თამარ შუკვანი
07.05.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული შეზღუდვები ეტაპობრივად უქმდება. ქვეყანა ახალ, მისთვის მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის და პრაქტიკულად ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. თუმცა, არსებობს გარკვეული რისკებიც, რაც ტურიზმის გახსნის შესაძლებლობით აიხსენა. სპეციალისტების ნაწილის თქმით, დიდი რისკის მქონე სახელმწიფოებიდან საქართველოში შემოსულ მგზავრთა კონტროლი უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს.

11 მაისიდან იხსენება მიმოსვლა თბილისში, 14 მაისიდან - რუსთავსა და გარდაბანში და უკვე 18 მაისიდან მარნეულშიც. ამის ფონზე, საქართველო შეიძლება პირველი იყოს რეგიონში, რომელიც ტურიზმს გახსნის, თუმცა, მკაცრად გაკონტროლდება ქვეყანაში შემომსვლელი პირები, რომ ინფიცირებულის „გაპარვა" არ მოხდეს.

ამის გასაკონტროლებლად ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ ერთი საათი ექნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 7 მაისს განაცხადა.

„პირველი ივლისიდან, ჩვენი ტურისტული სექტორი, სატრანსპორტო სექტორი, სახმელეთო საზღვრები, ისევე როგორც საჰაერო ფრენები, ეტაპობრივად უნდა აღდგეს რომ ქვეყანა იყოს მზად სტუმრებს შესაბამისად, უსაფრთხოების მაღალი ხარისხით უმასპინძლოს," - აღნიშნავს პრემიერი.

რაც შეეხება ბიზნესების გახსნას, 11 მაისიდან იხსნება ყველა სახის წარმოება, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან, თუმცა, ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებს.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოყოს. ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და ა.შ. ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი გაძლიერდეს და საქართველოს საზღვრებზე სავალდებულო კარანტინი 1 საათამდე უნდა შემცირდეს.

„საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი და პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ტურიზმს, როგორც ასეთს, დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში," - დასძინა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენცია, როგორც ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურ განვითარების კუთხით. მნიშვნელოვანია ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც კოვიდის პრევენციასთანაა დაკავშირებული.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას იმ ერთგვარ მექანიზმზე საუბრობს, რაც შესაძლოა საზღვრებთან მგზავრების კონტროლისთვის იყოს გამოყენებული.

მისი თქმით, საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე გარკვეულ საფრთხეს შეიცავს, თუმცა, თუკი შემომსვლელები მკაცრად გაკონტროლდებიან, ინფიცირებულის შემოსვლის შესაძლებლობას ქვეყანა თავიდან აირიდებს.

„ალბათ, ტემპერატურის გაზომვა იქნება საჭირო და გამოიყენებენ სწრაფ ტესტს, რომელიც ერთ საათში კორონავირუსის დიაგნოსტიკას შეძლებს. შესაძლოა სწორედ ამაზე იყოს საუბარი. თუ არ შემოვიდა ინფექცია, გავრცელების რისკიც არ არსებობს, მაგრამ არ უნდა „გაეპაროთ" ინფექცია, სწორედ ამ რისკზეა საუბარი.

„თუკი მალევე მოხდება მისი ლოკალიზება, ეს გარკვეულწილად ინფექციის გავრცელებას აღკვეთავს. მთავარი არის, რომ გარედან არ შემოვიდეს ინფიცირებული პირი პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან, სადაც ყველაზე აქტიურად იყვნენ ამ საქმეში ჩართული, - იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და ა.შ. ისეთ ქვეყნებში, სადაც საერთოდ არ ყოფილა, ან ძალიან მცირე შემთხვევები იყო და დღეს უკვე აღარ ფიქსირდება ინფექციის არსებობა, ნაკლებად პრობლემატურია, ვიდრე ის, რომელიც დღემდე ინფექციის ქვეშ რჩება," - თქვა მან.

რაც შეეხება, მეორე ტალღის შესაძლებლობას, ირაკლი ხმალაძის თქმით, კოვიდ-19-ის განმეორების ალბათობა მცირეა და იგი პრაქტიკულად არ ელოდება მეორე ტალღას, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ინფექციას განმეორება ახასიათებს.

„მეეჭვება, რომ მეორე ტალღა იყოს, ან თუ იქნება, უსიმპტომო ფორმებიდან გადადებული, - შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ინფიცირებულია, მაგრამ კლინიკური ნიშნები არ აქვს.

„საერთოდ, ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე ვირუსულ ინფექციას, საუბარი მაქვს გრიპზე, თითქმის ყოველთვის მეორე ტალღა ახასიათებს, თუმცა, ამ ეტაპზე არ მგონია, ეს მოხდეს, რადგან, როდესაც გრიპის ინფექციის მეორე ტალღა იყო, იქ არ მომხსარა ასეთი ზომების მიღება, - არავინ დადიოდა პირბადით შარშან, რომ გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ებრძოლა.

"ახლა ხალხიც მობილიზებულია და გატარებულია შეზღუდვები. შესაბამისად, შეიძლება მეორე ტალღა არ იქნება და თუ იქნება, რამდენიმე შემთხვევა, რომელიც აბსოლუტურად უპრობლემოდ მოგვარდება," - აღნიშნა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×