თამთა ჩაჩანიძე
30.04.2020

ინფექციონისტებისა და ეპიდემიოლოგების გათვლით საქართველოში ახლა ეპიდემიის პიკური პერიოდია, რომელიც ერთიდან სამ კვირამდე გასტანს. სპეციალისტები ამ დროის განმავლობაში ინფიცირების რაოდენობის დრამატულად ზრდას არ პროგნოზირებენ და იმედოვნებენ, რომ ეპიდემიის გავრცელების სტატისტიკის მონაცემებზე ე.წ. პლატო შენარჩუნდება, ხოლო შემდეგ კი ინფექციის გავრცელების დონე ნელ-ნელა დაბლა დაიწევს.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის აზრით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატება იქნება თუმცა, არა ასეულობით.

„მატება არ იქნება დრამატული, არ იქნება ასეულები. იქნება ისევ ორი-სამი-ოთხი ათეული შემთხვევა, რაც ერთი-ორჯერ იყო. პატარა პიკი გვქონდა, ერთხელ იყო 32 შემთხვევა, ერთხელ 40 - სულ ეს იყო ჩვენი პიკი ჯერჯერობით.

« მე მგონია, ასე, თორემ ჩემი კოლეგების აზრი ვიცი, ისინი უფრო ოპტიმისტები არიან. გამოთქვამენ აზრს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ, ახლა იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი. მე კი მგონია, რომ უახლოესი ერთი კვირა მატება შეიძლება, მაინც იყოს, მაგრამ არ იქნება ასეულები, შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული დღეში, შემდეგ იქნება პლატო და შემდეგ დაღმავალი", - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მხრივ ახლა დიდი რისკია და ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს, რომ თან შეზღუდვები შერბილდეს და ამავე დროს, ეპიდემია უკან არ შემობრუნდეს. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დაიცვან გაცემული რეკომენდაციები, დარჩნენ სახლში და თავშეყრას და შეკრებებს მოერიდონ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ შესაძლოა პიკური პერიოდი ერთიდან სამ კვირამდე გაგრძელდეს, რა დროსაც შესაძლოა ინფიცირების არა ასეული, არამედ ათეული შემთხვევები დაფიქსირდეს.

„ახლა პიკურ პერიოდში ვართ, ეს შესაძლოა ორი, სამი კვირაც გაგრძელდეს, როდესაც შემთხვევების ზრდა იქნება, თუმცა ზრდა იქნება არა დრამატული და ასეულობით, არამედ რამოდენიმე ათეული 10, 20, ან 30 პაციენტამდე, როგორც ახლანდელი მონაცემებით გვაქვს, ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ე.წ. პლატო შევინარჩუნოთ და დრამატული ზრდა არ მოხდეს.

„ეპიდემიოლოგიურად ეს ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენ ამ ორ-სამ კვირას ასეთ დინამიკას შევინარჩუნებთ, ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ სამი კვირის გასვლის შემდეგ, ახალი შემთხვევების რაოდენობა ნელ-ნელა შემცირდეს და თანდათან ჩვეული ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ.

„პიკური პერიოდი ამ კვირის დასაწყისში დაიწყო და არავინ არ იცის ერთი კვირა გასტანს ორს, თუ სამს, ამაზე ზუსტად პასუხს ვერავინ ვერ გაგვცემს" - განაცხდა მან.

მისივე თქმით, ეპიდემიისას ე.წ. ოქროს შუალედი ესაა, როდესაც სახელმწიფოს მიერ გატარებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც, ადამიანები გაცემულ რეკომენდაციებს ისევ იცავენ იქამდე, სანამ ეპიდემიის საფრთხე სრულიდ არ ჩაივლის.

„ოქროს შუალედი არა მხოლოდ სახელმწიფოსთვისაა საჭირო, არამედ ზოგადად ჩვენი საზოგადოებისთვისაც, შეიძლება სახელმწიფომ სხვადასხვა შეზღუდვები მოხსნას, რაც საჭიროცაა, რომ სოციალური ფონი ძალიან არ გაუარესდეს, ადამიანების ეკონომიური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდეს.

« მაგრამ, საზოგადოებამ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს, ის რეკომენდაციები, რაც არსებობს, შესაძლებლობებისდაგვარად სოციალური დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება, ასაკოვანი ხალხის გარეთ გადაადგილების საფრთხე - აი ეს რეკომენდაციები მოხსნილი შეზღუდვების მიუხედავად, რა თქმა უნდა მაინც უნდა გავაგრძელოთ იმიტომ, რომ ამ პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრა ასე უცბად ვერ მოხერხდება. ამიტომ ჩვენზე რაცაა დამოკიდებული, ეს ყველაფერი ისევ უნდა გავაგრძელოთ.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ შეამსუბუქებს გატარებულ ღონისძიებებს, ჩვენ შინაგანად საფრთხეს მაინც ვგრძნობთ და იმ რეჟიმში ცხოვრებას ვაგრძელებთ, როგორც ვართ. ანუ იმ რეკომენდაციებს ვიცავთ, რასაც სპეციალისტები მოგვიწოდებენ" - განაცხადა გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×