
ერთი კვირის წინ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილმა მამა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული ო.ბ-მ 1939 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს სასიკვდილო ჭრილობა ნაჯახით მიაყენა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ო.ბ. ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მერის წარმომადგენელი არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ივანე გვეხიძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მკვლელობის დეტალებზე ჰყვება:
"ოჯახმა წლების წინ 12 წლის და-ძმა იშვილა. ბავშვები უკრაინიდან ჩამოიყვანეს და სიყვარულით ზრდიდნენ. გოგონა გათხოვდა და ქმართან ცხოვრობს, ბიჭს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა ადრიდანვე და ხშირად მკურნალობდა ფსიქიატრიულ კლინიკაშიც.
დედა დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაიცვალა. მამა-შვილი ცხოვრობდნენ. ბიჭი გარეთ არ გამოდიოდა, შინ იჯდა. მამა-შვილს შორის ხშირად იყო კონფლიქტი. ახლაც, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა კლინიკიდან. ერთ დღეს მეზობლებმა შენიშნეს ეზოში მიმოფანტული მამაკაცის სხეულის ნაწილები და პოლიციას შეატყობინეს. ბიჭს მამა ნაჯახით მოუკლავს და დაუნაწევრებია. ოღონდ – არა კვალის დაფარვის მიზნით, არამედ, ალბათ, თავისი ქვეცნობიერის კარნახით. რაზე ფიქრობდა ამ დროს, არ ვიცი.
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მოსვლის დროს ბიჭი მამის გულ-ღვიძლს ხარშავდა და ყაურმას აკეთებდაო, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება. ის პოლიციას ჩაბარდა და აღიარა კიდეც დანაშაული.
სოფელში ამბობენ, რომ დედაც ბიჭმა მოკლა – ლოგინში მოახრჩო, რის შესახებაც მამა ამბობდა მაშინვე, მაგრამ არ დაუჯერეს და თუ მკვლელი მართლაც ო.ბ იყო, ის დანაშაული შერჩა და მეორე, უარესი სისასტიკის მკვლელობა ჩაიდინა".