შემოსავლები მკვეთრად დაიკლებს, ხარჯები არნახულად გაიზრდება და ვალი თავბრუდამხვევი სისწრაფით მოიმატებს
თამარ მუკბანიანი
06.05.2020

საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი მთლიანად შეიცვლება და ვალებით გაიბერება. მალე მთავრობა პარლამენტში ცვლილებას წარადგენს და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 16.2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც  ამჟამინდელზე 1.8 მილიარდი ლარით მეტია, ხოლო შემოსავლების ნაწილში მნიშვნელოვანი კლება იქნება და წელს სახელმწიფო 12.14 მლრდ ლარაზე მეტს ვერ მიიღებს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დანაკლისის დაბალანსება უცხოეთიდან მიღებული ვალით მოხდება, თუმცა როგორ შეძლებს ქვეყანა ამ ვალის გადახდას, ამაზე ფიქრისათვის ჯერ დრო არავის აქვს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პარამეტრები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს სახელმწიფოს ხარჯების მოცულობა 16.26 მილიარდი ლარი იქნება, რაც არსებულ ბიუჯეტთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით მეტია.

წელს მთავრობა ბიუჯეტის პირვანდელ გეგმასთან შედარებით 1.45 მილიარდი ლარით ნაკლები საგადასახადო შემოსავლის მიღებას ელოდება. ჯამურად, გადასახადების პროგნოზი ამჟამად 10.7 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან, დღგ-ის პროგნოზი 4.8 მილიარდი ლარია, აქციზისა კი - 1.4 მილიარდი ლარი. საშემოსავლო გადასახადიდან სახელმწიფო წელს 4 მილიარდი ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს. ჯამურად, ყველა სახის შემოსავლებიდან (ვალის გარდა) სახელმწიფო წელს 12.14 მილიარდი ლარის შემოსავალს ელის.

წელს მთავრობა 4.1 მილიარდი ლარის ახალი ვალის აღებას გეგმავს. სწორედ ვალით უნდა დაფინანსდეს საგადასახადო შემოსავლებში არსებული დანაკლისი. რაც შეეხება ხარჯების მიმართულებას, მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური გასაცემლების ოდენობა და ის 5.9 მილიარდ ლარზე იქნება გაწერილი. სახელმწიფო სუბსიდიების ზომა კი 1.5 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია “რეზონანსთან“ ამბობს, რომ კრიზისის დაბალანსების ერთადერთი გზა საგარეო ვალი და გრანტია, რომლის მობილიზებაც ქვეყანამ უკვე მოახერხა. ეკონომისტი ასევე, ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებულ ხარჯებსა და მიმართულებებზეც აკეთებს აქცენტს. 

”შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა გარკვეული კრიზისი, თუმცა ჩვენ კარგად მოგვისწრო საერთაშორისო დახმარებებმა. ეს, ერთი მხრივ, ქვეყნის კარგი ეკონომიკური მაჩვენებლების შედეგია, ხოლო მეორე მხრივ - მთავრობის კარგი მუშაობისა. ასე მოხერხდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საქართველოსათვის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი გამოყოფილიყო თანხები. ეს არის შედეგი - საერთაშორისო დახმარებებით მოხდება სრულიად მოსალოდნელი და პროგნოზირებადი დანაკლისების შევსება ქვეყნისათვის. 

ხარჯების ზრდა, ბუნებრივია, პანდემიასთან ბრძოლასა და ზიანის შემსუბუქებას ემსახურებოდა და ვერც შემოსავლები იქნებოდა ისეთი მაღალი, გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, როგორიც ადრე იყო დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, მე სკეპტიკურად არ ვუყურებ ამ ცვლილებას. 

სავარაუდოდ, ფინანსურად ყველაზე დიდი პაკეტი მოაკლდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასეთია ჩემი ინფორმაცია. განსაკუთრებით ეს შეეხება ტურიზმზე მიბმულ ინფრასტრუქტურას. ზოგადად, სჯობს ახლა ბიზნესის დაფინანსებას, ჯანდაცვასა და სოციალურ პაკეტებს მოხმარდეს თანხები, ვიდრე იმ ხარჯებს, რომლებიც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. უნდა გამონთავისუფლდეს მიმართულებები, საიდანაც წელსვე არ იქნება უკუგება. ასევე თანხა დააკლდება საერთაშორისო ვიზიტებს, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს და ა.შ. ასევე ისეთ მოსაზიდ პროექტებსაც, როგორიც, მაგალითაც, ,,ჩექინ ჯორჯია“ იყო“, - განუცხადა “რეზონანსს" ანალიტიკოსმა. 

ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი ჯერ არ წარუდგენია, თუმცა, სავარაუდოდ, განახლებული ბიუჯეტის პარამეტრები სავალუტო ფონდის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტთან იქნება თანხვედრაში.

ბიუჯეტის კორექტირება სასწრაფოდ უნდა მოხდეს - ასეთია ეკონომისტ ემზარ ჯგერენაიას აზრი. 2020-ში ბიუჯეტის ირგვლივ წინასწარი პროგნოზები ყველა შემთხვევაში იქნება მცდარი, რადგან ჯერ კიდევ არავინ იცის, რა დაჯდება კორონაეკონომიკა. 

“ჯერ ყველა პროგნოზი, როგორი იქნება შემოსულობები ან ხარჯები, გაურკვეველია.  ეს იქნება ვარაუდი და არა - ზუსტი გათვლა. ეს იმითაა განპირობებული, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც მუდმივად იცვლება ვითარება. სხვადასხვა დროს წინასწარმეტყველებდნენ ხან  4%-იან და ხან 6%-იან ვარდნას. სინამდვილეში, არავინ იცის, 2020-ის დეკემბერში ჩვენ რა მასშტაბის რეცესია გვექნება. არც ისაა ჯერ ცნობილი, კიდევ რამდენის მოზიდვა მოგვიწევს, რადგან 12 მლრდ საგადასახადო შემოსავალი ზედმეტად პოზიტიური მგონია. 

ჯერ მაინც არავინ იცის, რამდენი დაჯდება კორონაეკონომიკა და როგორ დარტყმას მოგვაყენებს გლობალური პანდემია. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მოგვიწყევს ამ თემასთან დაბრუნება და საუბარი იმაზე, რომ ბიუჯეტი ისევ უნდა დაკორექტირდეს. ახლა კი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სასწრაფოდაა შესასწორებელი, მაგრამ რამდენად მოხდება მისი შესრულება, ესეც საეჭვოა“, - განუცხადა ,,რეზონასს“ ჯგერენაიამ. 

ამასთან, თითქმის ყველა ბიზნესი გამუდმებით ითხოვს საგადასახადო შეღავათს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გაკოტრება ელით, რაც ბიუჯეტში შენატანებზე, ეკონომიკასა და თითოეულ დასაქმებულზეც უარყოფითად აისახება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×