ია აბულაშვილი
01.05.2020

„საგანგებო მდგომარეობის დროს აღმასრულებელ ხელისუფლებას სრული დელეგირება იმიტომ მიეცა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ აქვთ ჩარევის გარეშე მართონ პროცესი. როცა საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, შეიძლება შეიქმნას კომისია და დადგინდეს როგორ მუშაობდა ხელისუფლება" - ასე ეხმაურება „ოცნების" დეპუტატი რევაზ არველაძე ყოფილი თანაგუნდელის თამარ ჩუგოშვილის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი გადაჭარბებული და არაპროპორციულია.

„მეორე თვეა, არცერთი საკომიტეტო თუ პლენარული სხდომა არ ჩატარებულა, სადაც მთავრობის მიერ გატარებული ზომების სათანადოდ შეფასება მოხდებოდა, რამდენად სწორად იგეგმება კრიზისის დაძლევის ნაბიჯები, ან ხომ არ ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მათზე დელეგირებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. პარლამენტი უნდა მუშაობდეს საგანგებო რეჟიმშიც, ამიტომ მივმართავ ბიუროს წევრებს, რომ პარლამენტის სამუშაო განრიგი განისაზღვროს" - აცხადებს ჩუგოშვილი.

„ჩვენც ვიცავთ იმ რეკომნედაციებს, რომელიც გაიცემა და როგორ გინდა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიცვა 2 მეტრიანი დისტანცია. თუ განსაკუთრებული შემთხვევა იქნება, რა თქმა უნდა განსაკუთრებული სიფრთხილით შევიკრიბებით, მაგრამ ამ ეტაპზე შეკრების აუცილებლობას ვერ ვხედავ. თანაც აღმასრულებელ ხელისუფლებას სრული დელეგირება იმიტომ მიეცა, რომ ყოველგვარი ჩარევის გარეშე არის პასუხისმგებელი მართოს პროცესები. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, კი ბატონო, შეიძლება შეიქმნას კომისია და დადგინდეს, როგორ მუშაოდა ხელისუფლება და დააშავა თუ არა რამე.

ჯერ დრო გვაქვს, 22 მაისამდე არის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული. იმედია, არ დაგვჭირდება გაგრძელება; ივნისში დიდი ალბათობით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასაც მოვახერხებთ, არჩევნები დათქმულ ვადებში რომ ჩატარდეს, მაგრამ როგორც წავა საქმე პანდემიასთან დაკავშირებით 100%-იანი გარანტია არავის აქვს," - განაცხადა „რეზონანსთან" რევაზ არველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×