
დასავლეთის სპეცსამსახურები ჩინეთს ახალი კორონავირუსის გავრცელების დამალვაში სდებენ ბრალს. ხუთი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები გაერთიანდნენ ჩინეთის წინააღმდეგ და 15 გვერდიან დოკუმენტში განმარტეს, რომ ჩინეთმა განგებ ჩააყენა საფრთხეში მთელი მსოფლიო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „დეილი ტელეგრაფი" იუწყება.
აშშ-ის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები გაერთიანდნენ „ხუთი თვალის" სადაზვერვო კავშირში იმისთვის, რომ გამოიძიონ ჩინეთში, კერძოდ, უჰანის პროვინციაში კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების საკითხი.
ერთ-ერთი მთავარი ბრალდება არის ის, რომ ჩინეთისთვის ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გახდა, თუმცა ოფიციალური პეკინი ამ მონაცემებს მალავდა.
15 გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ ჩინეთისთვის ცნობილი იყო ვირუსის სპეციფიკა. კერძოდ, ის, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადადის და თან მცირე დროში.
დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად არსებული საფრთხისა, ჩინეთის მიერ ახალი კორონავირუსის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო და მაქსიმალურად ცდილობნდნენ მის დამალვას, ხოლო ბიომასალები კი არ გადაუგზავნეს სამეცნიერო ჯგუფს კვლევებისთვის.
ტაივანი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შეშფოთება გამოხატა ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომიტეტმა კორონავირუსის ნიმუშების განადგურების ბრძანება გასცა.
უნდა ითქვას, რომ თავად „ხუთი თვალის" სადაზვერვო კავშირშიც არ არის ერთსულოვნება ვირუსის გავრცელების მეთოდთან დაკავშირებით. მაგალითად, ავსტრალიაში მიიჩნევენ, რომ უჰანში აღმოჩენილი ვირუსი ბაზრის დახლებზე გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, ავსტრალია მიიჩნევს, რომ ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა.
თუმცა, დანარჩენი ოთხი ქვეყანა კოვიდ-19-ის გავრცელებას უჰანის ლაბორატორიას და ხელოვნურ მეთოდებს უკავშირებენ.
ჩინეთი კორონავირუსის არსებობის ფაქტს 2020 წლის 20 იანვრამდე მალავდა - „ხუთი თვალის" მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომიტეტმა კორონავირუსის ნიმუშების განადგურების ბრძანება 3 იანვარს გასცა და უცნობის ინფექციის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება აკრძალა.
მოხსენებაში ფიგურირებს მეცნიერთა ჯგუფი ექიმ ში ჟენლის ხელმძღვანელობით უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან, რომელმაც 2013 წელს ღამურების ფეკალური მასები გამოიკვლია. საუბარია იმ ღამურებზე, რომლებიც იუნნანის პროვინციის გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ნიმუშები 96.2% ჰგავს SARS-CoV-2-ის სახის ვირუსს, რომელიც კორონავირუსის სახის ინფექცია კოვიდ-19-ს იწვევს.
2019 წელს ჟენლიმ და მისმა გუნდმა სამეცნიერო ჟურნალში გამოავეყნა სტატია სათაურით „ღამურების კორონავირუსი".
„სავარაუდოა, რომ SARS და MERS (აქლემის გრიპი) სახის ვირუსების მომავალი აფეთქებები, რომელის ჰგავს კორონავირუსს, წამოვა ღამურებისგან და დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ეს მოხდება ჩინეთში", - წერია სამეცნიერო სტატიაში.