თამთა ჩაჩანიძე
02.05.2020

„მგონია, რომ ხელისუფლებამ არათუ ოქროს შუალედი მოძებნა, ამისგან ჯერ ძალიან შორსაა და უფრო ღრმა ანალიზია საჭირო იმ პროცესებისა, რაც საზოგადოებაში მიდის და არა მთავრობაში ან ოპოზიციაში და ა.შ." -ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ვახტნგ ძაბირაძემ ისაუბრა, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად უნდა დაიწყოს არსებული შეზღუდვების გაუქმება, თორემ ერთ თვეში ყველა იმ პოლიტიკურ დივიდენტს დაკარგავს, რაც გასული ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლით მოიპოვა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მეტად ეფექტური და აგრესიული პოლიტიკის გატარება, რადგან აღდგომის დღესასწაულების შემდგომი კვირების ეპიდემიოლოგიურმა სურათმა აჩვენა, რომ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა შესაძლებელია.

„ჩემი შეხედულებით, ხელისუფლებას ოქროს შუალედი ნაპოვნი არ აქვს. ასეთ ვითარებაში კი ხელისუფლების მთავარი ამოცანა სწორედ ესაა. ის ეტაპები, რომელიც ხელისუფლებამ გამოაცხადა, ერთმანეთთან ძალიან დაშორებულია და ამ მხრივ გაცილებით აგრესიული პოლიტიკაა გასატარებელი, ვიდრე ამას ხელისუფლება გეგმავს.

„მომდევნო კვირის ბოლოს უნდა დაიწყოს ფართო მასშტაბის ბიზნესის გახსნა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ ოთხი დიდი ქალაქის გახსნა უნდა მოხდეს, თორემ ძალიან კატასტროფული მდგომარეობა იქნება. ერთ თვეში ხელისუფლება ყველა იმ პოლიტიკურ დივიდენტს დაკარგავს, რაც გასული ერთი თვის განმავლობაში მოიპოვა.

„ერთ კვირას იმიტომ ვამბობ, რომ თუ აღდგომის დღესასწაულებმა ეპიდემიური ვითარება დაამძიმა, იმ კვირაშივე უნდა გამოჩნდეს. უკვე ორი კვირაა გასული. სხვა შანსი არაა - უკვე უნდა გაიხსნას. ჩვენ ამას ვერ გავუძლებთ და ხალხიც აღარ დაემორჩილება.

„ან ხელისუფლება ნელ-ნელა, დოზირებულად, მაგრამ აგრესიულად გახსნის ეკონომიკას, ან ამას ხალხი გააკეთებს და ხელისუფლებას იმისი ძალა არ ექნება, რომ ეს ხალხი უკან იზოლაციაში დააბრუნოს და არც იმის ძალა ექნება, რომ იხელისუფლოს.

„ხელისუფლებას პრობლემები ახლა ეწყება, იმიტომ, რომ არსებული ვითარება ერთნაირად ურტყამს სოფელს, ქალაქს, საშუალო ბიზნესს, მცირე ბიზნესს ხომ საერთოდ ანადგურებს.

„რაც შეეხება არსებულ დახმარებებს, კი არ ვამბობ, რომ მეტი შეეძლო და არ მისცა, არამედ სოციალურად არასამართლიანადაა გადანაწილებული და რაც მთავარია, არ ჩანს ხელისუფლების კონცეპტუალური ხედვა, რომელმაც პანდემიის დამთავრებამდე უნდა მიგვიყვანოს და კრიზისიდან გამოგვიყვანოს.

„რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებას, რომ თურმე ოპოზიცია განულდა, ოპიზიცია გინდა განულდეს და გინდა ნუ განულდება - ახლა პრობლემა ეს არაა. ახლა პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობაში რთული პროცესები იწყება. ამიტომაც მგონია, რომ ხელისუფლებამ არათუ ოქროს შუალედი მოძებნა, ამისგან ჯერ ძალიან შორსაა და უფრო ღრმა ანალიზია საჭირო იმ პროცესებისა, რაც საზოგადოებაში მიდის და არა მთავრობაში, ან ოპოზიციაში და ა.შ." - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×