ელზა პაპოშვილი
05.05.2020

საპატრიაქრო კიდევ ერთ სკანდალში შეიძლება გაეხვას. მღვდელმონაზონი ანდრია სარია ამტკიცებს, რომ მას აქვს ხმოვანი შეტყობინებები, სადანაც ნათელი ხდება იმ ბრალდების რეალობა, რომელიც მეუფე პეტრემ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გასულ წელს სინდოის სხდომაზე წაუყენა. ამ ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, თეოლოგების აზრით, ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ საპატრიარქომ მოკვლევა დაიწყოს.

მამა ანდრიას თქმით, ამ ხმოვან შეტყობინებაში პირი ყვება, რომ ის პატრიარქმა სექსუალურად შეავიწროვა. ამის შემდეგ კი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მისი დაცვა და სხვა სასულიერო პირები ახდენდნენ. მამა სარიამ აღნიშნული შეტყობინებები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. იგი სინოდის სხდომის მოწვევასა და სატელეფონო ჩანაწერების განხილვას მოითხოვს.

„აქ არის რა თქმა უნდა, პირადად შევიწროება ადამიანის, სექსუალურად, მოდი ასე ვთქვათ, რაც ძალიან ამაზრზენი და მოსასმენადაც მძიმეა, მაგრამ ჩვენ ეს ფაქტები იმიტომ გავასაჯაროვეთ, რომ არ ცხრებიან და ცილისწამებაზე გადმოდიან. არც საშუალებას გვაძლევენ, რომ განვიხილოთ საეკლესიო სასამართლოს ფორმატში, სინოდის ფორმატში, სადაც დაიდება ეს ფაქტები, იქნება მსჯელობა და მოგვეცემა შესაძლებლობა, ამ ადამიანების თანდასწრებით მოხდეს საკითხების განხილვა, - ამბობს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

მის მიერ გამოქვეყენებული ჩანაწერების ავთენტიკურობა ოფიციალურად დადგენილი არ არის, თუმცა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს მეუფე პეტრეს ეჭვი არ ეპარება, რომ სექსუალური შევიწროვების ფაქტები ნამდვილია.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ სინოდი ვალდებულია, აღდგომიდან 50 დღის შემდეგ სხდომაზე შეიკრიბოს და ასევე ვალდებულია სკანდალური ბრალდებები განიხილოს. მისი აზრით, ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემების განხილვა საეკლესიო კრებაზე უნდა შედგეს.

„ჩემს მიერ გასული წლის 31 ოქტომბერს დაწყებული ბრალდება, შესაბამისად, გაგრძელდეს მოკვლევა და გაგრძელდეს საეკლესიო სასამართლო. აქ არის ლტოლვა მამათმავლური და არის შევიწროება. სიმართლე უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, თუ ვის ანდობს სულს და რა ხდება მის დედა ეკლესიაში. შერჩევითი სამართალი უნდა გამოვრიცხოთ და სჯულის კანონით უნდა ჩატარდეს დიდი საეკლესიო კრება", - ამბობს მეუფე პეტრე.

თეოლოგი ლადო ნარსია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საეკლესიო კანონის მიხედვით, ეს ჩანაწერი უკვე არის იმისთვის საკმარისი, რომ სინოდმა ეს საკითხი განიხილოს და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს. მისივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის საუბარიც მამა ანდრიამ გამოაქვეყნა, გარდაცვლილი მეუფე ათანასეს პირადი სტიქაროსანია.

„მიუხედავად იმისა, რომ სინოდში ყველამ იცის მეუფე პეტრე რაზე საუბრობს, მის გარდა ამაზე ღიად მაინც არავინ ლაპარაკობს. ეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ხმოვანი შეტყობინებებიც მამა ანდრია სარიამ გაასაჯაროვა, ისედაც ცნობილი იყო და ის მეუფე ათანასეს პირადი სტიქაროსანი იყო. ამიტომაც ეს ამბავი ეკლესიისთვის და საპატრიარქოსთვის ახალი არ არის.

„რა თქმა უნდა, ამ პირის მოძიება და სინდოის სხდომაზე მისი მოსმენა ძალიან მარტივი იქნება, მაგრამ ამას ვინ იზამს? - არავინ. აქამდე მეუფე პეტრეს გარდა ხმას არავინ იღებდა და ახლაც ამას ვერავინ გაბედავს. საეკლესიო კანონის მიხედვით, ეს განცხადებაც უკვე საკმარისია იმისთვის, რომ სინოდმა მოკვლევა დაიწყოს და გარკვეული სახის პასუხისმგებლობაზეც იმსჯელოს. მაგრამ ეს ხომ არ მოხდება და ყველამ კარგად ვიცით", - ამბობს ლადო ნარსია „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანაგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ მას არ ჰგონია საპატრიაქრომ მათ მოთხოვნაზე ან სინოდის სხდომა დანიშნოს ან კიდევ ამ განცხადებას რაიმე ყურადღება მიაქციოს. ძაბირაძე ამბობს, რომ მსგავსი ბრალდებები ადრეც იყო გაჟღერებული, თუმცა საბოლოო ჯამში მინელდა და საზოგადოების მხრიდანაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული არ ყოფილა. მისი აზრით, თუკი ეკლესიას რაიმე რეიტინგი უნდა დაკლებოდა, წინა სკანდალებიდან გამომდინარე უკვე დაკლებული აქვს, ამიტომაც მამა ანდრიასა და მეუფე პეტრეს ეს ახალი განცხადებები იმ სიმწვავის არ არის, რაც საპატრიქრომ უკვე გადაიტანა.

„მეუფე პეტრეს საკმაოდ მძიმე განცხადებებიც გვახსოვს და ის სკანდალი, რის გამოც მას ეპარქია საერთოდ ჩამოართვეს. მაშინ არ მოჰყოლია საპატრიაქროს მხრიდან და არც სინოდიდან რაიმე განსაკუთრებული ქმედებები და ახლა მითუმეტეს ნაკლებად წარმოსადგენია. თუ ამით ვინმე დაინტერესდება, ალბათ საპატრიქრო განაცხადებს, რომ ეს არ არის ავთენტური ჩანაწერები და ცილისმწამებლური ბრალდებებია.

„ამაზე იყო უკვე საუბარი და საზოგადოების თვალში ეკლესიის რეპუტაცია რამდენადაც შესაძლებელი იყო, უკვე დაზიანდა. ეს ახლა უკვე გახსნილი და გადაჭრილი კარტია, ამიტომც კიდევ ერთხელ ამაზე საუბარი და რაღაცა სატელეფონო ჩანაწერები იმ დონის დამაზიანებელი ვერ იქნება, რაც გასულ წელს მეუფე პეტრეს მხრიდან მოვისმინეთ და ციანიდის საქმიდან გავიგეთ", - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან".

მისივე თქმით, იმისთვის, რომ სინოდი ხელახლა შეიკრიბოს და ხალხის რექციას საკმაოდ მწვავე იყოს, მაშინ უფრო მეტი მტკიცებულებები და დიდი სკანდალია საჭირო. ასე ყველა სასულიერო პირს შეუძლია გამოვიდეს და მსგავსი ჩანაწერებით ბევრი რამ მოითხოვოს. ამიტომაც საპატრიარქო ასეთ მოთხოვნებს არც კი მოუსმენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×