თამთა ჩაჩანიძე
06.05.2020

„თუ ინდუსტრიულ სამყაროს არსებული ეკონომიკა აღსადგენი და დასაქოქი აქვს, ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა საერთოდ არასოდეს არც გვქონია, ეკონომიკა მხოლოდ აღსადგენი კი არა თავიდან არის ასაშენებელი, ახალი ხედვებით და ახალი პრინციპებით.

სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან ვერ ვხედავ, რომ არათუ გეგმა, არამედ ამის ხედვა ჰქონდეს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში მოსალოდნელ საფრთხეებს, რა დროსაც მისი თქმით, უმუშევრობა კატასტროფულ მასშტაბებს შეიძენს.

„რეზონანსი": ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა, რომ არის ალბათობა იმისა, რომ შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდეს. თქვენი აზრით არის თუ არა ამისი აუცილებლობა?

გია ხუხაშვილი: ამისი სპეციალისტი არ ვარ, რომ ასე კატეგორიულად ვიმსჯელო, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. კი ბატონო ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ გარკვეული ზომები: სოციალური დისტანცირების, "დარჩი სახლში" პროგრამა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ საგანგებო მდგომარეობა და პრეზიდენტის დეკრეტებით ქვეყნის ფუნქციონირება ვფიქრობ, რომ ამას აღარანაირი გამართლება აღარ აქვს.

კი ბატონო, ჩვენ შეიძლება გარკვეული წესები დავიცვათ, რაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ საკმაოდ კარგადაა ორგანიზებული, რადგან ამ პერიოდში მაინცდამაინც დიდი ქაოსი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მიზეზს ვერ ვხედავ.

კატეგორიული არ ვიქნები კიდევ დაველოდოთ კიდევ რამდენიმე დღე, ყოველ შემთხვევში ჯერჯერობით დინამიკა გვაჩვენებს, რომ ჩვენ საპანიკო არაფერი არ გვაქვს - პრობლემას საქართველოში არათუ პანდემიის, არამედ ეპიდემიის სახეც კი არ მიუღია და გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნა ჩაკეტილია, დიდ აფეთქებას ჩვენ აღარ უნდა ველოდოთ.

„რ": ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება განგებ წელავს საგანგებო მდგომარეობის პერიოდს და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამის ფონზე რა ბედი ელის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს?

გ.ხ.: ამ ხელისუფლებისგან გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ პირველი „გადაგდება" ივანიშვილის საჯარო დაპირება და ძალიან უხეში ფორმით მერე პირობის შეცვლა იყო. შესაბამისად, ეს ერთი მხრივ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაგრამ სადამდე შეიძლება რომ ასე მოქმედებდნენ ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მთელ სამყაროს მისცეს ეს პირობა.

ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებებზე დიპლომატები მონაწილეობდნენ, შეთანხმება შედგა და ახლა ამაზეც თუ უარს იტყვიან, მაშინ საერთოდ რაღაზეა ლაპარაკი, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკა აღარაა, ეს უკვე განუკითხაობაა.

„რ": პანდემიის დასრულებასთან ერთად რა მთავარი საფრთხეები ელის საქართველოს და ზოგადად მსოფლიოს?

გ.ხ.: იქნება ძალიან სერიოზული პრობლემები. ჩვენი ამოცანა კიდევ უფრო რთულია, იმიტომ, რომ, თუ ინდუსტრიულ სამყაროს არსებული ეკონომიკა აღსადგენი და დასაქოქი აქვს, ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა საერთოდ არასოდეს არც გვქონია, (ტურიზმზე და სუბიექტურ ფაქტორებზე, ძალიან მყიფე სფეროებზე ვიყავით დამოკიდებულები ვიყავით) ეკონომიკა მხოლოდ აღსადგენი კი არა თავიდან არის ასაშენებელი, ახალი ხედვებით და ახალი პრინციპებით. სამწუხაროდ ხელისუფლებისგან ვერ ვხედავ, რომ არათუ გეგმა არამედ ამის ხედვა ჰქონდეს.

მთლიანობაში სამყარო იცვლება, ძირითადი პრობლემები მაღალი სოციალური რისკებია, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომაა მაღალი რისკები, რომ ჯერ ისედაც ქვეყნაში დასაქმების მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო, ახლა საერთოდ კატასტროფული მასშტაბები შეიძინა, სტაბილური შემოსავალი ძალიან ცოტა ადამიანს აქვს.

აქედან კი ერთ-ერთი გამოსავალი სწრაფი ეკონომიკური განვითარებაა ამის თეორიული რესურსი არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან გეგმებს ვერ ვხედავ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×