
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების პიკი აღარ იქნება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, ქვეყანას უკვე აქვს პლატო და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, შესაძლებელია ინფექციის მართვა. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის" ეთერში განაცხადა. ეს მოსაზრება ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგ ირაკლი ხმალაძის თქმით, შეიძლება ასე გავიგოთ: ერთგვარი პიკი უკვე გავიარეთ და შევდივართ რეაბილიტაციის ფაზაში, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე დაიწყება ინფიცირებულთა რაოდენობის კლება, ანუ - დაღმასვლა.
ირაკლი ხმალაძემ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს უკვე მტკიცებით ფორმაში შეგვიძლია თქვათ, სიცხე კოვიდ-19-ს კლავს, თანაც კორონავირუსის უსიმპტომოდ განვითარება ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმში ჩამოყალიბებულია იმუნიტეტი, რის შედეგადაც ვირუსი მარტივად მარცხდება:
„პიკი არის ის, რომლის იქითაც მატება აღარ იქნება, მაგრამ დღეს უკვე საუბარია იმის შესახებ, რომ რაც არის იმას ბევრი აღარ დაემატება, თუმცა ახალი ინფექციის წყარო ისევ იქნება. იგივე კლასტერიდან შეიძლება ვიღაც აღმოჩნდეს (დაინფიცირებული), რადგან არ ვიცით, ვის აქვს ვირუსი უსიმპტომო ფორმებით. ეს არ იქნება ის არაადეკვატური რაოდენობა რომელიც ეპიდემიოლოგებს და ინფექციონისტებს პრობლემას შეუქმნის. ის რაოდენობა იქნება, რაც თავისუფლად შეგვიძლია მივიღოთ ექიმებმა.
„დღეს უკვე საუბარია, რომ იქნება მეორე ტალღა, თუ არ დავიცავით ის ელემენტარული წესები, რაზეც ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ.
„ბოლო კვლევებით უკვე დადასტურდა, რომ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება ჩვენთვის დადებითია, ანადგურებს ამ ვირუსს. მეორე, ეს არის მაღალი ტემპერატურა და მესამე - შიდა იმუნიტეტი ყალიბდება იმ ხალხში, ვისთანაც ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
„(ჯანდაცვის) მინისტრმა ჩათვალა, რომ ამაზე მეტი აღარ იქნება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში შეუძლია თქვას, თუ რამდენიმე დღე მაინც არ დაფიქსირდება ვირუსი. მინისტრი ალბათ იმას გულისხმობს, რომ იქნება გარკვეული რაოდენობა, მაგრამ შესაძლებელობები - ადეკვატური.
„რაოდენობა ბევრად შემცირდა. გაიხსნა სვანეთი, ნელ-ნელა გაიხსენება სხვა მხარეც და მოძრაობა აღდგება. უკვე გადავდივართ რეაბილიტაციის ფაზაში," - თქვა ხმალაძემ.
ცნობისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 517 შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელებული - 168. კოვიდ-19-ით გარდაიცვალა 6 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 5 153 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 549.