თამთა ჩაჩანიძე
02.05.2020

„ვხედავთ, რომ ავტომობილებზე შეზღუდვები რაც იყო, მოიხსნა. ვფიქრობ რომ შემდეგი ეტაპი უნდა იყოს დიდ ქალაქებთან მიმართებაში შეზღუდვის მოხსნა და თანდათან უნდა მივყვეთ."- ამის შესახებ „რეზონანსთან"პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შერბილება, ან მოხსნა მხოლოდ ეპიდ-ვითარებაზეა დამოკიდებული.

იგი ამასთანავე იმედოვნებს, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით ქვეყანაში ვითარება არ გართულდება, რაც, მისი თქმით, ხელისუფლებას მისცემს იმის საშუალებას, რომ მომავალი კვირიდან დაწესებული შეზღუდვების თანდთანობითი მოხსნა დაიწყოს.

„შეზღუდვები დაწესდა იმის მიხედვით, თუ ჩვენ რა ეპიდვითარება გვქონდა, ასევე მოხსნაც და შემსუბუქებაც ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, ანუ ეპიდვითარება რა საშუალებას გვაძლევს, თუ ეპიდვითარება მსუბუქდება, რა თქმა უნდა ავტომატურად რეგულაციების შემსუბუქება მოხდება, მაგრამ თუ ეპიდვითარება გართულდა, მაშინ შესაძლოა აქამდეც მიღებული გარკვეული შეღავათების გამკაცრებაც დაგვჭირდეს. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება, მაგრამ ამის თეორიული შანსი ნამდვილად არსებობს.

„გასათვალისწინებელია ის, რომ ჩვენ კრიზისულ ფაზაში ვართ, ანუ ეპიდემიოლოგები კრიზისულ ფაზას ითვლიან შიდა გავრცელების დაწყებიდან მე-6-7-8 კვირას, ახლა სწორედ ამ პერიოდში ვიმყოფებით, შიდა გავრცელების პირველი ფაქტიდან მეშვიდე კვირაში ვართ, ამიტომ ახლა მეტი სიფრთხილე და მეტი ყურადღება გვჭირდება და არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ეპიდემია არ დასრულებულა, ჩვენ ეპოდემიოლოგიურად ასე ვთქვათ სასურველად გამოვიყურებით,მაგრამ პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს.

„ამიტომ ჩვენ რომ ყველასათვის სასურველი შედეგით დავასრულოთ ეს პროცესი და ეს საკმაოდ რთული გამოწვევა საჭიროა, რომ გამკაცრებაც და შემსუბუქებაც ადეკვატური იყოს,ჩვენ რა თქმა უნდა ახლა ვგეგმავთ, რომ შევამსუბუქოთ,ეტაპობტივი შემსუბუქების გეგმაც დავდეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეპიდვითარებას თვალყურს ვადევნებთ, მაქვს იმედი, რომ ჩვენ ამ ამ გეგმით წავალთ და შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივდ მოხდება. რა თქმა უნდა მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები არ მივიღოთ.

„ვხედავთ, რომ ავტომობილებზე შეზღუდვები რაც იყო, მოიხსნა. ვფიქრობ, რომ შემდეგი ეტაპი დიდ ქალაქებთან მიმართებაში შეზღუდვის მოხსნა უნდა იყოს და თანდათან უნდა მივყვეთ. მთავარი მიზანი ისაა, რომ ჩვენ რეგულაციების მოხსნით ეპიდვითარება ქვეყანაში არ გავართულოთ, თუმცა, მოხსნაც აუცილებელია. ამიტომ გეგმაზომიერად უნდა მივყვეთ და ყველასათვის სასურველ შედეგზე გავიდეთ, როგორც ახლა ყველასგან გამოვირჩევით, გვაქვს მინიმალური დანაკარგები და მინიმალური ზიანი, რაც ჩვენზე უფრო ფინანსურადაც და ინსტიტუციონალურადაც მძლავრმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს ნაკლები ზიანით და ნაკლები დანაკარგებით ამ ეტაპების გავლა.

„თუ ყველაფერი გეგმის თანახმად წავიდა, შესაძლოა დიდ ქალაქებზე შეზღუდვების მოხსნა უახლოეს კვირაში იყოს. მე იმედი მაქვს, რომ ეპიდვითარება მოგვცემს საშუალებას, რომ უახლოეს კვირაში ეს შეზღუდვა მოვხსნათ და კიდევ სხვა შეზღუდვებიც, მაგრამ აქ საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება და ქცევაა აუცილებელი, თორემ ეპიდვითარება შესაძლოა გააფუჭოს არა მხოლოდ რეგულაციების უადგილო და ნაადრევმა შემსუბუქებამ, ან იმ რეგულაციის შემოღებამ, რომელიც საჭირო არაა, არამედ ეპიდემიოლიგიური სურათი ასევე შეიძლება საზოგადოების არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ გააფუჭოს.

„ამიტომ ეს კომპლექსურად განსახილველი საკითხია და სწორედ ასე იხილავს საკოორხინაციო საბჭო და სწორედ საბჭოს სამოქმედო გეგმა კი უკვე საერთაშორისო საზოგადოებისთვისაა მოსაწონი, რომელსაც არაერთი ქვეყანა აღიარებს. რომც არ აღიარონ, ყველაფერი შედეგით იზომება. სხვებთან შედარებით ნაკლები ზიანი და დანაკარგი გვაქვს. თუმცა მინდა ვთქვა, რომ რვა გარდაცვლილი ძალიან მძიმეა, რომელთა ოჯახებს ვუსამძიმრებ.

„მაღალი სიზუსტით ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რომელი რეგულაცია რომელ დღეს და რომელ საათს მოიხსნება. რაც შეეხება კომენტანტის საათს, ვფიქრობ რომ მისი მოქმედების საჭიროება დღეს აუცილებელია და მისი მოხნა ჯერ ნაადრევია", - აცხადებს იგი.

„ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს და სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა, რაზედაც ხუნდძე ამბობს, რომ ეპიდკრიზისულ ფაზაში ასეთი სახის მოწოდება პოლიტიკური სარგებლის ძიებაა, რომელიც მისივე აზრით, ხიფათის შემცველია.

„ვფიქრობ, რომ ესაა არასერიოზული, უადგილო და ხიფათის შემცველი განცხადება, რამეთუ კრიზისულ ფაზაში პოლიტიკურად შეზავებული განცხადებების გაკეთება და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური სარგებლის ძიება იმ დროს, როცა ამ მოწოდებებით და განცხადებებით მეორე მხარეს რისკზე საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას დებ, ეს რა თქმა უნდა არასერიოზული და მავნებლურიცაა" - განაცხადა ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×