რეზონანსი
04.05.2020

სამედიცინო უნივერსიტეტ "გეომედის" პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ნაყოფის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე პაპიტაშვილი ამბობს, რომ როცა ადამიანი აცემინებს ან ახველებს, ნერწყვი ღრუბლის სხით გამოიყოფა. მას ჩვენ ვერ ვხედავთ, რადგან მიკრონული ნაწილაკებია, მაგრამ სიბნელეში სახის წინ პროჟექტორს თუ გაანათებთ, დაინახავთ ამ ღრუბელს, როგორც მტვერს, რომელიც ჰაერში დაფრინავს. პროჟექტორის განათებით დამტკიცდა, რომ ლაპარაკით ვირუსი 2 მეტრამდე, დახველების დროს 3,5 მეტრამდე, დაცემინებისას კი 5,5 მეტრამდე გადაეცემა.

"დამტკიცდა, რომ კორონას სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა ცელსიუსით 4-დან 8 გრადუსამდეა. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად შრება ვირუსიანი ნერწყვის უხილავი ნაწილაკები და ვირუსი კვდება. ამიტომ, თუ ტემპერატურა 30-40 გრადუსამდეა, ვირუსი ჰაერში 3-4 წუთს რჩება, თუ 0 გრადუსამდეა - 1 საათამდე. თუ ყინვაა, ნერწყვის პატარა ნაწილაკები იყინება და დაბლა ცვივა. დაახლოებით -5 გრადუსიდან და უფრო დაბლა ისინი ძირს ცვივიან და ინფიცირების უნარს კარგავენ.

საერთოდ, კორონავირუსის გადაცემა უფრო ხშირია კოლექტივებსა და ქუჩაში. წარმოიდგინეთ, მიდიხართ ქუჩაში და თქვენ წინ მიდის ორი უპირბადო ადამ­იანი, რომლებიც ხმამაღლა ლაპარაკობენ­. იმ ორიდან ერთი მაინც თუ დაინფიცირებულია, გამოყოფს ამ ღრუბელს და მისი დიამეტრი ამ შემთხვევაში არის 50-80 სმ.

ინფიცირებული მიდის და უკან ტოვებს ღრუბლის შლეიფს. თუ უკან მიჰყვება ვინმე და კომბინეზონი არ აცვია, დაინფიცირება გარდაუვალია. პირბადეც რომ ჰქონდეს, შეიძლება ვირუსი თვალის ლორწოვანზე, თმაზე, ასევე ტანსაცმელზე მოხვდეს (უკვე ლაპარაკია ფეხსაცმელზეც). ნიღაბი არის 80%-იანი დაცვა და ეს შენი დაცვა კი არა, შენგან დაცვაა. თუ ყველას უკეთია ნიღაბი,­ ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, ეს კულტურისა და სოლიდარობის ამბავია... როცა ასეთ ხალხს დაინახავთ, შლეიფური ინფიცირება რომ არ მოხდეს, უკან კი არა, გვერდით უნდა იარ­ოთ­, 2 მეტრის დაშორებით. ქარიან ამინდში ვირუსს ქარი ფანტავს და არ არის იმდენად საშიში, გადადების დიდი საშიშროება ნორმალურ ამინდშია.

ამერიკელების კვლევით, ტანსაცმელზე ვირუსი 3-დან 12 საათამდე შეიძლება გაჩერდეს. ამინდს გააჩნია - თუ სინოტივე მაღალია, ვირუსი მასზე დიდხანს რჩება,­ თუ მშრალი ამინდია - ნაკლებად.

თუ ვიღაცამ გთხოვათ ტელეფონი,­ მაშინვე უნდა დაამუშაოთ. მაღაზიაში თუ ხართ, დაგირეკეს და ამოიღეთ ჯიბიდან,­ თან არ იცით, ინფექციის ღრუბელმა გაიარა­ თუ არა, უნდა დამუ­შავდეს.

პლასტიკსა და მეტალზე ეს ვირუსი­ 3-დან 7 დღემდე შეიძლება შენარჩუნდეს. საგნებს­ სპირტით თუ დაამუშავებთ, ის 70-გრადუსიანზე ნაკლები არ უნდა იყოს.

 ფულით ბევრი დაავა­დდა. ქაღალდსა და მუყაოზე ვირუსი­ 24 საათს ძლებს, მეტალის ფულზე კი 3 დღემდე ჩერდება. როდესაც მოლარე თქვენგან ფულს იღებს, მან სხვისგან აღებული ფულის მერე აუცილებლად უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით ხელთათმანიც", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ალექსანდრე პაპიტაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×