ელზა პაპოშვილი
29.04.2020

საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დაკავებულ დავით ცინარიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.  გამოძიება მას ოჯახის წევრზე ძალადობას ედავება. 

ბრალის წარდგენის პროცედურა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოხდა. გამოძიება სს კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. როგორც მედიისთვის ხდება ცნობილი, ცინარიძემ, სავარაუდოდ, ცოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქალი გადარჩა, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი კი 27 აპრილს დააკავეს. 

ამ დრომდე უცნობია, ვინ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ პოლიციას და რეალურად რა მოხდა. როგორც დაკავებულ დავით ცინარიძის ადვოკატი კახა ხვისტანი „რეზონანსთან“ ამბობს, ოჯახი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდაა, ამიტომაც მედიასთან საჯაროდ მომხდარის შესახებ საუბარი არ სურს. ადვოკატი საქმის მასალების შესახებ მეტს არ საუბრობს და მომხდარის დამატებით დრამატიზება არ სურს. უცნობია, აღიარებს თუ არა ჩადენილ დანაშაულს ყოფილი მაღალჩინოსანი, რადგანაც ადვოკატი ამბობს, რომ  მისი უდანაშაულობა ან დანაშაული სჯობს გამოძიებამ დაადგინოს. 

„პირადად მისი სურვილია და მეც არ მომცა იმის უფლება, რომ მისი პირადი სივრცისა და ოჯახის შესახებ მედიასთან  საჯაროდ ვისაუბრო. ბატონი დავითის სურვილია, რომ ყველამ წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ და გამოძიებას დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბრალი არ დაუდასტურდება. მეც და ბატონ დავითსაც დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ის გამართლდება. შეწყდება სისხლისსამართლებრივი დევნა ან კიდევ გამამართლებელი განაჩენი დადგება“, - ამბობს ადვოკატი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, საქმეში წარმოდგენილი მასალა, რომელსაც გაეცნო, იმის საშუალებას არ იძლევა, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. ადვოკატის თქმით,  ცინარიძე დაამტკიცებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და საზოგადოებას ბოდიშს უხდის ატეხილი აჟიოტაჟის გამო.   

რამ გამოიწვია ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი, ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა საზოგადოებამ საპატრულო პოლიციის უფროსის ვინაობის შესახებ 2015 წელს გამოქვეყნებული სკანდალური ვიდეოს შემდეგ შეიტყო. ვიდეოში ახალგაზრდა ქალი პატრულს მათივე უფროსით აშინებს და აფრთხილებს, რომ მეორედ აღარ გააჩერონ.  ეკა ყურშიტაშვილმა 2015 წელს ამ საკანდალის აგორების შემდეგ განაცხადა, რომ ცინარიძეც და ჭანტურიაც რესტორანში გაიცნო და მათგან პატრულთან პრობლემების მოგვარების პირობა მიიღო. თავდაპირველად აღნიშნულ ფაქტზე  ცინარიძის მეუღლე მანანა ბოლოთაშვილმა ქმარს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.  

 „მილიონში ერთადერთი და განუმეორებელი ხარ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა“,  – დაწერა მაშინ ბოლოთაშვილმა. ცოლ–ქმარს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავთ. ისინი 15 წელია, რაც დაოჯახებულნი არიან.  

პოლიციის  ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებამ კი ეკა ყურშიტაშვილი მხიარულ განწყობაზე დააყენა და სოციალურ ქსელში ასეთი სახის  პოსტი გამოაქვეყნა: „გადავფარე კორონა, თუ ჯერ - ვერა“, – დაწერა  მან.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×