
ინფლაციის მოთოკვის ყველა შესაძლებლობა, ჯერჯერობით, უშედეგოა. აპრილში ფასების ზრდის მაჩვენებელმა 6.9% შეადგინა. ფასები განსაკუთრებით გაზრდილი სურსათსა და პირველადი დანიშნულების საგნებზეა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა 9 პროდუქტზე ფასებს ასუბსიდირებს, ეს გაძვირებას ვერ აჩერებს. მომავალი კიდევ უფრო სავალალოა. სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ უარესის მოლოდინი აქვთ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებელს ის პროდუქცია განაპირობებს, რომელთან შეხებაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საერთოდ არ აქვს (ახალი ტექნიკა, თვითმფრინავის ბილეთები და ა.შ.) რაც შეეხება არსებობისათვის აუცილებელ პროდუქტებს, მათზე ფასის მატება ძალიან მაღალია. 2020 წლის აპრილში, გასული წლის აპრილთან შედარებით, ხილი - 45%-ით, რძის პროდუქტები - 23%-ით, ხორცპროდუქტები -15%-ით, ხოლო პურპროდუქტები 8.4%-ით გაძვირდა.
„საქსტატის“ ინფორმაციითვე, ჯანდაცვაზე „მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 4.9%-ით. ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (8.4%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (4.4 %) მიმართულებით.
ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს, რომ ქვეყანაში ძვირდება პირველადი მოხმარების საქონელი და მომსახურება. განსაკუთრებით საგანგაშოა სურსათის გაძვირება მაშინ, როდესაც ახლა გაიაფების ტენდენცია უნდა გვქონდეს. ამ დროს ფასების კლება კი არა, სახეზეა მატება და ეს, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება.
დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია გაძვირების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ პროდუქციის გაიაფებას აღარ უნდა ველოდოთ. თუ სამომავლოდ ლარი მკვეთრად აღარ გაუფასურდა, ძირითად პროდუქტებზე ფასების ცვლილება არ არის მოსალოდნელი, სხვა შემთხვევაში კი კორექტირება ისევ მოსალოდნელია.
"მოთხოვნის შემცირება, ამ შემთხვევაში, არაინაირ კავშირში არ არის ფასების ზრდასთან. ინფლაცია გარდაუვალი იყო, პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ბაზარზეც მოხდა ცვლილება. გარდა ამისა, საქართველოსათვის აუცილებელი გახდა ალტერნატიული ბაზრების მოძიება პირველადი მოხმარების პროდუქტზე, რომელიც აქამდე ევრაზიული კავშირიდან შემოდიოდა და გარკვეული პრობლემები შეიქმნა თუნდაც ბურღულეულთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაიზარდა ლოგისტიკის ხარჯიც. ამ ყველაფერს დაემატა ლარის გაუფასურებაც, რასაც მხოლოდ იმპორტი არ გაუძვირებია, ფასებმა მოიმატა ადგილობრივ პროდუქტებზეც.
ახლა მოლოდინია, რომ, ივნისამდე მნიშვნელოვნად თუ არ გაუფასურდა ლარი და შენარჩუნდა 3.20-ის ფარგლებში, შემოტანილი სურსათი მეტად აღარ გაძვირდება, თუმცა გაიაფების მოლოდინიც არ არსებობს. ამ ეტაპისათვის პროდუქციის 80%-ზე ფასი გაზრდილია და მხოლოდ მეოთხე-მეხუთე კატეგორიის საქონელზეა შენარჩუნებული ძველი ნიშნული, მაგრამ მისი გაძვირებაც, უახლოეს მომავალში მოხდება და ეს იქნება საბოლოო ცვლილება", - განუცხადა ჭყონიამ ,,რეზონანსს“.
სადისტრიბუციო კომპანია ,,დუს“ დამფუძნებელ დავით გოგიჩაიშვილისათვის საერთოდ გამაღიზიანებელია კითხვა, რამდენად შეეხო მის მიერ შემოტანილ პროდუქციას გაძვირება და როგორია მოლოდინი.
,,საერთოდ არ მაინტერესებს, რა თქვა სტატისტიკამ. საერთოდ არ მაინტერესებს ეს უაზრო რიცხვები და უაზრო კითხვები იმის შესახებ, გაგრძელდება თუ არა გაძვირება. უნდა იკითხოთ, გვექნება თუ არა საერთოდ ეკონომიკა ან საერთოდ შეგვრჩება თუ არა რამე პანდემიის გადავლის შემდეგ? ახლა ეს არის მთავარი და არა ის, რას “ამბობს" ესა თუ ის ციფრები“, - განუცხადა გოგიჩაიშვილმა ,,რეზონანსს“.
ვითარება რომ მძიმეა, ვერც მთავრობასა და ვერც ეროვნულ ბანკში ვერ მალავენ. თუკი აქამდე სიტყვიერ იმედს მაინც იძლეოდნენ, ახლა ესეც შეწყვიტეს. რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ინფლაცია დროებითი ფაქტორების გამო რამდენიმე თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება. კობა გვენეტაძის განცხადებით, რამდენიმე თვის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად შემცირდება და ის მიზნობრივ დონეს მხოლოდ 2021 წლის პირველ ნახევარში დაუახლოვდება.
"ფასების ზრდას ყოველთვის ჰქონდა თავისი მიზეზი და ყოველთვის იყო რეაგირება, რომელსაც მოჰყვებოდა შემცირება, რადგან ის ზომები, რასაც ვიღებდით, იყო ადეკვატური. ახლა, უბრალოდ, ამ სიტუაციაში შეუძლებელია ამის დაჩქარება, მაგრამ როგორც ეკონომიკა გაიხსნება და მიწოდების ჯაჭვები აღდგება, ეს წნეხი მოიხსნება.
წელს ეკონომიკის ოთხი პროცენტით შემცირებას ველოდებით. ამიტომ მოთხოვნის ფაქტორი აუცილებლად გადაწონის ამას და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფასების ზრდის შემდეგ აუცილებლად იქნება პერიოდი, როდესაც ფასები შემცირდება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.