“ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა უკვე ყველაფერს ვნებს ახლაც და, თუ გაგრძელდება, მერეც"
გვანცა წულაია
05.05.2020

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა თვე-ნახევარია, მოქმედებს. მის ამოწურვამდე 16 დღე რჩება. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები თანდათან იხსნება, თუმცა მმართველ პარტიაში ზუსტი პასუხი არ აქვთ, 22 მაისის შემდეგ ქვეყანაში ისევ იმოქმედებს თუ არა არსებული რეჟიმი. ამასობაში, ეკონომიკა ზარალს ზარალზე ითვლის და შეზღუდვების გახანგრძლივებით მას კიდევ ერთი დიდი დარტყმა მიადგება.

"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის შემდეგ გაგრძელება დამოკიდებული იქნება არსებულ რისკებზე, იმაზე, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ყველა შეზღუდვის მოხსნა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მაისის მეორე ნახევარში გამოჩნდება, იქნება თუ არა გაგრძელების საჭიროება. 

“თუ 22 მაისისთვის გვექნება ისეთი მოცემულობა, რომელიც აუცილებელს გახდის ამ შეზღუდვების შენარჩუნებას, ალბათ, დაგვჭირდება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ მოცემულობაზე, რაც 22 მაისისთვის იქნება. შესაბამისად, ყველამ ერთად უნდა შევხედოთ იმ ვითარებას, რომელიც მაისის მეორე ნახევარში შეიქმნება და იმის მიხედვით მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას. დღეს ამაზე მსჯელობა ნაადრევია“, - განაცხადა კობახიძემ. 

ამასობაში, ქვეყანაში ამოქმედებული საგანგებო რეჟიმი ეკონომიკას ანადგურებს, ბიზნესიც და მოსახლეობაც დღითი დღე სულ უფრო ზარალდება. იურისტი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შემოღებულმა მკაცრმა აკრძალვებმა თავისი ფუნქცია დაკარგა. 

"მთავრობის წევრებმა არ იციან, რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ისინი მართავენ. კომენდანტის საათი ვერ ასრულებს იმ ლოგიკურ ფუნქციას, რომლისთვისაც თავის დროზე შემოიღეს. ადამიანები სტუმრად შაბათ-კვირას ცხრა საათამდე წავლენ თუ მას შემდეგ, ამას დაავადების გავრცელების თვალსაზრისით რა მნიშვნელობა აქვს? ხელისუფლების ხელში კომენდანტის საათი სოციალური მართვის ფუნქციას ასრულებს. მთავრობისთვის ძალიან კომფორტული აღმოჩნდა ის, რომ ერთი ბრძანებით სამ-ნახევარი მილიონი ადამიანი სახლში გაუშვა და გამოკეტა", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ამ ორი თვის განმავლობაში ეკონომიკამ საკმაოდ იზარალა, რომლის აღდგენაც წარმოუდგენლად რთული იქნება. თუკი საგანგებო რეჟიმი კიდევ გახანგრძლივდა, ასეთ შემთხვევაში, ეკონომიკას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში ამბობენ, რომ შემოღებული შეზღუდვები ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახა. 

“საგანგებო მდგომარეობა ცალსახად აფერხებს ეკონომიკას, რადგან ბევრი ობიექტი დაკეტილია. შესაბამისად, ამ ყველაფრის გახანგრძლივება პრობლემებს გააღრმავებს. ეს, პირველ რიგში, პანდემიისა და ეპიდემიის საკითხია და თუკი ჯანდაცვის მხრიდან ასეთი რეკომენდაციებია, სხვა რა გზაა. შეიძლება, ბიზნესი ბოლომდე გავხსნათ, მაგრამ ვირუსმა ისევ იფეთქოს. ბალანსის დაჭერაც რთულია. შესაბამისად, უნდა მივყვეთ ჯანდაცვის რეკომენდაციებს. 

რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის შედეგობრივად, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ასეთი ვითარება, ცალსახად ცუდია. საგანგებო მდგომარება ყველაფერს ვნებს დღესაც და, თუ გაგრძელდება, მერეც. რამდენად დააზარალებს, ამის გაზომვა ცოტა ძნელია, მაგრამ ნამდვილად ასე მოხდება”, - განუცხადა “რეზონანსს” მიხეილ ჭელიძემ. 

ქართული ეკონომიკა კორონავირუსის გავრცელებამდეც არ ყოფილა სახარბიელო ვითარებაში, არსებულმა მდგომარეობამ კი დიდი დარტყმა მიაყენა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი ფიქრობს, რომ ქვეყანაში შემოღებული შეზღუდვები სწრაფად უნდა მოიხსნას. 

“სიურპრიზი არავისთვის არ ყოფილა, რომ ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვა საკმაოდ უარყოფითი ეფექტის მომტანი იქნებოდა ეკონომიკისა და ხალხისთვის. ჩვენ უკვე უნდა შევეგუოთ იმ რეალობას და მოცემულობად უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ ეკონომიკას ეს კრიზისი საკმაოდ დიდ დაღს დაასვამს, რომელიც გაგრძელდება არა რამდენიმე თვე, არამედ, მინიმუმ, 1-2 წელი. 

აქედან გამომდინარე, უნდა დავგეგმოთ ყველა ის ღონისძიება ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით, რაც მომდევნო თვეებში იქნება დღის წესრიგში. საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივების იდეას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ეს ვითარებას გააუარესებს, ამიტომ მოსალოდნელი ნეგატიური ეფექტები მინიმუმზე უნდა იქნას დაყვანილი. ამით ავიცილებთ მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს. 

უკვე ნათელი გახდა, რომ უფრო სწრაფადაც არის შესაძლებელი შეზღუდვების ეტაპიდან გამოსვლა, რადგან სრულიად საქართველომ სიფრთხილის საკითხი  კარგად გააცნობიერა. საზოგადოების პასუხიმგებლობა და ცნობიერება ამ პროცესების მერე კიდევ უფრო ამაღლდება. შესაბამისად, რაც მალე გამოვალთ შეზღუდვების ეტაპიდან, მით უფრო უკეთესი იქნება, რადგან ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება საკმაოდ დიდი პასუხიმგებლობით მოეკიდა ისეთ საკითხებს, რომლებიც უკავშირდებოდა ვირუსის გავრცელებასა და სიფრთხილის ზომებს”, - განუცხადა “რეზონანსს” შოთა გულბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×