალდებულება გააჩნია, ყველა სახელმწიფო გარკვეულწილად სოციალურ დახმარებებს ხორციელებს, ახლა ამის დრო არაა, დახმარებას ამას მივცემ და იმას არ მივცემ.
„რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს პანდემია მოუღებს ბოლოს თუ შიმშილი, ამან შეიძლება სერიოზული მღელვარება და იმ დადებითი შედეგების იგნორირება გამოიწვიოს, რაც პანდემიასთან ბრძოლაში გვქონდა აქამდე, დავანებოთ თავი ამ უაზრო მანიპულირებას და რაც საშუალებაა, თუნდაც იგივე ბიუროკრატიის შენახვის ხარჯების შეამციროს მთავრობამ და თანხა პირველ რიგში სოციალური უსაფრთხოების პირობების განსამტკიცებლად გადაანაწილოს," - განაცხადა მაისაიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ მიზნობრივი სოციალური დახმარების პაკეტი 24 აპრილს გამოაქვეყნა. გეგმის მიხედვით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულები ერთჯერადი კომპენსაციის სახით 300 ლარს მიიღებენ, ხოლო 27 აპრილს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ კომპენსაციას ვერ მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც ფიზიკურ პირებთან მუშაობდნენ. სამინისტროს ცნობით, ერთჯერადი დახმარების მისაღებად იურიდიული პირის მიერ გაცემული ცნობა იქნება საჭირო, სხვაგვარად, ერთჯერადი ანაზღაურების მიღება შეუძლებელი იქნება, ამან საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.