“მცდელობაა საზოგადოებაზე მოახდინონ გავლენა როგორც ერთმა მხარემ, ასევე მეორემ”
ელზა პაპოშვილი
06.05.2020

 ბრძოლა სოციალურ ქსელსა  და ვირტუალურ სამყაროში  საქართველოში კვლავ გრძელდება. ფეისბუქზე დაწყებული პოლიტიკური კამპანია და დაპირისპირება ქსელის  ადმინისტრაციამ  რამდენიმე  გვერდის და ანგარიშის წაშლით დაასრულა.  თუმცა, ურთიერთბრალდებები გრძელდება და „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთზე ხელის გაშვერით დანაშაულის გადაბრალებას ცდილობენ.  

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, ვის რამდენი გვერდი და ანგარიში ჰქონდა, მთავარი ის არის, რომ ეს არის ყველაზე სახიფათო კამპანია, რომელიც წინასაარჩევნოდ ქვეყანას კიდევ უფრო დააზიანებს. ისინი საზოგადოებრივ აზრზე გავლენას აკრძალული მეთოდების გამოყენებით ცდილობენ. 

ქმნიან ყალბ ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოებას აჯერებენ. მართალია ორივე მხარე დამნაშავეა, თუმცა ხელისუფლებას უფრო მეტი რესურსი აქვს და ეს საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.  

Facebook-მა ასობით ქართული ანგარიში წაშალა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წაშლილია ქართულ გამოცემა "ეს-პერსონასთან" დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ-ანგარიში. 

ფეისბუქის ინფორმაციით "ეს-პერსონა" კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის და ქსელის უკან მდგომი პირები ფიქციური პერსონების შესაქმნელად, ოპოზიციის ლიდერებისა და ადგილობრივი ჯანდაცვის სპეციალისტების განსახიერებისთვის, ასევე დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ. 

გვერდებზე ქვეყნდებოდა ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი აქტივისტების მიმართ კრიტიკული შინაარსის კონტენტი. მოცემული ანგარიშებიდან Facebook რეკლამებში დაახლოებით $30,000 დოლარი დაიხარჯა. 

პარალელურად, Facebook-მა წაშალა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული 23 ფეისბუქ-ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 გვერდი. კომპანიის ინფორმაციით, მათ მიერ განთავსებული კონტენტი ადგილობრივ სიახლეებსა და ისეთ პოლიტიკურ თემებს ეხებოდა, როგორებიცაა 2018 წლის არჩევნები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტიისა და მთავრობის კრიტიკა პანდემიასთან დაკავშირებით. აღნიშნული ანგარიშებიდან Facebook რეკლამებში $23 ათას დოლარზე მეტია დახარჯული. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს "ქართულ ოცნებასთან" ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს, ის მხოლოდ მმართველი გუნდის მხარდამჭერია და პარტიისგან რაიმე სახის დავალებებს არ იღებს. 

"ამ ადამიანს ოფიციალურად შეხება, თუ არ ვცდები, 2013-2014 წლებიდან "ქართულ ოცნებასთან" აღარ აქვს. ის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და ებრძვის "ნაციონალურ მოძრაობას". ეს ადამიანი ძალიან დიდი ხანია ოპერირებს ქართულ მედიასივრცეში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სააგენტოსაც წარმოადგენდა.

მას აქვს და ჰქონდა "ესპერსონა" -ასეთი სააგენტო და ოპერირებდა მედია სივრცეში და მათ შორის, Facebook სივრცეში, მაგრამ "ქართულ ოცნებასთან" მას ოფიციალური კავშირი, ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს ან რაიმე დავალება მის მიმართ "ქართული ოცნებიდან" არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდება, ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია, ის ვერც Facebook-მა მიუთითა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი კავშირი არ არსებობს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ყალბი ინფორმაციისა და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ არიან, – ასე ეხმაურება „ ნაციონალური მოძრაობა“ „ფეისბუკის“ ადმინისტრაციის მიერ ყალბი და არაიდენტიციფირებადი გვერდების წაშლას.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია.

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მათ პარტიაზე თავდასხმისგან.

"ფეისბუკის" მიერ ყალბი ქართული ანგარიშების გაუქმებას, რომლებიც ხელისუფლებას და ნაციონალურ მოძრაობებს უკავშირდებოდნენ, გამოეხმაურნენ  არასამთავრობო სექტორში.

„რეზონანსთან“ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ საკმაოდ სერიოზული გამოწვევები დგას და ყველაზე საფრთხის შემცველი ის გარემოებაა, რომ საზოგადოებას ტყუილ ამბავს აჯერებენ და ამით მის განწყობას და ემოციებს მართავენ. მისი აზრით, არა აქვს მნიშვნელობა ამას ვინ აკეთებს, ორივე მხარე როგორც ოპოზიცია, ასევე პოზიციაც დამნაშავეა. თუმცა ყველაზე დიიდ პასუხისმგებლობაა ხელისუფლებას აკისრია, რადგანაც მას ყველაზე დიდი რესურსები და შესაძლებლობა აქვს. 

"სამწუხარო ის არის, რომ კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო მეტი ანგარიში და აქტორია თავად ქვეყანაში ყალბი, ვიდრე ეს რუსეთიდან მართული ანგარიშებია. შიგნით  უფრო მეტი ყალბი ანგარიშებია შექმნილი, რომელიც ინფორმაციას იგონებს და შემდეგ ამას საზოგადოებას აჯერებს.  

უნდა აღინიშნოს, რომ სახელისუფლებოდ მოქმედი აქტორები ამ შემთხვევაში 5-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ოპოზიციის სასარგებლოდ. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემოსთვის არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევები. 

იმიტომ რომ მცდელობა არის საზოგადოებრივ აზრზე მოახდინონ გავლენა და პოლიტიკური დღის წესრიგის სასარგებლოდ, როგორც ერთმა მხარემ, ასევე მეორემ გამოიყენოს საზოგადოებრივი განწყობები, თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების შესაძლებლობები გაცილებით ფართოა და საშიში," - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

"სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი  გიორგი გაბოძე კი „რეზონანსთან“,  ამბობს, რომ მთავარი ის კი არ არის  თუ  ვინ რამდენ ყალბ გვერდს იყენებს და ვის რა შესაძლებლობები აქვს, არამედ ის, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოპოვებას აკრძალული მეთოდებით ცდილობენ. 

მისი აზრით, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც აკრძალული მეთოდებით ცდილობენ, რომ საზოგადოებაზე ზეეგავლენა მოახდინონ. 

"არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვის 100 გვერდი ექნება და ვის 10. მთავარია რომ ერთიც და მეორეც აკრძალული მეთოდებით ცდილობს გავლენის მოპოვებას საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას. რომელს რამდენი აქვს და რომელს რა შესაძლებლობები აქვს ეს არის უკვე მეორე თემა. ერთიც საშიშია და მეორეც. აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდია. ამიტომაც მათ შორის განსხვავებას ვერ ვხედავ" - განაცხადა გიორგი გაბოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×