
ახალი კორონავირუსის თვისებებიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი შექმნა მხოლოდ ხელოვნურადაა შესაძლებელი, თუმცა, ვირუსმა შესაძლოა ასევე განიცადოს ცვლილებაც. ამის შესახებ „რეზონანსს" ექიმ-ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების კომენტირებისას უთხრა, რომელიც ამტკიცებს, რომ კოვიდ-19 ჩინეთის უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა.
ამერიკის ლიდერი ჩინეთს ვირუსის სპეციალურად გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ჩინეთმა ან ვერ შეაჩერა კორონავირუსი, ან მის გავრცელებას ხელი არ შეუშალა.
კითხვაზე, აქვს თუ არა მას ნანახი მტკიცებულება, რამაც დაარწმუნა, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ტრამპმა უპასუხა, რომ მას ასეთი მტკიცებულება ნანახი ჰქონდა.
„დიახ, ნანახი მაქვს,"- თქვა პრეზიდენტმა, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა: „არ შემიძლია გითხრათ, უფლება არ მაქვს ეს გითხრათ."
ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კოვიდ-19-ის მსგავსი ვირუსი აქამდე არ ყოფილა, რაც აჩენს ეჭვს, რომ მისი შექმნა მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი:
„ფაქტია, რომ ძალიან ბევრი დადებითი რამ მიიღო ჩინეთმა ამ ვირუსის გავრცელების შემდეგ; ამბობენ, რომ მთელი აქტივები შეისყიდა უკან დაბალ ფასში, რაც მათი ეკონომიკისთვის ძალიან დიდი პლიუსია.
„აქ საუბარია იმაზე, რომ ვირუსს აქვს ძალიან ბევრი ისეთი სპეფიციკური თვისება, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა. ბუნებაში ასეთი ვირუსი აქამდე არ იყო. თითქოს მოდერნიზირებულია, თუმცა ბუნებაშიც ხდება მუტაცია.
„როდესაც ვირუსი ერთი ორგანიზმიდან მეორეზე გადადის, ძალიან ხშირად პასაჟირება ხდება, რომ გააძლიერონ ვირუსი, ანუ ვირუსი როცა ებრძვის ორგანიზმში არსებულ ანტისხეულებს, ამ დროს პრაქტიკა ემატება, ძლიერდება, მათი „შვილობილები" ბევრად უფრო შეგუებულები და ძლიერები არიან.
„ვირუსი, რომელიც გადაედო ღამურიდან ადამიანს, ბევრად უფრო გაძლიერდა, რადგან იქ უფრო კარგი საშუალება დახვდა გამრავლებისათვის, ადამიანებზე გადაცემის შედეგად გაძლიერდა და მიიღო ასეთი გადამდებლობის მაღალი უნარი. მთავარი პრობლემა გადამდებლობაა. დროული დახმარების შემთხვევაში სიკვდილიანობა ძალიან დაბალია.
„როდესაც მსგავსი ვირუსის გავრცელება ხდება და ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, ძალიან დიდი დანაშაულია," - აღნიშნა ხმალაძემ.
ცნობისათვის, სიენენმა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ჩინეთის დასჯას აპირებს. მედიის ცნობით, აშშ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას აპირებს, მათ შორის სანქციებს, სასესხო ვალდებულების გაუქმებასა და ახალი სავაჭრო პოლიტიკის შედგენას.