
„ცხადია, „ქართულ ოცნებას" ურჩევნია, რომ საპარლამენტო რჩევნები არსებული სისტემით გაიმართოს. მაგრამ თუ ასე მოიქცევიან, მაშინ მთელი მსოფლიოსთვის სრულიად აშკარა იქნება, რომ ისინი მიღწეულ შეთანხმებას დაარღვევენ", - ამის შესახებ „რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმლაძემ ისაუბრა.
უმრავლესობის დეპუტატისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გაგრძელების შემთხვევაშიც ესწრება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ახალი წესით ჩატარება.ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მმართველი გუნდი, საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის გახანგრძლივებას გეგმავს, რასაც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ხმალაძემ კითხვაზე, თუ რომელ რიცხვამდე შეიძლება გაიწელოს საგანგებო მდგომარეობა, რომ პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებების მიღება ვერ მოასწროს, გვიპასუხა, რომ ზუსტი რიცხვის თქმა ძნელია. თუმცა, მისი თქმით, აგვისტოს ბოლომდე ყველა ცვლილების ამოქმედება უნდა დასრულდეს, რადგან, წინაღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები აზრს კარგავს და 2020 წლის სპარლამენტო არჩევნები იგივე სისტემით ჩატარდება.
თავად ცლილებების განხილვა და მიღება, ხმალაძის შეფასებით, ორ კვირაშიც შესაძლებელია, თუმცა ამისათვის ჯერ ოფიციალურად უნდა მოიხსნას საგანგებო მდგომარეობა, რადგანაც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა და მიღება აკრძალულია.
შესაბამისად, ხმალაძის გამოთვლით, თუ საგანგები მდგომარეობის მოქმედება აგვისტოს შუა რიცხვებამდე გაგრძელდა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება ჩაიშლება და 2020 წლის არჩევნები ამჟამად მოქმედი წესით ჩატარდება და არა ახალი ვერსიით - 120/30.
„რომელ რიცხვამდე - ასე პირდაპირი პასუხის გაცემა შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ არჩევნები აგვისტოს ბოლომდე ოფიციალურად უნდა დაინიშნოს, არჩევნების დანიშვნისთვის კი უკვე ყველა ცვლილება უნდა იქნას მიღებული. ანუ, აგვისტოს ბოლომდე ყველა ცვლილების ამოქმედება უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ორთვიანი ვადა ჩაირთვება, რაც არჩევნებს სჭირდება. ამის შემდეგ უკვე ცვლილებების შეტანა უბრალოდ აზრს კარგავს და არჩევნებზე ვეღარ იმოქმედებს. ასე რომ, საკონსტიტუციო ცვლილებები აგვისტოს ბოლომდე უნდა იქნას მიღებული.
„თუ ძალიან სწრაფად იმოქმედებენ, განხილვის დაწყებიდან დასრულებამდე ცვლილებების შეტანის პროცესი შეიძლება ორ კვირაში ჩაეტიოს. ანუ ზაფხულის განმავლობაში უნდა მივიღოთ - ესაა უკიდურესი ვადა.
„ცხადია რომ მათ („ქართულ ოცნებას") ურჩევნიათ, რომ არსებული სისტემით გაიმართოს. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, აქამდე ყველა ცვლილება უკვე მიღებული იქნებოდა და ეს პროცესი ასე არ გაიჭიმებოდა. მაგრამ თუ ასე მოიქცევიან, მაშინ მთელი მსოფლიოსთვის სრულიად აშკარა იქნება, რომ ისინი მიღწეულ შეთანხმებას დაარღვევენ, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით იქნა მიღწეული", - განაცხადა ხმალაძემ.