
უძრავი ქონების ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია. კორონავირუსმა დიდი დარტყმა სამშენებლო სფეროსაც მიაყენა. საქართველოში ამოქმედებული საგანგებო რეჟიმის შემდეგ ბინების გაყიდვებმა 37.6%-ით იკლო. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომპანიები მშენებლობას აგრძელებენ, უძრავი ქონების ბაზარი მაინც კრიზისულ ვითარებაშია, რადგან ყიდვა-გაყიდვაზე მოთხოვნა აღარ არსებობს.
მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. არ არის გამორიცხული, რეალიზაციის ჩავარდნამ ფასების მკვეთრი კლება გამოიწვიოს, თუმცა ვერც ასეთ შემთხვევაში მოხდება ბინებისა და მიწების რეალიზაცია.
როგორც „გალტ ენდ თაგარტის" კვლევაშია აღნიშნული, მარტის პირველ ნახევარში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის შემდეგ მკვეთრად დაეცა და თვის მეორე ნახევარში 37.6%-იანი ვარდნა აღინიშნა.
„2020 წლის მარტში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებამდე უძრავი ქონების გაყიდვები იზრდებოდა. 2020 წლის იანვრისა (+0.9%) და თებერვლის (+7.7%) მაჩვენებლების შემდეგ, ბინების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა მარტში (-7.7%). აქ აღსანიშნავია, რომ რეალიზაცია განაგრძობდა ზრდას მარტის პირველ ნახევარში, მაგრამ მკვეთრად შემცირდა მეორე ნახევარში და 37.6%-იანი კლება დაფიქსირდა.
2020 წლის მარტში დედაქალაქის გარეუბანში გაყიდვები უფრო აქტიური იყო, შეადგენდა რა რეალიზებული ობიექტების ნახევარს. ტოპ-5 უბნიდან 4 გარეუბნის (გლდანი, სამგორი, ისანი, დიდი დიღომი) წილი ჯამური გაყიდვების 49.9%-ს შეადგენდა. ჩვენი მოლოდინით, იპოთეკური სესხების რეგულაციები და მოსახლეობის შემცირებული მსყიდველუნარიანობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გარეუბნებში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდას“, - აღნიშნულია კვლევაში.
ამგვარად, ახლა ყველანაირი ეკონომიკური აქტივობა კორონავირუსზეა დამოკიდებული. რამდენად სწრაფად მოხდება მისი დამარცხება, იმდენად მალევე ამუშავდება უძრავი ქონების ბაზარიც.
სამშენებლო სფეროს სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე ეს „გალტ ენდ თაგარტის" კვლევაშია აღნიშნული. მისი აღდგენა პანდემიის დასრულებიდან მალევე შეუძლებელი იქნება და მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ მოხერხდება.
„კვლევებში, რომლებიც ქვეყნდება, არის საუბარი, რომ ბინების რეალიზაციამ 37%-ით იკლო, თუმცა, ჩემი აზრით, მდგომარეობა ბევრად უფრო დრამატულია. როგორც მოგეხსენებათ, ბაზარზე აქტიურობენ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. უცხოელების ნაწილი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ჩაკეტილი საზღვრების გამო. რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, აქაც ანალოგიური სიტუაციაა. ეს გამოწვეულია, რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემებით. იმ საბანკო რეგულაციებს, რომლებიც აქამდეც მოქმედებდა, ცხადია, ასეთ პირობებში, კიდევ უარესი შედეგები მოაქვს. ამიტომ ბუნებრივია, სამშენებლო ბაზარმა ძალიან დიდი დარტყმა მიიღო.
ჩემი პირადი პროგნოზი ასეთია, რომ კორონავირუსის გავლის შემდეგაც ბინების გაყიდვის იმავე ნიშნულზე დაბრუნება ძალიან რთული იქნება, რადგან არის ალბათობა, რომ გადაფასდეს საბაზრო ღირებულებები. ძვირად ღირებულ პროექტებზე მოთხოვნა შემცირდება. მოთხოვნა შეიძლება ისევ დარჩეს გარეუბნებში შედარებით დაბალფასიან ფართებზე, თუმცა ახლა ესეც საეჭვოა. გარკვეული პერიოდი ასეთი ტენდენცია იქნება, არსებული კრიზისიდან გამომდინარე“, - აღნიშნა „რეზონანსთან” საუბრისას უჩა ზაქაშვილმა.
განსხვავებული მოსაზრება აქვს სამშენებლო სფეროს ექსპერტ გურამ ფალავანდიშვილს. მისი აზრით, კორონავირუსის გამო, უძრავი ქონების ბიზნესი დიდად არ დაზარალებულა და პანდემიის დასრულების შემდეგ, მისი აღდენაც მალე მოხერხდება.
„სერიოზურლი დარტყმა არ იქნება. რა თქმა უნდა, შემცირება ნამდვილად არის, მაგრამ ეს რომ მომხდარიყო რაღაც გლობალური პრობლემის (მაგალითად, ომის) გამო, სხვა ვითარება გვექნებოდა, ამ პირობებში კი სერიოზულ გავლენას არ ველოდები. უბრალოდ, ეს 3-4 თვე დამუხრუჭდა და შემდეგ ისევ დაუბრუნდება ძველ მაჩვენებელს.
არ მგონია, რაღაც განსაკუთრებული დარტყმა მიადგეს ბაზარს. როგორც კი ყველაფერი მოიხსნება, უძრავი ქონების ბიზნესი ისევ აღდგება. შეიძლება, ფასებმა ოდნავ მოიმატოს კიდეც, უფრო აქტუალური გახდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა, ვიდრე აქამდე იყო. თუ ამ მიმართულებით არავინ ინტერესდებოდა, ახლა შეიძლება, სასოფლო მიწები 20-30%-ითაც კი გაძვირდეს”, - განუცხადა „რეზონანსს” გურამ ფალავანდიშვილმა.