
კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რიგირ შეზღუდვები ქვეყანაში დაგეგმილზე ადრე მოიხსნება - ამის შესახებ საქართველოს პრეემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე წარმოადგინა კონკრეტული ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიხედვითაც ის ბიზნესს დაეხმარება.
გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ეკონომიკის იმ სექტორებზე ისაუბრა, რომელთა მხარდაჭერის გეგმასაც მთავრობა წარადგენს.
მათ შორის, პირველი იქნება ტურიზმი, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში კი მთავრობა სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის დარგების მხარდაჭერის გეგმას ცალცალკე სხდომას მიუძღვნის და დეტალურად ისაუბრებს.
გიორგი გახარიას თქმით, მეოთხე სხდომა მიეძღვნება განათლებაში ანტიკრიზისული მართვის საკითხს. საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთ პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში - განაცხადა პრემიერმა.
“საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში. ყველა იმ სტანდარტების და უსაფრთხოების დაცვით, რომელზეც უახლოეს დღეებში გვექნება რეკომენდაციები ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
11 მაისიდან კი თბილისში ყველა სახის შეზღუდვები შემოსვლის და გასვლის თვალსაზრისით მოიხსნება. მისივე თქმით, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში. გიორგი გახარიას განცხადებითვე, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა არ ნიშნავს კომენდანტის საათის გაუქმებას და ის ქვეყნის მასშტაბით კვლავ ძალაშია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 18 მაისიდან ასევე მარნეული სრულად გაიხსნება.
"მარნეულსი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არის აუცილებელი ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს, სწორედ ამისთვის გვჭირდება დრო, რომ ეს ტესტები ჩატარდეს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
11 მაისიდანვე ნებადართული იქნება ყველა სახის წარმოება. ორშაბათიდან გაიხსნება ყველა ის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან გააჩნია.
აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა არ ეხება მოლებს და იმ მაღაზიებს, რომლებიც ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით ვაჭრობენ.
„ეს არ ეხება მოლებს და არ ეხება ტანსაცმლით და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს. სხვა ყველა სახის მაღაზია შესაძლებელი იქნება, რომ ორშაბათიდან ამოქმედდეს," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში დღესდღეობით არსებული ეპიდვითარება გარკვეული შეზღუდვების შედარებით ადრე მოხსნის საშულებას იძლევა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გიორგი გახარიამ სამოქმედო გეგმის ეტაპებზე ისაუბრა.
„ჩვენ წარმოვადგინეთ შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის ამოქმედების 6-ეტაპიანი გეგმა, მაგრამ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს საშუალებას, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ შედარებით უფრო სწრაფად“ - განაცხადა მან.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ხელისუფლების, თითოეული მოქალაქის, ბიზნესოპერატორების და პირველ რიგში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას.
„ეს არის შემოსავალი ჩვენი თითოეული მოქალაქის ოჯახში და ყველა ვალდებული ვართ, ვიყოთ კიდევ უფრო ეფექტურები. ამ თვალსაზრისით, მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომლებიც ვირუსმა და პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა - სოციალური დისტანცია, პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის წესები.
“ამ წესების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა და ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები გლობალურ კონკურენციაში, იმ ბრძოლაში, რომელიც ახლო მომავალში დაიწყება როგორც ტურიზმის მიმართულებით, ისე - ეკონომიკური განვითარების თითოეულ სექტორში და სფეროში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა კომპანიებს მოუწოდა, გაითვალისწინონ, რომ გახსნის შემდგომი ეტაპები ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მათი მხრიდან ოპერირების წესებთან დაკავშირებით.
"ჩვენი დავალებით, შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ბიზნესოპერატორს გაუგზავნა შესაბამისი შეტყობინება, სად შეიძლება მოიძიონ წესები თითოეული სექტორისთვის, როგორიცაა ვაჭრობა, წარმოება სხვადასხვა სახის მომსახურებები, რათა ეს წესები მათთვის ცნობილი იყოს.
“ეს წესები ჯანდაცვის სამინისტროში უკვე არსებობს, ყველა სახის პროტოკოლი უკვე შედგენილია და ყველა ეკონომიკური აქტივობის გახსნა, ითვალისწინებს იმ ახალი წესების სრული პასუხისმგებლობით შესრულებას, რომელიც დაწესებულია მთავრობისა და ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა ასევე 15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდების გეგმაზე ისუბრა.
"ყველაზე მნიშვნელოვანია გეგმა, რომ 15 ივნისიდან ჩვენი ტურისტული სექტორი იყოს მზად, გაიხსნას შიდა ტურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან ჩვენი ტურისტული სექტორი, სატრანსპორტო სექტორი, სახმელეთო საზღვრები, ისევე როგორც საჰაერო ფრენები ეტაპობრივად უნდა აღდგეს, რომ ქვეყანა იყოს მზად, სტუმრებს შესაბამისად უსაფრთხოების მაღალი ხარისხით უმასპინძლოს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ეკონომიკის სპეციალისტი და დამოუკიდებელი დეპუტატ ლევან კობერიძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ წამოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა ცარიელი ლაპარაკია და ის კონკრეტულ გეგმაზე გაწერილი არ არის.
„ქვეყანას უნდა ჰქონდეს ცუდი და კარგი სცენარი, სადაც კონკრეტული ციფრები და პროგნოზები იქნება გამოხატული. ეს უნდა იყოს სამოქმედო გეგმისთვის. ჯერ უნდა ვიცოდეთ 1 ივნისისთვის ეპიდემიოლოგირ სიტუაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რა პროგნოზი ექნება. პირველ რიგში ამ გეგმით უნდა ვიხელმღვანელოთ, რაც არ გვაქვს. ეპიდემიოლოგიური სურათი უნდა გვქონდეს. გეგმა „ა“ და გეგმა „ბ“. ეკონომიკური პოლიტიკა მემგონი ჩვენს ხელისუფლებას ცუდად ესმის.
“პირველი - ტურიზიმის ცალკე ეკონომკის სექტორიდან გამოყოფა სწორად არ მიმაჩნია. ბანკებს სესხის პროცენტის ფული ჩამურიგონ, არასწორი გადაწყვეტილებაა. პირველ რიგში უშალო დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება. თუ ხედვების სწორი გვექნება ამას ტურიზმიც აჰყვება და სხვა დარგებიც.
“ჯერ კიდევ კაცმა არ იცის ვის რას და როგორ მისცემენ. მთელს ამ ბლა-ბლაში ეკონომიკური პოლიტიკა არ ჩანს. პანდემიის შემდგომ, ახალი მსფლიო დღის წესრიგი უნდა დადგეს, თუ ჩვენი გეგმაა, რომ ის ფული რაც ბიუჯეტში გვაქვს, სხვადასხვა დარგებს ჩამოურიგოთ, უფრო დაანაშაული მგონია“,-ამბობს კობერიძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ეს არის „ოცნების“ წინასაარჩევნო გეგმა, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე ცდილობს, რომ გარკვეული სახის პოლიტიკური კამპანია აწარმოოს. კობერიძე ამბობს, რომ მკვდარი პოლიტიკური ცხოვრების ფონზეე ხელისუფლება ქულების დაწერას ცდილობს.