თამარ შუკვანი
28.04.2020

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, დღეიდან, 28 აპრილიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„ლენტეხის მუნიციპალიტეტში 10 აპრილიდან და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში 13 აპრილიდან მოქმედებს სპეციალური გამკაცრებული რეჟიმი, რის ფარგლებშიც დაახლოებით 4500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი პროაქტიულად. ასევე, ჩატარდა შესაძლო კერების ყველა კონტაქტის მიზნობრივი კვლევა.

„მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, დღეიდან სპეციალური რეჟიმი ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში იქნება მოხსნილი და 28 აპრილიდან იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მოქმედებს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე," - თქვა ჩიქოვანმა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 4 300 და სოფელ ხიდისყურის 80 მცხოვრებს რამდენჯერმე ჩაუტარდა პროაქტიული თერმოსკრინინგი - ასევე, მიზნობრივი ტესტირებები ჩაუტარდა ინფიცირებულთა ყველა კონტაქტს.

„გამოკვლეულია აბსოლუტურად ყველა კონტაქტი. მაქსიმალურად არის შემოწმებული ყველა ადამიანი, თითოეული მოსახლე ამ გეოგრაფიული პუნქტების და შესაბამისად, ამ ყველაფრის ანალიზმა მოგვცა ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება," - დასძინა მან.

ამჟამად ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მოქმედებს ის რეჟიმი, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით არის დადგენილი.

საბჭომ ასევე განიხილა შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით.

აღინიშნა, რომ დღის ბოლოს ვადა ეწურება უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით ორი დღის განმავლობაში მოქმედ საგამონაკლისო წესს, რომლითაც მოქალაქეებს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლის უფლება მიეცათ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაშია კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×