
„როდესც ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს, მას შეიძლება გარკვეულ პერიოდში სისხლში ვირუსის არსებობა უფიქსირდებოდეს. ამ დროს ის ავადმყოფი არაა, მაგრამ ინფექციის მატარებელია, მას შეუძლია ინფექცია სხვას გადასცეს და ის დაავადმყოფდეს" - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ფიქსირდება შემთხვევები, როცა ადამიანებს კოვიდ-19-ის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ინფექცია გადატანილი აქვთ. მისი თქმით, ისინი სტაციონარში არ წოლილან, თუმცა მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია.
ხმალაძის აზრით, მკურნალობის შემდეგაც შესაძლოა ადამიანის სისხლში კორონავირუსი 2-3 კვირა ფიქსირდებოდეს, რა დროსაც ის ავადმყოფად არა, მაგრამ ვირუსის მატარებლად ითვლება.
„აქ უფრო ეპიდსაშიშროებაზეა ლაპარაკი ვიდრე შებრუნებაზე. ანუ, როდესც დაავადება გადატანილი აქვს, მას შეიძლება გარკვეულ პერიოდში სისხლში ვირუსის არსებობა უფიქსირდებოდეს. ამ დროს ის ავადმყოფი არაა, მაგრამ ინფექციის მატარებელია, მას შეუძლია ინფექცია სხვას გადასცეს და ის დაავადმყოფდეს.
„ვირუსის სისხლში რაღაც პერიოდის განმავლობში დარჩენა ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული. შეიძლება ვირუსის ელიმინაცია (განადგურება) მკურნლობის შემდეგ მალევე მოხდეს, ეს ინდივიდუალურ იმუნურ სტატუსზეა დამოკიდებული, თუმცაღა მაქსიმუმი პერიოდი შეიძლება ორი-სამი კვირა გაგრძელდეს.
„ის, რომ ადამიანს ეს ვირუსი მთელი ცხოვრება გაჰყვეს და დარჩეს, როგორი მტარებლობაც, მაგალითად, მუცლის ტიფს, შიდსს და სხვა მწვავე ინფექციებს აქვთ, ასეთი რაღაცა ჯერჯერობით არ ფიქსირდება", - განაცხადა ინფექციონისტმა.
მისივე თქმით, შესაძლებელია რომ ადამიანს კორონავირუსი მეორედაც დაემართოს, თუმცა, ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში, ვირუსის შებრუნების პროცესი მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს.
„მეორე მომენტი ისაა, რომ როდესაც ადამიანი ინფექციას გადაიტანს, როგორც გრიპს, ხომ არის ხოლმე ასეთი სიტუაცია - გრიპი შეუბრუნდაო რომ ამბობენ, ესეც იგივე, ან მსგავსი ვირუსული ინფექციაა, რომელსაც როდესაც ადამიანი გადაიტანს, მას შეიძლება გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სხვისგან გადაედოს და ისევ დაემართოს ეს დაავადება.
„მაგრამ მეტწილად ეს იქნება რა თქმა უნდა მსუბუქი ფორმით. თუმცაღა, თუ ადამიანს სხვადასხვა მძიმე დავადებები აღენიშნება, როგორიცაა დიაბეტი, გულის უკმარისობა, ფილტვების პრობლემები, ასთმური დაავადება, ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლა და ა.შ., ასეთ შემთხვევაში ვირუსი კვლავ მძიმედ წარიმართება.
„თუ კორონავირუსი ვინმეს მეორედ შეუბრუნდა, ყოველ შემთხვევაში იმაზე მძიმე ფორმით არ იქნება, რაც გადატანილი ჰქონდა, თუ ადამიანი სხვა რამის გამო არაა დასუსტებული.
„კორონავირუსის მორჩენის შემდეგ რაღაც პერიოდი ვირუსი სისხლში რომ ფიქსირდებოდეს, საქართველოში ასეთი შემთხვევები არის და კონკრეტული მაგალითებიცაა. მაგრამ ის, რომ ვიღაცას თავიდან დაემართოს, ამაზე არ მსმენია" -განაცხადა ხმალაძემ.