თამთა ჩაჩანიძე
28.04.2020

შვედეთში კოვიდ-19 ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება დაღუპულთა პროცენტული წილიც. გარდა იმისა, რომ ამ მაჩვენებლით დიდი სხვაობით უსწრებს გერმანიას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს, ის მნიშვნელოვნად წინაა თავის მეზობელ ქვეყნებზე. კერძოდ, მილიონ მოსახლეზე კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ის მეზობელ ნორვეგიას 6-ჯერ აღემატება, დანიას - 3-ჯერ, ფინეთს კი, არც მეტი, არც ნაკლები - 9-ჯერ.

აღსანიშნავია ის მთავარი გარემოება, რომ შვედეთის ხელისუფლებამ მკაცრ იზოლაციასა და საკარნტინო ზომებზე უარი თქვა, შედეგი კი ის მიიღო, რომ 7-დან 12 აპრილის ჩათვლით 10-მილიონიან ქვეყანაში კორონვირუსით სულ 2505 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მონაცემებს შვედური გაზეთი „ექსპრესი" სამეფო სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლაში განსხვავებული გზა აირჩია, აქ ოფიციალური კარანტინის ზომები არ მოქმედებს, თუმცა ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენასა და დისტანციის დაცვას ურჩევს, ამასთანავე 50-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრებაც აკრძალულია.

კორონავირუსის გამო შვედეთი მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად არ დაპაუზებულა, ტრანსპორტი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბარები და რესტორნები ისევ ფუნქციონირებს.

აქვე დავამატებთ, რომ გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებლით, თუ არ ჩავთვლით ჯუჯა ქვეყნებს, კვლავ დიდი სხვაობით ლიდერობს ბელგია, რომელსაც მიჰყვებიან ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×