
როგორ გადაწყდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი უკრაინაში და შეცვლის თუ არა მისი თანამდებობაზე დანიშვნა საქართველო–უკრაინის ურთიერთობებს. მკაცრი მუქარანარევი შეტყობინებები და განცხადებები ოფიციალური თბილისიდან, სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ. თუმცა როგორც გაირკვა სააკაშვილი არა ვიცე -პრემიერად, არამედ შეიძლება სრულიად სხვა თანამდებობაზე მოგვევლინოს.
უკრაინული მედიის მიერ 30 აპრილს გავრცელებული ცნობების თანახმად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილს სხვა თანამდებობა შესთავაზოს და, სავარაუდოდ, ლაპარაკი აღარ არის ვიცე-პრემიერის პოსტზე.
ზელენსკისგან შეთავაზება რომ მიიღო, ეს განცხადება თავად მიხეილ სააკაშვილმა გაახმაურა 22 აპრილს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება არ გაუკეთებია თავად ზელენსკის და მისი სახელით ძირითადად ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია გამოდიოდა.
რა შეიძლება მოხდეს სააკაშვილის დანიშვნით მაღალ თანამდებობაზე უკრაინაში?-ამის შესახებ „რეზონანსი“ ანალიტიკოსებს ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციაურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ „საქართველო და უკრაინა მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებულია ხალხთა შორის საუკუნოვან მეგობრობასა და პატივისცემაზე, ჩვენს საერთო ინტერესებსა და სწრაფვაზე. მიუხედავად ამისა, ამ დღეებში ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე განიხილავს კანდიდატურას, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამან გამოიწვია ჩვენი - საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების საფუძვლიანი შეშფოთება და მკვეთრი რეაგირება.“
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი თავის უკრაინელ კოლეგა დმიტრო რაზუმკოვს 24 აპრილს წერილი გაუგზავნა, სადაც იგი სააკაშვილის ვიცე-პრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშვნის გამო შეშფოთებას გამოხატავს. თალაკვაძემ წერილში ორ ქვეყანას შორის არსებულ „სტრატეგიულ პარტნიორობას“ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა „ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას“.
უკრაინაში სააკაშვილის აქტიურ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას მმართველი გუნდის სხვა წევრების შეშფოთებაც მოჰყვა. „საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,“ – განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ.
გახარიამ არ გამორიცხა, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინაში საქართველოს ელჩი მინიმუმ კონსულტაციებისთვის გამოიწვიონ.
საქართველოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადასა და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს. განცხადებაში, რომელსაც ხელს 15 სუბიექტი აწერს, აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენა ორ მეგობარ სახელმწიფოს მხოლოდ დააახლოებს.
მიმართვას ხელს აწერენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გრიგოლ ვაშაძე; დამოუკიდებელი დეპუტატი – ნატო ჩხეიძე; „ახალი საქართველო“ – გიორგი ვაშაძე; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა; მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ – ნიკა მაჭუტაძე; „გამარჯვებული საქართველო“ – გურამ ჩალაგაშვილი; „კანონი და სამართალი“ – თაკო ჩარკვიანი; „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – შოთა მალაშხია; „ემსახურე საქართველოს“ – მურმან დუმბაძე; „ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია; საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო ლიდერთა შორის“ – მამუკა გამყრელიძე; „ახალი საქართველოსთვის“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე; „საქართველოს პარლამენტართა ასოციაცია“ – მანანა ჯებაშვილი; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ – ზურაბ ხარატიშვილი; გუბაზ სანიკიძე –პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ისტორიკოსი.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მართალია სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა გარკვეულ უხერხულობას ქმნის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები დიპლომატიურ და მეგობრულ ურთიერთობებს გასცდა, შანტაჟი, მუქარა და ათასი უბედურება იგრძნობოდა.
„სამწუხაროა რა განცხადებებიც გაკეთდა. ამან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკვე დააზიანა. რაც არ უნდა მოხდეს ამის შემდეგ უკრაინაში, გასაგებია, რომ უკრაინელები დღევანდელი ხელისუფლებას სხვანაირად შეხედავენ და ამას თავისი ნეგატიური შედეგები აუცილებლად მოჰყვება. რაში, კონკრეტულად ამას სამომავლოდ დავინახავთ. მე არ ვამბობ, რომ რეაქცია არ უნდა ყოფილიყო, უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს კორექტული და დიპლომატიურ ჩარჩოებს არ უნდა გასცდენოდა. ჩვენს ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების გამო გაკვირვება უნდა გამოეთქვა და წერტილი დაესვა. და არა ხელის და თითის ქნევა, რაც უსაგნო და გადაჭარბებულია. სინამდვილეში არც არაფრის თავი არა აქვთ. რას ბაქიბუქობენ ჩემთვის სრულიად გაუგებარია“, - ამბობს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, სააკაშვილის ვიცე-პრემიერად არდანიშვნა საქართველოს განცხადებების გამო არ მოხდა. ფიქრობს, რომ სააკაშვილის შანსები საქართველოს ხელისუფლების განცხადებებმა კი არ შეამცირა, პირიქით, გაზარდა. იქაური პოლიტიკური ელიტა ამის გამო უფრო გაღიზიანდა ვიდრე ანგარიში გაუწია.
„სააკაშვილის დანიშვნა არ დანიშვნა უფრო იქაურ პოლიტიკურდ გარემოსა და პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული. მისი დანიშვნის წინააღმდეგები სერიოზული ძალები არიან. მათ შორის ჩვენ ვიცით, რომ ავაკოვთან სააკაშვილს საკამოდ მძიმე ურთიერთობა აქვს. გასაგებია, რომ პოროშენკო და ოპოზიციური ძალები კატეგორიულად წინააღმდეგები არიან და მის დანიშვნას ხელს მაქსიმალურად შეუშლიან. ეს ოლიგარქიული სისტემა სააკაშვილის მოწინავე ფიგურად გამოყვანას პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, შეეწინააღმდეგება. რაღაცნაირად დალაგებული სისტემა ისევ აერიოთ, არ სურთ“, -ამბობს ხუხაშვილი.
რაც შეეხება იმას რაში სჭირდება ზელენსკის სააკაშვილი ახლა და რატომ უღირს ის ასეთ აჟიოტაჟად, ხუხაშვილი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს რამდენიმე მოტივი აქვს. მისი აზრით, ზელენსკიმ უკრაინაში კორუფციის მანკიერი ჭაოები ვერ ამოაშრო და მას ახლა ბულდოზერი სჭირდება, რომელიც ამ ფუნქციას აიღებს. ხოლო დაპირისპირების მთავარ ტალღას თავის თავზე აიღებს და უკრაინის პრეზიდენტი არბიტრის როლში გადავა. თუ სააკაშვილი ამ ბრძოლას მოიგებს, ზელენსკის სახელი იქნება, თუ წააგებს, ამითაც დიდს არაფერს დაკარგავს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებაც სააკაშვილს პოლიტიკური ქულების დასაწერად და პიარისთვის იყენებს. ჩვენი ხელისუფლება სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს საერთოდ თუ არ შეიმჩნევდა, მით უკეთესი იქნებოდა. მისთვის გაუგებარია რატომ ატყდა ახლა ასეთი ხმაური, როდესაც სააკაშვილი პოროშენკოს მრჩეველი საგარეო საკითხებში და ოდესის გუბერნატორი უკვე იყო. მაშინ ამას ასეთი მძიმე რეაქცია არ მოჰყოლია.
„რეალურად სააკაშვილს რაიმე თანამდებობაზე დანიშნავენ თუ არა, ამას ურთიერთობების გამწვავება არ უნდა მოჰყვეს. ჩვენი საქმე არ არის, უკრაინის მოქალაქეს სად დანიშნავენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყნის ურთიერთობა უნდა იყოს და არა ის სააკაშვილი რა თანამდებობაზე იქნება. თუ ხელისუფლებას სააკაშვილის ფიგურის ნეიტრალიზება მართლა სურს, მას ყურადღება საერთოდ არ უნდა მიაქციოს.
ხელისუფლება ცდილობს ისევ იგივე კარტი გაათამაშოს, რასაც აქამდე ათამაშებდა. არაფერი ახალი არ ხდება. თუ ხელისუფლებას უკრაინასთან რეალურად ურთიერთობის გაფუჭება უნდა და ამისთვის სააკაშვილს იყენებს, ეგ სხვა თემაა და სხვა რამესთან გვაქვს საქმე“, - ამბობს ძაბიარძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ზელენსკს სააკაშვილი არა იმისთვის სჭირდება, რომ მან კორუფცია და იქ არსებული სიტუაცია რადიკალურად ვერ შეცვალა. პრეზიდენტი კი შეიცვალა, მაგრამ მდგომარეობა არ შეცვლილა. ამიტომაც სააკაშვილს, როგორც პოროშენკომ გამოიყენა, ისე იყენებს ფარად. თუ უკრაინის პრეზიდენტს რეალური საქმის კეთება უნდა, მაშინ სააკაშვილისგან რჩევებს მიიღებს და მას ასე ღია მოთამაშედ არ გამოიყვანდა.