თამარ შუკვანი
01.05.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ კვლავ მოიმატა. ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით 27 პირი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა - 6. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ორი გამოჯანმრთელდა, რომელთაგანაც ერთი მოზარდია. ამასთან, 27 ახალი შემთხვევიდან 13 პაციენტი ბოლნისის ე.წ. კლასტერიდანაა.

„გუშინ 539 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, დაგვემატა 27 და ქვეყანაში 566 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებული იყო 178 ადამიანი, შეემატა 6 და ახლა ჯამში 184 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემებს თუ შევაჯერებთ, ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 376 პაციენტი მკურნალობს.

„27 პაციენტიდან 13 პაციენტი ბოლნისის წყაროა, ერთი თეთრიწყაროსია, ორი მარნეულისაა, 4 საკარანტინე სივრციდანაა და დანარჩენის წყაროს მოძიება ახლა ხდება. ჩვენთან ამ 27 პაციენტიდან არც ერთი არ არის შემოყვანილი, ანუ ჩვენთან იგივე მონაცემები რჩება, გუშინ 43 დადასტურებული პაციენტი გვყავდა, აქედან 2 გამოჯანმრთელდა და ამჟამად 41 პაციენტი გვრჩება, საერთო ჯამში, 67 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს.

„11 მოზარდიდან ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა, იმ ორ გამოჯანმრთელებულში 1 მოზარდია. სამი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ ფასდება, როგორც განსაკუთრებით მძიმე, სიტუაცია მართვას და მკურნალობას ექვემდებარება. რამდენიმე დღეში ისინიც თავიანთი საშუალო სიმძიმის პაციენტებში გადაინაცვლებენ," - აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას, როგორც მისმა დირექტორმა, ლევან რატიანმა თქვა, რეანიმაციაში მყოფი 8 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 5-ის კი კვლავ მძიმე რჩება. რაც შეეხება სხვა განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტებს, როგორც რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

„რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 8 პაციენტი, აქედან 3 არის სპონტანურ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და რამდენიმე დღეში გადმოვლენ განყოფილებებში. 5-ის მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ერთი დადებითი კლინიკა ვლინდება, რომ ჰემოდინამიკის სტაბილიზაციისთვის არც ერთ მათგანს დამატებითი ჩარევა არ სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შოკის კლინიკა ამ პაციენტებთან მოხსნილია. სხვა განყოფილებებში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. უარყოფითი დინამიკის გარეშე,"- აღნიშნა რატიანმა.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდ-19-ის დიაგნოზით, ოთხი პაციენტი შეიყვანეს. როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, 13 პაციენტის მდგომარეობა - საყურადღებო.

„ბოქსირებულ სექტორში არის 74 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 63. 18 წლამდე ასაკის პირები არიან 12-ნი. 13 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და ერთი პაციენტი რჩება მძიმე. დაემატა 4 ახალი პაციენტი. დედა-შვილი, რომელიც არის გორიდან და მეორე დედა-შვილი, რომლის ოჯახი ჩვენთან მკურნალობდა და ცნობილი კლასტერია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - თქვა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ორი დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა, მაკა სოლოღაშვილის თქმით, პაციენტი თავს მდგომარეობის შესაბამისად გრძნობს და რაიმე დამატებითი ჩივილი არ გამოვლენია.

ცნობისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის 566 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 184 გამოჯანმრთელდა. მათ შორის გარდაცვლილი 6 პირია. კარანტინის რეჟიმში 5 320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×