თამარ შუკვანი
28.04.2020

„თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალური მიდგომით, რადგან კოვიდი მრავალსახოვანი დაავადება, ახალია, ძალიან ბევრი ისეთი თვისება და გართულება აღმოაჩნდა, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი, როგორც ჩვენთვის ასევე მსოფლიოში საერთოდ ექიმებისთვის," - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკებს დაუგროვდათ მნიშვნელოვანი გამოცდილება კორონავირუსთან დაკავშირებით და დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაიდლაინში ცვლილებები შევა, კერძოდ:

„ქვეყანაში მკურნალობა ამჟამად ათ კლინიკაში ხორციელდება ერთიანი მიდგომით და სქემით. ერთიანი პრინციპებით ხდება როგორც დიაგნოსტიკა, ისე მკურნალობის შერჩევა. ამავე დროს თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალური მიდგომით, რადგან კოვიდი მრავალსახოვანი დაავადება, ახალია, ძალიან ბევრი ისეთი თვისება და გართულება აღმოაჩნდა, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი, როგორც ჩვენთვის ასევე მსოფლიოში საერთოდ ექიმებისთვის. გვიხდება გზადაგზა მივიღოთ ძალიან სერიოზული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

„ყველა კლინიკას დაუგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება კონკრეტულ ავადმყოფებზე ან ავადმყოფთა ჯგუფებზე. მკურნალობის სხვა მეთოდები, მათ შორის ინოვაციური მიდგომები, როგორიცაა გამოჯანმრთელებული - პლაზმაფერეზი, ადამიანის პლაზმის გადასხმა ან სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევების მკურნალობა, რაც მნიშვნელოვანი გამოდგა კოვიდინფიცირებულებში. ასევე, თანმხლები რიგი დაავადებების დროული მკურნალობა. ამ მხრივ, დაგროვდა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ და უახლოეს პერიოდში იქნება შეტანილი," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ხშირად არის ბევრი შენიშვნა და კრიტიკა იმაზე, რომ რატომ არ მიმართა საქართველომ ფართომასშტაბიან ტესტირებას, ე.წ. აგრესიულ ან გაფართოებულ ტესტირებას უფრო ადრე, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ.

როგორც მან თქვა, მსოფლიოში ისეთ წამყვან, ერთ-ერთ ძლიერ და მდიდარ ქვეყანას, როგორიც არის იაპონია, ტესტირებების რაოდენობა ნაკლები აქვს მოსახლეობის ერთეულზე გადაანგარიშებით.

„ბევრი შენიშვნა და კრიტიკაა იმასთან დაკავშირებით, საქართველომ რატომ არ მიმართა ფართომასშტაბიან ტესტირებას - ე.წ. აგრესიულ ტესტირებას ან გაფართოებულ ტესტირებას უფრო ადრე, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. მინდა, ცალსახად ვთქვა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამ საქმეში ჩართულია ან დაინტერესებულია. ყველას საქართველოზე მეტი ტესტირება ჩატარებული არ აქვს. მაგალითად, მსოფლიოში ისეთ წამყვან, ერთ-ერთ ძლიერ და მდიდარ ქვეყანას, როგორიც არის იაპონია, საქართველოზე ნაკლები აქვს ტესტირებების რაოდენობა მოსახლეობის ერთეულზე გადაანგარიშებით.

„ასევე იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ე.წ. აგრესიული, მასობრივი ტესტირება განახორციელეს და ყველაზე წარმატებულ ქვეყნებად ასახელებენ, ისრაელს, გერმანიას, კიდევ ზოგიერთ სხვას, ლიტვას და ა.შ. გადახედეთ, ინტერნეტში შედით და ნახეთ, ამ ქვეყნებმა შეძლეს გამოეკვლიათ მოსახლეობის სულ 3 პროცენტი. მეტი - ვერა. ახლა დაფიქრდით, გერმანიაში გამოკვლეულია მოსახლეობის - 2,5 პროცენტი და 97 პროცენტი გამოუკვლეველია, ეს რაიმე სერიოზულ გავლენას მოახდენს ეპიდემიის კონტროლზე? - რა თქმა უნდა, არა", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მთავარია, მოსახლეობის არა მასიური გამოკვლევა, რაც მოკლე დროში მაინც ვერ მოხდება, არამედ მთავარია, ხდებოდეს გაფართოებული ტესტირება სამიზნე ჯგუფებში.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ თუ საქართველო ტესტირების საერთო რაოდენობის მხრივ ჩამორჩება რიგ ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფების ტესტირების თვალსაზრისით უსწრებს ბევრ ქვეყანას. შესაძლოა, ყველას არა, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანას. სამიზნე ჯგუფებში მხედველობაში რა მაქვს? - ყველა პაციენტი, ვისაც აქვს „კოვიდის" სულ მცირე სიმპტომი მაინც აქვს, ტესტირებას გადის ცხელების ჯგუფებში.

„ყველა პაციენტი, რომელსაც რისკის რაიმე ფაქტორი აქვს, მაგალითად, იყო კონტაქტში საეჭვო ავადმყოფთან, იყო უცხოეთში, ან უცხოელთან კონტაქტობდა, აუცილებლად გადის ტესტირებას ცხელების ცენტრებში. ეს სქემა და კასკადი 112-ში დარეკვა, ოჯახის ექიმთან გადამისამართება, შემდეგ ცხელების ცენტრში გადამისამართება და „კოვიდ" ცენტრში, არის უნიკალური მსოფლიოსთვის. ეს სქემა და ის რგოლი, რომელსაც ცხელების ცენტრი ჰქვია, საქართველოს ინოვაცია და ინიციატივა იყო, რაც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება გამოდგა ეპიდემიის კონტროლისთვის, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ინფიცირებულთა დაბალი რიცხვი," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×