
„ვფიქრობ რომ ეს გარკვეული პოლიტიკური თამაში იყო, მაგრამ ასეა თუ ისე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გარკვეული დემარში ცოტა ზედმეტიც კი გამოვიდა იმიტომ, რომ ზელენსკის ფრაქციაც კი მთლიანად სააკაშვილს მხარს არ უჭერს, ამიტომ სჯობდა ცოტა პაუზის აღება, კულუალური მუშაობა," -ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში ვიცე-პრემიერის თანამდებობის შესაძლო დაკავებას და ამაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.
სააკაშვილი რადაში ფრაქციებთან შეხვედრებს განაგრძობს, თუმცა უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ ის პარლამენტის მხარდაჭერას რეფორმების დარგში უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე ვერ მოიპოვებს, არის ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მისი კანდიდატურა არასაკმარისი ხმების გამო გაიწვიეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა" ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ამ საკითხზე „ქართული ოცნების" ლიდერებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადებები გაკეთეს. მათი თქმით, უკრაინამ ერთი ადამიანის გამო ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობა სასწორზე არ უნდა დადოს, ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ეს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევაა.
არეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის სახელმწიფოში ჩარევის მცდელობაც არ იყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კანონი სხვის სახელმწიფოში ჩარევას კრძალავს, მსგავსი ფაქტები ევროპის ძლიერ ქვეყნებშიც კი ხდება-ხოლმე.
„თუ ჩვენ ამ საკითხს ისე განვიხილავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის შიდა საქმეებში ერევა, მაშინ არასწორია, მაგრამ თუ ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც მეგობარ ქვეყნისადმი რჩევას და მეგობრულ მითითებას, ეს დასაშვებია, იმიტომ რომ ანალოგიურ რჩევებს და მითითებებს სხვადასხვა ფორმით ჩვენი პატნიორი ქვეყნებისაგან მუდმივად ვიღებთ.
„ასეთი ბანალური ფრაზა, რომ სუვერენული ქვეყნის სახელმწიფო საქმეებში ჩარევა არ შეიძლება, ეს ფორმულა ყოველ ნაბიჯზე ირღვევა არა მხოლოდ ჩვენს მიმართ, არამედ ერთმანეთის მიმართაც. ისეთ ძლიერ სტრუქტურაშიც კი როგორიც ევროკავშირია, საერთაშორისო კანონი ითვალისწინებს, რომ არ უნდა ჩაერიო, მაგრამ ასეთი ტიპის ჩარევები მაინც მუდმივად ხდება.
„ვფიქრობ, რომ საქართველოს მხრიდან ჩარევის მცდელობაც არ იყო, ეს იყო უბრალოდ აზრის გამოთქმა და გარკვეული რჩევა, ამ შემთხვევაში ასეთი რამის გაკეთება შესაძლებელია, მაგალითად საქართველომ რომ უკრაინელი მილიარდელი გაიდამაკი რაიმე თანამდებობაზე დანიშნოს, ეს ხომ უკრაინისთვის სილის გარტყმა იქნება და რასაკვირველია უკრაინის მთავრობას ამ შემთხვევაში განაწყენების უფლება აქვს.
„რამდენად რეალისტურია ის, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა მომხდარიყო, მე მაინც ვთვლი, რომ ეს საერთო სიტუაციიდან გამომდინარე, ზელენსკის მხრიდან კოჭის გაგორების მცდელობა იყო, ზელენსკის თავში სააკაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა საერთოდ არ მოუვიდოდა, რომ არა დასავლეთიდან (ან აღმოსავლეთიდან) გარკვეული ლობისტური ჯგუფების ჩარევა. ზელენსკიმ საკითხი ასე დააყენა, აი, მე მივიღე გააწყვეტილება მაგრამ რადა თანახმა არაა.
„თუ ჩავუღრმავდებით, მაშინ შეიძლება ზელენსკის ეს გააწყვეტილება მიაღებინეს და დათანხმდა იმიტომ, რომ ისეთ კორუმპირებულ სახელმწიფოში როგორიც უკრაინაა, საჭირო იყო ადამიანი, რომელიც ამ ჭაობის თხრას დაიწყებდა. თუ ეს ზელენსკის გამოუვიდოდა, შეიძლება მას გამარჯვებულის ბაირაღი აეტაცა და თუ არ გამოუვიდოდა, მაშინ ყველაფერი სააკაშვილს დაბრალდებოდა და იმათ, ვინც ზელენსკის მისი დანიშვნა სთხოვა."
მისივე აზრით, ეს ყველაფერი პოლიტიკური თამაში იყო და საქართველოს ხელისუფლებას განცხადებების გაკეთება არ უნდა ეჩქარა.
„ვფიქრობ რომ, ეს გარკვეული პოლიტიკური თამაში იყო, მაგრამ ასეა თუ ისე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გარკვეული დემარში ცოტა ზედმეტიც კი გამოვიდა იმიტომ, რომ ზლენსკის ფრაქციაც კი მთლიანად სააკაშვილს მხარს არ უჭერს, ამიტომ სჯობდა ცოტა პაუზის აღება და კულუალური მუშაობა.
„ვფიქრობ, რომ რადადან სააკაშვილის კანდიდატურის გაწვევა არ მომხდარა, იმიტომ რომ შეტანაც კი არ მომხდარა, ეს გარკვეული ტესტირება იყო, აზრი გამოითქვა, ინფორმაცია გავრცელდა, ეს პირველ რიგში სააკაშვილმა გაავრცელა. რატომ აჩქარდა და ასეთი ამბავი რატომ ატეხა, არ ვიცი, თუმცა ეს მისი საქმეა, მერე უკვე ამ იდეის ტესტირება უმრავლესობის რიგებში მოხდა, საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა და აქედან გამომდინარე, შეტანას აზრი არ ჰქონდა, როდესაც მას სპიკერიც კი მხარს არ უჭერდა," -განაცხადა არეშიძემ.