
იმ მოქალაქეთა წრე, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ, ფართოვდება. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსზე შემოწმება და ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულების თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოხდეს ამ ჯგუფების დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ამ ინფექციის გავრცელება, რაც ნამდვილად იქნება სარისკო ამ ჯგუფებისთვის. უკვე გარკვეული პერიოდია მას შემდეგ, რაც მოხდა ქსელის გაფართოება როგორც ცხელების კლინიკებად, ასევე - კოვიდ კლინიკებად.
ასევე სახელმწიფო ამარაგებს ამ კლინიკებს და აწვდის იმ ტესტებს, რომლებიც მიღებულია ჩვენი რეგულირების სააგენტოს მხრიდან და ასევე კონსულტაციები გავლილია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით. სოციალური სააგენტოს ჯანდაცვის დეპარტამენტში შემუშავდა უკვე დაფინანსების მექანიზმი და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ყოველივეს დაფინანსება“ , - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებები გააკეთეს კლინიკების ხელმძღვანელებმა. თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ სხდომაზე გადაწყდა, რომ კოვიდზე ტესტირება მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარდება.
„ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში, რომელიც დღეს საბჭოზე გადაწყდა. ეს არის ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც, პირველ რიგში, ესაჭიროება პრევენციისა და დიაგნოსტიკის ვერიფიცირების მიზნით აღნიშნული კვლევის ჩატარება“, - აცხადებს ლევან რატიანი.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ლევან გოფოძე.
„გამახვილდა ყურადღება სხვადასხვა მკურნალობის მეთოდზე, როგორიც არაერთხელ გვითქვამს, ცდის მეთოდით გამოიყენება იმიტომ, რომ არ გვაქვს ერთი კონკრეტული მედიკამენტი, რომელსაც გამოვიყენებთ სამკურნალოდ“, - აცხადებს ლევან გოფოძე.
ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აგრესიული ტესტების ჩატარების შედეგად სტატისტიკა შეგვეცვლება. ინფექციონისტის თქმით, ცნობილია, რომ ნებისმიერს და განსაკუთრებულად ინფექციურ დაავადებებს უსიმპტომო ფორმები აქვს და ის ადამიანში ისე მიმდინარეობს, რომ მხოლოდ ძალიან გამწვავების შემთხვევაში შეიძლება, გამოვლინდეს. კორონავირუსის პირველი ვერაგულობა კი ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში უსიპტომო ფორმები გააჩნია.
„ხალხი, ვინც უსიმპტომოა, ყველაზე საშიშია. როცა ადამიანს ახველებს და ცუდად არის, მას ყველა მოერიდება, თუმცა როცა დაავადებულმაც არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია, რისკებს ბევრად ზრდის. ამიტომ, პირველ რიგში, უსიმპტომოების გამოვლენა უნდა მოხდეს, ამისთვის კი ტესტირებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ტესტირების შედეგად ვირუსის მატარებელთა რიცხვი მოიმატებს. რაც უფრო ცოტა ტესტირებას ჩავატარებთ, მით უფრო ცოტა დაავადებული გვეყოლება. ეს ელემენტარული ლოგიკაა.
თუ მოხდება იზოლაციის დაცვა და ყველა რეკომენდაციას სწორად დავიცავთ, მაშინ ეს უსიმპტომოებიც ნაკლები საფრთხის მატარებელნი არიან. თუმცაღა, რა თქმა უნდა, სწრაფი ტესტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე, ვფიქრობ, რომ აუცილებელია. მაგრამ საბანი ისე უნდა დავიფაროთ, როგორც გაგვწვდება. ეს ყველაფერი ასეთი იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი არ არის. მერე ნუ დაგვავიწყდება, რომ ზოგი ტესტის ეფექტურობა დაბალია და, ხშირ შემთხვევაში, მართალ პასუხს არ იძლევა“, - ამბობს ინფექციონისტი „რეზონანსთან“.