თამარ შუკვანი
29.04.2020

ახალი კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 106 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ-ინფექცია კი 81 მათგანს აქვს. ამასთან, დღეს კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება.

„დღეს ეწერება 9 პაციენტი. ასევე, გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე პირველადი ტესტი და ველოდებით პასუხებს. რეანიმაციაში გვყავდა 8 მძიმე პაციენტი, მათი მდგომარეობა რჩება სტაბილური. ზოგიერთ მათგანთან გამოხატულია დადებითი დინამიკა და მზადდებიან ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან მოხსნისთვის. დღითიდღე გაწერილი პაციენტების რაოდენობა იზრდება, რაც ძალიან გვახარებს," - აღნიშნა რატიანმა.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ამ დროისთვის კლინიკას კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი არ ჰყავს.

„ჩვენს ცენტრში არის ახლა 42 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 63. გუშინ 3 პაციენტთან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი პასუხი და მათ დატოვეს კლინიკა. 42 პაციენტიდან უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. მოზარდების რაოდენობა ისევ 11-ია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე ჩვენთან სამ პაციენტს აქვს მძიმე პნევმონია, ინტენსიურ თერაპიას გადიან. ამ დროისთვის, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი არ გვყავს," - თქვა უზუგბაიამ.

ამასთან, სამედიცინო დირექტორი გამოჯანმრთელების და დაინფიცირების შეცვლილ დინამიკაზე საუბრობს:

„გვაქვს (დაინფიცირების) 6 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები დაგვემატა გუშინ და გვყავს 12. პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულ შემთხვევებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია და ჩემი სურვილია, ასე გაგრძელდეს," - დასძინა ეზუგბაიამ.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა ახალი 6 შემთხვევევიდან ორის დაინფიცირების წყარო უცნობია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 517 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი - გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 153 პირია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 549.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×