
„ისეთი დიდი ქვეყნები, რომლებსაც უზარმაზარი რესურსები გააჩნიათ, მათ წინასწარ უნდა ჰქონოდათ გარკვეულწილად თავიანთ ეროვნულ უსაფრთხოების კონცეფციებში პანდემიის სცენარის მსგავსი გეგმა".
ასე აფასებს „რეზონანსთან"„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია კორონავირუსის პანდემიას და მასთან მებრძოლ მსოფლიო მოწინავე ქვეყნებს.
"რეზონანსი": რატომ დაარტყა კოვიდ-19 პანდემიამ ყველაზე მეტად განვითარებულ ქვეყნებს?
კორნელი კაკაჩია: პირველი მიზეზი ამისა ალბათ ესაა, რომ გლობალიზებულ მსოფლიოს ცენტრებში აშშ და ევროპის წამყვანი ქვეყნები, სადაც ტურისტების დიდი მოზღვავებაა, ეკონომიკა და ა.შ. ამას ემატება ისიც, რომ ეს ქვეყნები პანდემიას არ ელოდებოდნენ, ანუ, ეს მათთვის მოულოდნელი იყო და რაც მთავარია, რეაგირება ძალიან დაგვიანებული იყო.
მართალია, აშშ ამ ყველაფერს ჩინეთს აბრალებს, მაგრამ, ფაქტია, რომ ასე იყო თუ ისე, ისეთი დიდი ქვეყნები, რომლებსაც უზარმაზარი რესურსები გააჩნიათ, მათ წინასწარ უნდა ჰქონოდათ გარკვეულწილად თავიანთ ეროვნულ უსაფრთხოების კონცეფციებში პანდემიის სცენარის მსგავსი გეგმა.
როგორც ვიცი, ეს აქვთ, მაგრამ, უბრალოდ ეს არ განუახლებიათ იმიტომ, რომ ძირითადი აქცენტები კეთდებოდა ისეთ საფრთხეებზე, როგორიცაა - საერთაშორისო ტერორიზმი, ბირთვული განიარაღება და სხვა.
ამ დროს კი პანდემიასთან დაკავშირებულ კვლევებზე და მსგავს მნიშვნელოვან რაღაცეებზე ფაქტიურად თანხები არ იხარჯებოდა, იმიტომ, რომ არავის არ ეგონა, რომ შეიძლებოდა ასეთი სასიკვდილო და საზარელი შედეგები ჰქონოდა ამ ყველაფერს.
"რ": შესაძლებელია თუ არა, რომ პანდემიის გამო ევროპაში შესასვლელად დამატებითი რეგულაციები შემოვიდეს, ასე ვთქვათ კორონავირუსის პასპორტი?
კ.კ.: ამაზე ევროპის წამყვანი ქვეყნები უკვე მუშაობენ, ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ისინი მსჯელობენ იმაზე, თუ ეს როგორ გააკეთონ ისე, რომ რაღაც ოქროს შუალედი იპოვონ.
მაგალითად, ისეთი ქვეყნები როგორიც - იტალია, ესპანეთია, რომლებიც ტურისტულ შემოსავლებზე არიან დამოკიდებულები, ისინი ფიქრობენ, რომ თუ ამას ზედმეტად გაამკაცრებენ, მაშინ შესაძლოა ამან მათ ეკონომიკას დაარტყას და ამიტომ ფიქრობენ თუ როგორ გააკეთონ ისე, რომ თან უსაფრთხოების მინიმალური პირობები და თან ოქროს შუალედი დაიცვან.
ჩეხეთმა საზღვარი პირველმა გახსნა და ტურისტებს პირველი რა მოთხოვნაც წაუყენა ესაა ის, რომ ან ორი კვირა კარანტინში უნდა იყვნენ, ან საღვარზე შესვლისას ცნობა უნდა წარადგინონ, რომ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში მას კორონავირუსი არ აქვს, ანუ ყველა სახელმწიფო დაახლოებით ასეთ მოთხოვნებს დააყენებს, რაც საზღვრის უფრო მეტ კონტროლს გამოიწვევს.
"რ": პანდემიის ფონზე აშშ და ჩინეთი დაუპირისპირდნენ. რა არის ამ დაპირისპირების რეალური მიზეზი?
კ.კ.: ჩინეთ ამერიკის დაპირისპირებას დიდი ხნის საფუძველი აქვს, პოლიტიკური, სამხედრო და სხვა სახის, პანდემია კი ერთ-ერთი საკითხია,რომელიც შიდა პოლიტიკის საკითხიც გახდა იქიდან გამომდინარე, რომ მალე ტრამპი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და მისთვის ძალიან უხერხული შეკითხვა იქნებოდა, რომ შეერთებულმა შტატებმა რატომ დააგვიანა პანდემიასთან გამკლავება, როცა ყველანაირი ფინანსური რესურსი ჰქონდა, ბუნებრივია რომ ასეთ დროს ადვილია დააბრალო ჩინეთს.
ჩინეთიც ბუნებრივია აშშ-ს აბრალებს, რუსეთიც და ჩინეთიც ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამერიკელებმა ეს ვირუსი სპეციალურდ გაავრცელეს, ეს იდეოლოგიური დაპირისპირების მომენტებია, რომელიც არა მგონია, რომ რამე უფრო დიდში გადაიზარდოს.
ჯერჯერობით მხოლოდ ისაა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას უწყვიტავს, რადგან ფიქრობს რომ ეს ორგანიზაცია ჩინეთის ინტერესებს უფრო ატარებს, აქედან გამომდინარე დაპირისპირებას ეს შედეგი მოჰყვა.